ახალი ჩემპიონატი ახალი ნაკრებისათვის

AutoSharing Option
25-26 იანვარს სპორტკომპლექს "არენაში" ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობა ტარდება, რომელმაც, არსებითად, ახალი ნაკრები უნდა ჩამოაყალიბოს.

შარშან მათ ფრიად წარმატებული სეზონი ჰქონდათ - ნიკოლოზ ცეცხლაძე (50) და საჩინო დავითაია (66) ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) მესამეზე გავიდნენ. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო მათი გამოსვლა მსოფლიოს პირველობაზე, სადაც რევაზ ნადარეიშვილისა (84) და შოთა გოგისვანიძის (120) შეჩერება ვერავინ შეძლო, დათუნაშვილმა და დიხამინჯიამ ამჯერად ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ქემალ ხარაბაძე (60) კი მესამეზე გავიდა.

ამათგან წლეულს ახალგაზრდულში მხოლოდ
გოგისვანიძე და ცეცხლაძე დარჩნენ, თუმცა მანაც წონა შეიცვალა და ამჯერად 55-ში გამოვა. ასევე უფროსებში გადავიდა სერგო გოგისვანიძეც (120), თუმცა ყველაზე დიდი დანაკლისი მაინც 96-მა კილოგრამმა განიცადა - დიხამინჯიას გარდა, ამ ნაკრებში გამოსვლა დაასრულეს უფროსთა მსოფლიოს პირველობის შარშანდელმა მონაწილე ირაკლი ქაჯაიამ და მისმა ძმამ მიხეილ ქაჯაიამ.

სამაგიეროდ, დარჩა მათი ბიძაშვილი იაკობ ქაჯაია და, სავარაუდოდ, წლეულს წონის ლიდერობასაც ის ჩაიბარებს. ასევე რჩებიან გიორგი დავითაია (66) და ფირუზ წულუკიძე (60), რომელმაც დეკემბერში უფროსებში საქართველოს პირველობის ფინალში მართლაც შესანიშნავი ბრძოლა გაუმართა ირაკლი ჭოჭუას, თუმცა მაინც დამარცხდა.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდულის თავკაც ვლადიმერ ადეიშვილის დანაკლისი ძალიან დიდია. მით უფრო, რომ ლიდერთა გარდა, უფროსებში მეორე-მესამე ნომრებიდანაც ბევრი გადავიდა. თუმცა სხვა გზა არაა - ასაკობრივ ნაკრებებს თაობათა ცვლის პრობლემა გამუდმებით აწუხებთ, მაგრამ არსებობს მისი მოგვარების საშუალებაც ახალი კადრების აღზრდის გზით. იმედია, ამჯერადაც ასე მოხდება, მით უფრო, რომ ბერძნულ-რომაულში უდაოდ ნიჭიერი თაობა მოდის.

25 იანვარს 50, 66, 84 და 120 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 26-ში იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული