მედლები მედლებად, მთავარია ხარისხი

AutoSharing Option
სოფიიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გამართა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის 50-ე ტრადიციულ მემორიალში 6 მედალი - სამივე სინჯის 2-2 ჯილდო მოიპოვა.

ჩემპიონები ვლადიმერ გეგეშიძე (84) და სოსო ჯაბიძე (96) გახდნენ, ქემალ ხარაბაძე (55) და მანუჩარ ცხადაია (74) მეორეზე გავიდნენ, ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) - მესამეზე. ბრინჯაოს მედლისთვის პაატა ბაკურიძემაც (66) იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

მედლები მედლებად და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ჭიდაობის ხარისხითაც კმაყოფილია. შარშანდელზე ბევრად მაღალი
დონეაო, აღნიშნა მან, გუნდის გამოსვლა კი ასე შეაფასა: "ეს ტურნირი სეზონის კარგი დასაწყისი იყო. სოფიაში პირველი-მეორე ნომრები წავიყვანეთ, მესამე ნომრებმა კი ცოტა ხნის წინათ თურქეთში იასპარეზეს და ორი ვერცხლიც დაიმსახურეს. ამდენად, ყოველ წონაში უკვე გამოიკვეთა ძირითადი ბირთვი. შარშანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა - პოტენციალიც დიდია და, რაც მთავარია, ბიჭებში მონდომებაც გაიზარდა. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის, აგრეთვე სოფიაში ნაჩვენები შედეგისთვის. თავდადებისა და შრომის გარეშე წარმატების მიღწევა გამორიცხულია.

კონკრეტულად ამ ტურნირს რაც შეეხება, ჩემპიონებმა ბრწყინვალედ იჭიდავეს, იბრძოლეს და შედეგიც სასურველი მიიღეს. საგანგებოდ მინდა გამოვყო ქემალ ხარაბაძე, რომელიც ექსპერიმენტისთვის გამოვიყენეთ და ქვედა წონაში ვაჭიდავეთ. ამან გაამართლა და მართლაც დაჩაგრა მეტოქეები. მართალია, ამჯერად წონის ყველა ლიდერი არ გამოდიოდა, მაგრამ მაინც ძლიერი მოჭიდავეები იყვნენ, მათ შორის - ევროპის ჩემპიონიც. სამწუხაროდ, ფინალი მსაჯთა არაობიექტურობის გამო წააგო. ამ წონაში უკვე ორი ლიდერი გვყავს - ხარაბაძე და გოგიტაძე, თუმცა სალიცენზიო ტურნირებში არც გოდერძი დავითაძეს გამოვრიცხავთ.

სოფიაში ახალგაზრდებმაც კარგად იასპარეზეს - დათუნაშვილმა, დიხამინჯიამ. ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი 84-ში ამჯერად კი დამარცხდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, გამოცდილებას შეიძენს და, ვიმედოვნებთ, სამომავლოდ ისიც მოიპოვებს გამარჯვებებს.

ჩვენ თაობათა ცვლის პროცესი განვიცადეთ და მისასალმებელია, რომ ჭიდაობის ხარისხი გაუმჯობესებულია. სალიცენზიო ტურნირებზე ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალური რაოდენობის საგზურების მოსაპოვებლად, თუმცა მთავარი არა ლიცენზია, არამედ ოლიმპიური მედალია. აქედან გამომდინარე, უმთავრესი სამიზნეც ოლიმპიური ოქროა".

მოჭიდავეებს წარმატება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმაც მიულოცეს. საჭიდაო პროგრესი გეწაძემაც აღნიშნა და ფალავნებს დაჰპირდა, ოღონდ კი მოინდომეთ და ყველანაირ პირობას შეგიქმნით მოსამზადებლად, ევროპის პირველობასა თუ ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსასვლელადო. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ყაზარაშვილი არბიტრადაც იყო მიწვეული სოფიაში და ხარაბაძის წინააღმდეგ მსაჯთა არაობიექტურობას მანაც გაუსვა ხაზი. თურმე შეჯიბრების დასრულების შემდეგ ბულგარელებმა კიდეც მოიბოდიშეს ამის გამო, მაგრამ ეს უკვე შედეგს ვერ ცვლიდა.

პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონ მანუჩარ ცხადაიას გამოსვლასაც შეეხნენ. დარჩიამ ის ზედა წონაში აჭიდავა და წინასწარ შეხვედრებში კარგი ასპარეზობის მიუხედავად მწვრთნელმა მაინც არ შეაქო. მიზეზად ის დაასახელა, რომ ფინალში, როცა პირველი პერიოდი 5:0 მოიგო, პუბლიკაზე დაიწყო ჭიდაობა და საბოლოოდ წააგოო.

მას მიუთითეს, რომ ეს ჩვევა თავიდან უნდა ამოიგდოს და უპირველესად, შედეგზე იზრუნოს. ცხადაიას უთხრეს, რომ მაყურებელზე და შოუზე ჭიდაობიდან წასვლის შემდეგ უნდა იფიქროს და თან დაჰპირდნენ, იქ მოხვედრაში ჩვენც დაგეხმარებითო. მართალია, ეს ხუმრობით უთხრეს, მაგრამ... ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო, ხომ იცით.

დარჩიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი რევაზ ლაშხი კონტინენტის წლევანდელ პირველობაზე 66-ში, ცხადაია კი 74-ში იჭიდავებენ, თუმცა საოლიმპიადოდ ორივე თავის წონას დაუბრუნდება. მისი თქმით, ხარაბაძის 55-ში დატოვება საბოლოოდ გადაწყდა და ამაზე სპორტსმენიც თანახმაა, თუმცა ამ შემთხვევაში ღიად რჩება 60 კილოგრამი, რადგან საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ჭოჭუა სოფიაში ცუდად გამოვიდა. ვის დააყენებს ამ წონაში ევროპაზე, დარჩიამ ჯერ გადაჭრით ვერ გვიპასუხა, არ ვართ ჩამოყალიბებულნიო, ჭოჭუასთან მიმართებაში კი დაამატა, მას ძალიან უნდა ევროპის ჩემპიონატის მოგება და ვცდილობთ, ყველანაირად გავუგოთო. ოღონდ ისიც დასძინა, მისი გამოსვლით არ ვართ კმაყოფილნიო.

გეწაძემ უკმაყოფილება ყველა იმ ფალავანზე გამოთქვა, რომლებიც ბულგარეთში უმედლოდ დარჩნენ, უპირველესად კი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას შეეხო, რომელმაც ამჯერად წონითი პრობლემის გამო 84-ში იჭიდავა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ოლიმპიადის შემდეგ სერიოზული შედეგი არ ჰქონია, ხოლო ახლა მისგან სამეულს ელოდნენ. გეწაძემ დაამატა, რომ ისინი კვირკველიაში ხედავენ იმ პოტენციალს, რაც ოლიმპიადაზე წარმატებას მოგვიტანს.

ევროპის ჩემპიონატი 6-11 მარტს ბელგრადში ტარდება. იქამდე ჩვენები ტურნირებში აღარ გამოვლენ და მთლიანად საშეკრებო ეტაპზე გადავლენ, ორ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას გაივლიან.

პირველს - მინსკში, "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე, სადაც მათთან ერთად კიდევ რამდენიმე გუნდი ივარჯიშებს. ჩვენები იქ დღეს მიფრინავენ ყოველ წონაში ორ-ორი ანუ 14 კაცით და ზუსტად ორ კვირაში უკან დაბრუნდებიან, დასკვნით შეკრებას კი დუშეთში გაივლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული