საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენაში" გუშინ დამთავრდა ახალგაზრდა მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი. ამ ასაკის ნაკრებმა შარშან ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, მაგრამ წლეულს თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი განიცადა - შარშანდელი ლიდერებიდან გუნდში თითო-ოროლა დარჩა.

იმათგანაც ერთმა, ყველაზე გამორჩეულმა ვერც იასპარეზა - ახალგაზრდებში მსოფლიოს მძიმეწონოსანი ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე ეროვნულ ნაკრებს ახლდა შეკრებაზე. ამ სიახლეების გამო საინტერესო იყო, როგორს ვიხილავდით ახალ ნაკრებს, რომლის ბირთვიც ამ ტურნირს უნდა გამოევლინა. წინასწარ ვიტყვით - არცთუ მცირე რაოდენობის მაყურებელმა საკმაოდ მაღალი დონის ჭიდაობა იხილა და გაგვიჩნდა რწმენა, რომ ურიგო სეზონი არც წლეულს
გვექნება.

ნებისმიერი ტურნირის დანიშნულება ახალი სახეების წარმოჩენაა, თუმცა ამ შეჯიბრებაზე ეს თითქმის არ მომხდარა - მედალოსანთა უმრავლესობა მწვრთნელ-სპეციალისტებისთვის კარგად ნაცნობები არიან, რომლებიც ადრე იქნებ წონების ლიდერები არ იყვნენ, მაგრამ მეორე-მესამე ნომრებად კი გვევლინებოდნენ და წლების განმავლობაში ასაკობრივ ნაკრებებში ვარჯიშობდნენ. თუმცა ახალი სახეების ვერწარმოჩენასაც აქვს თავისი მიზეზი - საბედნიეროდ, ახალგაზრდებში კონკურენცია იმდენად გაიზარდა, ბრძოლით მოპოვებულ ადგილს იოლად არავინ დაგითმობს.

ამდენად, იქნებ დღევანდელი პრიზიორები გუშინ ვერ ხვდებოდნენ ევროპა-მსოფლიოზე, მაგრამ მათ შეინარჩუნეს სტაბილურობა და ფავორიტთა ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ლიდერობა გადაიბარეს. მწვრთნელებისთვის ახალი სახე 60 კილოგრამში მეორეზე გასული ნორიოელი სულხან ნიკოლიშვილი აღმოჩნდა, რომელსაც აქამდე არავინ იცნობდა.

მთელ რიგ წონებში ძველმა სახეებმა გაიმარჯვეს, თუმცა ეს ყველაფერი არც იყო მოულოდნელი. დაგვეთანხმებით, იაკობ ქაჯაიას (96) და ფირუზ წულუკიძეს (66) რომ არ მოეგოთ, სხვა შედეგი მათთვის წარუმატებლობა იქნებოდა - ჭაბუკებში ევროპის ვერცხლის მედალოსან ქაჯაიას შარშანაც კარგი სეზონი ჰქონდა და უფროსებშიც კი კარგად ჭიდაობდა და ამჯერადაც დამაჯერებლად მოუგო მეტოქეებს.

ჭაბუკებში ევროპის ორგზის ჩემპიონი წულუკიძე კინაღამ უფროსებში გახდა საქართველოს ჩემპიონი და ახლა მისი გამარჯვება მოსალოდნელიც იყო. ქვეყნის იმ პირველობაზე 60 კილოგრამში გამოდიოდა და ფინალში გავიდა, იქაც ძალიან კარგად იჭიდავა, მაგრამ გამოცდილ ირაკლი ჭოჭუასთან მაინც დამარცხდა.

ასევე მოსალოდნელი იყო 84 კილოგრამში დავით ჩაკვეტაძის გამარჯვება, რომელმაც რევანშიც აიღო. ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჩაკვეტაძე ბოლო წლებში ახალგაზრდებსა თუ უფროსებში მუდმივად პრიზიორთა შორის იყო, შარშან კი ახალგაზრდებში მეორეზე გავიდა - ფინალი ნორიოელ რობერტ ქობლიაშვილთან წააგო.

ქობლიაშვილმა ახლაც კარგად იჭიდავა და ფინალშიც გავიდა ანუ ამ წონაში შარშანდელი ფინალი განმეორდა, თუმცა ამჯერად ჩაკვეტაძემ იმარჯვა. ამ ერთი წლის განმავლობაში ქუთაისელს უფრო დაუხვეწია ტექნიკა და ჩოქბჯენი კარგად მოიგო - პირველ პერიოდში თავი დაიცვა და მეტოქეს ქულა არ დაანება, მეორეში კი მშვენივრად აიყვანა ლეიბიდან, ჰაერშიც კარგად გაისწორა ხელში და 3-ქულიანზე უპრობლემოდ გადააგდო.

გამარჯვებულთა შორის რამდენიმე ისეთი სახელიცაა, რომლებსაც სპეციალისტთა ვიწრო წრე კი იცნობდა, ქომაგისთვის კი ახალია. მაგალითად, ქუთაისელი დავით სანიკიანი (50) და თბილისელი ლევან არაბული (120). სასიხარულოა, რომ თავი ჭაბუკთა ნაკრებიდან გადმოსულებმაც გამოიჩინეს - ევროპის შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ლაშა გობაძემ 74-ში გაიმარჯვა (თან წონა დაიკლო - შარშან ის 76-ში ასპარეზობდა), ხოლო რამაზ სურმანიძე, ედნარ შავაძე (ორივე - 55) და ამირან შავაძე (60) წინა წლებში იმკიდნენ იქ მედლებს.

ყოფილი "ჭაბუკებიდან" კიდევ ერთს გამოვარჩევთ - ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონი ნიკა ცეცხლაძე შარშან ახალგაზრდებში მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი გახდა, მაგრამ მაშინ ის 50 კილოგრამში ჭიდაობდა, ახლა კი 55-ში გამოვიდა და ბრინჯაო მოიპოვა. ვინ იცის, პირველივე წრეში სურმანიძეს რომ არ შეხვედროდა...

ქომაგებიც და მწვრთნელებიც ინტერესით ელოდნენ მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის შვილის - ზურაბ გედეხაურის გამოსვლას მძიმე წონაში. აქ ბევრი მონაწილე არ გამოდიოდა - მხოლოდ 8 იყო.

გედეხაურს ჭაბუკთა ნაკრებში ფრიად აქებდნენ და ურიგოდ არ უჭიდავია, ფინალშიც გავიდა, თუმცა მაინც გამოჩნდა გარკვეული ნაკლოვანებები, რაც ასაკობრივი სხვაობითაა გამოწვეული - გედეხაური ჯერ 16 წლისაა, პირველად ჭიდაობდა ახალგაზრდებში, მეტოქეები კი რამდენიმე წლით უფროსები იყვნენ. ფიზიკურადაც კარგი მონაცემების პატრონია, მაგრამ ფინალში არაბულმა იოლად დაჯაბნა. უპირველესად - ძალით და გამოცდილებით. განსაკუთრებით ნიშანდობლივი მეორე პერიოდი იყო, როცა არაბულმა ორჯერ, უბრალოდ, გააგდო წრიდან და ასე მოიპოვა ორი ქულა.

ბუნებრივია, ჭიდაობის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებებამდე საკმარისი დრო რჩება და ეს კომპონენტი კიდევ უფრო დაიხვეწება, მაგრამ სასიამოვნოა, რომ კონკურენცია, დაძაბულობა და დიდი სიმჭიდროვე ამჯერადაც იგრძნობოდა. ბოლო დროს ჭიდაობაში საგრძნობი გამოცოცხლებაა, წამოვიდა ძალიან ნიჭიერი თაობა და ეს ტენდენცია წლეულსაც გაგრძელდება.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ადეიშვილს გავესაუბრეთ: "კმაყოფილი ვარ, კარგი ტურნირი გამოდგა და ვიმედოვნებ, წლეულსაც კარგი ნაკრები გვეყოლება. შეიძლება, შარშანდელის მსგავსი გუნდი არ იყოს, რადგან მუდმივად მსოფლიოს ჩემპიონობა ძნელია, მაგრამ ნაკლები ნაკრებიც არ უნდა შეიკრიბოს.

ახალი სახეებიდან მხოლოდ სულხან ნიკოლიშვილს დავასახელებ, თორემ წინა წლებიდან ყველას ვიცნობ, შეკრებებზე ჩემთან ემზადებოდნენ.

აქედან გამომდინარე, ჩემპიონატის დაწყებამდეც ლამის 99 პროცენტით ვიცოდი, ვინც წარმატებით იჭიდავებდა, თუმცა მისასალმებელია, რომ იმ ძველებმაც კარგად იასპარეზეს, ჭიდაობის ხარისხი არ იყო ცუდი. თუმცა საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება ნაკრებში მოხვედრას არ ნიშნავს.

საამისოდ მათ ჯერ კიდევ მოუწევთ შრომა. მით უფრო, რომ ზოგიერთ წონაში რეალობა არ მომეწონა. მაგალითად, 55-ით არ დავრჩი კმაყოფილი, 60-შიც შესაცვლელია რაღაცები. მძიმე წონაშიც კარგი ხალხი გამოჩნდა - არაბული საგრძნობლად გაიზარდა, გედეხაურმა კი პირველად იჭიდავა ახალგაზრდებში და, იმედია, ის გაისად უკვე შეძლებს ლიდერობას.

ჩვენი უახლოესი გეგმები ასეთია: მალე მივდივართ ბაკურიანში, მერე კი რიგის ტურნირია. ამას თურქული შეჯიბრება მოჰყვება, მაგრამ ხელმძღვანელობასთან უკვე მაქვს მოლაპარაკება კიდევ ერთი ზედმეტი ტურნირის თაობაზე - ეს აუცილებელია. მოგეხსენებათ, წლეულს მსოფლიოს თასიც დაგვემატა, ერთი გუნდით კი ყველგან ვერ ვიჭიდავებთ. თან ეს თასი ევროპის პირველობიდან ერთ კვირაში ტარდება, მსოფლიო კი ცოტა მოგვიანებით - სექტემბერში გადაიტანეს. წლეულსაც გავაგრძელებთ შარშან აპრობირებულ მიდგომას, რომელმაც გაგვიმართლა.

მაშინ ლიდერები მსოფლიოს პირველობისთვის შემოვინახეთ, ევროპაზე კი შანსი სხვებსაც მივეცით, წლეულსაც ასეც გავაკეთებთ" - გვითხრა მან.

კვარცხლბეკი
50 კგ. 1. დავით სანიკიანი (ქუთაისი), 2. გიზო მელაძე (აჭარა-ოლ.მზ.ეროვ.ცენტრი), 3. ირაკლი შავაძე (აჭარა), ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო).
55 კგ. 1. რამაზ სურმანიძე (აჭარა-ომეც), 2. აბესალომ ქათამაძე (წყალტუბო-ომეც), 3. ედნარ შავაძე, ნიკა ცეცხლაძე (ორივე - აჭარა).
60 კგ. 1. ამირან შავაძე (აჭარა), 2. სულხან ნიკოლიშვილი (ნორიო), 3. ხვიჩა ჩიტავა (სენაკი-ომეც), კვაჭაძე თემურ (ოზურგეთი).
66 კგ. 1. ფირუზ წულუკიძე (აჭარა), 2. გიორგი დავითაია, 3. თენგიზ ფარცვანია (ორივე - სენაკი), თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი).
74 კგ. 1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი), 3. რობერტ რასოიანი (თბილისი), ზეზვა აბრამაშვილი (ნორიო).
84 კგ. 1. დავით ჩაკვეტაძე (ქუთაისი), 2. რობერტ ქობლიაშვილი (ნორიო), 3. ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო), ლაშა შალიკაშვილი (თბილისი).
96 კგ. 1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო), 2. ბექა ქურცაძე (ქუთაისი), 3. ბექა კანდელაკი, კუკური კირცხალია (ორივე - თბილისი).
120 კგ. 1. ლევან არაბული (თბილისი), 2. ზურაბ გედეხაური (გარდაბანი), 3. გიორგი ხაბაშვილი (რუსთავი), მუხრან ჭანკურიძე (აჭარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული