ქართველი ბერძენ-რომაელები ევროპაზე ძველი გუნდით

AutoSharing Option
ბერძენ-რომაელთა ნაკრების დამრიგებელმა ბეგი დარჩიამ დაასახელა 6-12 მარტს ბელგრადში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა. ქემალ ხარაბაძე (55), ირაკლი ჭოჭუა (60), რევაზ ლაშხი (66), მანუჩარ ცხადაია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), გურამ ფერსელიძე (120) - აი, ამ ხალხს დაეყრდნობა მწვრთნელი ბელგრადში.

როგორც ვხედავთ, ეს ადრევე შეგულებული ის ძველი გუნდია და მასში სიახლეები არ შესულა. არადა, ბოლო ხანებში იყო ლაპარაკი, რომ მწვრთნელს შემადგენლობაში ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილის (74) ჩართვა სურდა, რაც ავტომატურად გამოიწვევდა სხვა გადაადგილებებსაც. კერძოდ, ცხადაია და ლაშხი,
რომლებიც ახლა ზედა წონებში გამოდიან, თავის წონებს დაუბრუნდებოდნენ.

ამ საკითხზე ხანგრძლივი სჯა-ბაასი იმართებოდა და საბოლოოდ მაინც ძველ ვარიანტზე შეჩერდნენ. აქ მთავარი ცხადაიას საკითხი იყო, რომელსაც ძალიან ბევრის დაკლება მოუწევდა. ამასთან მან საქართველოს ჩემპიონატის ფინალში პირადი შეხვედრა მოუგო დათუნაშვილს, უნგრეთში კი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ცხადაიამ შედეგით აჯობა. ამიტომ გული არც მას დასწყვიტეს და არ დატოვეს ევროპის ჩემპიონატის მიღმა.

ცხადაიას და ლაშხის გარდა, თავისთვის უჩვეულო წონაში გამოდის ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ხარაბაძე. ახალგაზრდულ ნაკრებში ის 60 კილოგრამში ჭიდაობდა, მაგრამ 55-ში შექმნილი გადაუჭრელი საკადრო ცვლილებების გამო მწვრთნელებმა მისი იქ დაყენება გადაწყვიტეს. მით უფრო, წონაც ხელს უწყობს და ბევრის დაკლება არ მოუწევს.

საბედნიეროდ, ჯანმრთელად არიან გეგეშიძე და ჯაბიძე, რომლებსაც ბოლო წლებში ძალიან ბევრი გაუცდათ ტრავმების გამო. ჯაბიძემ საქართველოს ჩემპიონატზეც იტკინა ნეკნი და ფინალი ძლივს ჩაამთავრა, თუმცა ახლა ყველაფერი უკან დარჩა და ორივე ჯანმრთელადაა.

სამაგიეროდ, გაცივდა ფერსელიძე, თუმცა, იმედია, ბელგრადულ ბატალიებამდე ესეც მოგვარდება. ბერძენ-რომაელები სერბეთში 8 მარტს გაფრინდებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სალიცენზიო ქულებს ან პირდაპირ საგზურს არ იძლევა. ამიტომ მოჭიდავეებისთვის მთავარი მაინც სალიცენზიო ტურნირებია.

პირველი მათგანი - ევროპის საკვალიფიკაციო შეჯიბრება 20-22 აპრილს სოფიაში გაიმართება და იქ ორი ლიცენზია გაიცემა. აქედან ერთ კვირაში ჩინურ ტაიუანში მსოფლიოს სალიცენზიო ტურნირია, სადაც სამი საგზური გაიცემა (ბრინჯაოს მედალოსნები ერთმანეთში იჭიდავებენ), 4-6 მაისს კი ჰელსინკში ისევ მსოფლიოს სალიცენზიო შეჯიბრება ჩატარდება, სადაც ლონდონის კარს ორი ბედნიერი შეაღებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ტურნირი ერთმანეთის მიყოლებით ტარდება, მწვრთნელები ერთბაშად რამდენიმე კადრს ამზადებენ, რადგან სამ კვირაში სამი შეჯიბრება ვინმემ მაღალ დონეზე იჭიდაოს, ლამის წარმოუდგენელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბიძე მაგარ ფორმაშია და ალბათ პრიზიორი გახდება
lasha
18:38 05-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული