ბეგი დარჩიამ იქ მთავარი გუნდი წაიყვანა, ზოგიერთ წონაში კი რამდენიმე ფალავანიც ჰყავს.
დღესვე ტურნირში ბერძენ-რომაელთაგან 74 და 96-ის მოჭიდავეები ჩაებნენ და წარმატებითაც - 4-ვე მათგანმა მედალი მოიპოვა. სოსო ჯაბიძე (96) ჩემპიონი გახდა, მანუჩარ ცხადაია (74) მეორეზე გავიდა, ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) - მესამეზე.
ეტყობა, ჯაბიძემ საბოლოოდ მოიშუშა საქართველოს
74-ში ქართველები ერთმანეთს არ შეხვედრიან, ორივე კი მომავალ ჩემპიონთან, ბულგარელ ილიან გეორგიევთან დამარცხდა. ცხადაიამ, რომელიც ამ წონასაც კარგად ერგება, ტურნირი მასპინძელ დანიელ ალექსანდროვთან ძლევამოსილი მოგებით დაიწყო - პირველ პერიოდში 7:0 აჯობა. სერბი გორან ბულატოვიჩი, ებრაელი ილია შაფრანი და ლატვიელი ალექსანდრს ვისნაკოვსი მისი შემჩერებლები არც არიან და ჩვენებურმა იოლად, ძირითად დროშივე მოუგო სამივეს. მან ფინალიც კარგად დაიწყო გეორგიევთან და თავიდან 5:0 აჯობა, მაგრამ მომდევნო ორი პერიოდი 0:2 დათმო და საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა. მისასალმებელია, რომ ის ახალ წონაშიც აჩვენებს შედეგს, თუმცა აქ დროებით ჭიდაობს, საოლიმპიადოდ კი მშობლიურ 66-ს დაუბრუნდება.
დათუნაშვილმა ირანელ მერდად ბაჰრამის ჯამში 3:0 მოუგო, თუმცა გეორგიევთან ვერაფერს გახდა და 1:5 დამარცხდა. სამაგიეროდ, დამამშვიდებელში იყოჩაღა - ბულგარელ ივაილო საიკოვს დამატებითში 5:1 აჯობა, შვედ რობერტ როსენგრენს ორ პერიოდში 5:0 მოუგო, სომეხ ვარშან ბოკანიანს კი 4:0 სძლია. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან წლეულს გადმოსული ფალავანი უფროსებშიც წარმატებით ჭიდაობს.
რატომღაც გუშინ არ უჭიდავია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიას (74).
4 თებერვალს ჩვენებურთაგან ირაკლი ჭოჭუა (60), ვლადიმერ გეგეშიძე, რევაზ ნადარეიშვილი (ორივე - 84), სერგო გოგისვანიძე და გურამ ფერსელიძე (ორივე - 120) იჭიდავებენ. წილისყრამ ჭოჭუას მეტოქედ ირანელი ბენამ მორადიბალოოტესარი არგუნა, ნადარეიშვილს - მოლდოველი იური მალაი, გეგეშიძეს - სომეხი ჰრაჩ ჰოვანისიანი. ფერსელიძე თავიდან მარიუს გრიგელისთან იჭიდავებს, გოგისვანიძე - მილოსლავ მეთოდიევთან.
ხვალ ჩვენებურთაგან 55-ში საექპერიმენტოდ ჩამონაცვლებული ქემალ ხარაბაძე და პაატა ბაკურიძე (66) იასპარეზებენ.
ტურნირი იმაზე არანაკლები სიძლიერისაა, ვიდრე წინა კვირას სტამბოლში გამართული ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" შეჯიბრება იყო - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის 20-მდე ჩემპიონი გამოდის. ამ მემორიალზე სპორტს უბრუნდება წითური სომეხი არა აბრაჰამიანი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები შვედეთში გაატარა და სკანდინავიელებს ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, თითოჯერ მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლი, ორჯერ კი ევროპული ვერცხლი და ერთხელ ევროპული ბრინჯაო მოუტანა. ამ წარმატებებს მან 84 კილოგრამში მიაღწია, ახლა კი 37 წლის (!) ათლეტს 96-ში ჭიდაობა გადაუწყვეტია.
კიდევ ერთხელ გაგვაოცა "ეგვიპტელმა მუმიამ", ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსანმა კარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმმა (96). მას პეკინის ოლიმპიადის შემდეგ შარშანდლამდე არსად ეჭიდავა, შარშან კი აგვისტოში პოლონეთის ტურნირზე გამოჩნდა, თუმცა - წარუმატებლად, მერე კი მოულოდნელად წონა დაიკლო და დეკემბერში 84 კილოგრამში არაბული თამაშები მოიგო. ეს მაინცდამაინც ძლიერი შეჯიბრება არ იყო და ახალ წონაში მისი გამარჯვება ამას მივაწერეთ, თუმცა ეგვიპტელი სოფიაშიც 84-ში ჭიდაობს. როგორც ჩანს, 33 წლის სპორტსმენმა საბოლოოდ გადაწყვიტა ამ წონაში დამკვიდრება. პრაქტიკულად, მან და აბრაჰამიანმა წონითი კატეგორიები გაცვალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"