უკვე ვწერდით, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოღებულმა ლიცენზირების წესმა, რაც ყოველ მონაწილეზე 210-დოლარიან გადასახადს ითვალისწინებს, შეჯიბრებას თავისი დაღი დაასვა - ძველებურად მრავალრიცხოვანი ვერ იყო, მაგრამ ვინც ჩამოვიდა, ყველა გამოირჩეოდა მომზადებით და მთლიანობაში, ძლიერი ტურნირი გამოდგა.
მწვრთნელები ამ სტარტს 17-22 ივლისს პოლონურ კატოვიცეში გასამართი ევროპის ჭაბუკთა პირველობისთვის იყენებენ და ამიტომ მონაწილეობისთვის ამხელა თანხა მხოლოდ იმათ გადაუხადეს, ვისაც ევროპაზე მოხვედრისა და წარმატების შანსი აქვს.
საბოლოოდ რუსთავში 10-ამდე
ეს შეჯიბრება ერთ-ერთია საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში შეტანილი ორადორი ქართული ტურნირიდან და მას FILA-ც სათანადოდ მოეკიდა - დელეგატად ოლიმპიური კატეგორიის მსაჯი სამველ ჰარუთინიანი მოავლინა სომხეთიდან, რაც არბიტრთა კორპუსისთვის დიდი დახმარება იყო.
მსაჯთა შორის კიდევ ერთი იყო ოლიმპიური კატეგორიისა - რუმინელი ოვიდიუ ლაზარი, რომელიც თავისი ქვეყნის მცირერიცხოვან გუნდს ჩამოჰყვა, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი.
ტურნირი კი გამოდგა ძლიერი, მაგრამ მასპინძლებისგან მაინც ცოტა მეტს ველოდით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენზე მეტი წარმატებით აზერბაიჯანელები გამოვიდნენ - მათ 4 ოქრო მოიპოვეს, ჩვენ - 3. თან, შარშანდელის დარად, შეჯიბრების მთავარი პრიზი - თემურ ყაზარაშვილის სახელობის თასი წლეულსაც მათ წაიღეს ბაქოში.
ამჯერად ის 50 კილოგრამში გამარჯვებულ სეიმურად ალიზადეს გადაეცა.
რუსთავიდან უკმაყოფილო არც სომხები წავიდოდნენ, რადგან მათაც 3 ჩემპიონი გაუხდათ. ისე, ჩვენი უშუალო მეზობლები იმ მცირერიცხოვანთა შორის იყვნენ, რომლებიც სრული გუნდებით ჩამოვიდნენ.
სტუმრებმა განსაკუთრებით 76 კილოგრამში დაგვჩაგრეს, სადაც მედალი საერთოდ ვერ მოვიპოვეთ.
სამაგიეროდ, 85-სა და 100-ში კვარცხლბეკზე სულ ქართველები ავიდნენ, ოღონდ 100-ში მონაწილეთა სიმცირის გამო ერთი ბრინჯაო არ გათამაშდა, 85-ში კი კვარცხლბეკზე ასული ოთხი ქართველიდან ერთი - ვლადიმერ შავლოხაშვილი რუსეთს წარმოადგენდა. ის იქაა გაზრდილი, თუმცა ქართულად კარგად ლაპარაკობს და საქართველოში გადმოსვლის სურვილიც ჰქონია.
მან ამ წონაში ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, სახელოვანი მწვრთნელის - დავით დავითაიას შვილიშვილი ნიკოლოზ კახელიშვილი დაგვიმარცხა, რომელიც მესამეზე გავიდა. ამავე წონაში ასევე ბრინჯაოთი შედგა ახლო წარსულში ქუთაისელი ცნობილი - გიორგი ჯინჭველაშვილის შვილის ნათლობა, რომელიც მამის მოსახელეა.
ეს წონა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვაჟა კრავეიშვილის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი გახდა - სულხან ბუიძე ცუდი მოჭიდავე არაა, მაგრამ პირად შეხვედრებში კახელიშვილს მასთან უპირატესობა აქვს.
ჩვენი ნაკრების მზადების პროცესში ეს ერთ-ერთი ბოლო ტურნირი იყო ევროპის პირველობისთვის, იქ წასაყვანი კადრების გამოსავლენად. ბირთვი უკვე ცნობილია, მაგრამ რამდენიმე წონაში კვლავაც რჩება გადაუჭრელი კონკურენცია.
კვარცხლბეკი
42 კგ. 1. ვაჰე სარქისიანი (სომხეთი), 2. ფეირბაკ გესურასი (ლიტვა), 3. თემურ შავაძე (საქართველო), მანუკ შახრაზიანი (სომხეთი).
46 კგ. 1. ელჩინ მამედოვი, 2. მიხაილ რახმანოვი (ორივე - აზერბაიჯანი). 3. გიორგი კურტანიძე (საქართველო), გევორგ ომარხანიანი (სომხეთი).
50 კგ. 1. სეიმურად ალიზადე (აზერბაიჯანი), 2. ირაკლი შავაძე, 3. ნუკრი ლომაძე, რამაზ ზოიძე (სამივე - საქართველო).
54 კგ. 1. არმენ მელიქიანი (სომხეთი), 2. გიორგი გუჯაბიძე, 3. გიორგი ხუჭუა (ორივე - საქართველო), ირაჯა ჰასანზადე (აზერბაიჯანი).
58 კგ. 1. მურად მამადოვი (აზერბაიჯანი), 2. ლაშა ებილაშვილი, 3. გიორგი ტოტიკაშვილი (ორივე - საქართველო), რაზმიკ ერახჩიანი (სომხეთი).
63 კგ. 1. მურთაზ ჩაბრავა (საქართველო), 2. ვან გალაჩიანი (სომხეთი), 3. გიორგი ჯაფარიძე (საქართველო), რუხინა მიხაილოვი (აზერბაიჯანი).
69 კგ. 1. მარკო მარკოსიანი (სომხეთი), 2. შამისტან გულიზადე, 3. რაფიკ ბაგიროვი (ორივე - აზერბაიჯანი), ნუკრი შავაძე (საქართველო).
76 კგ. 1. ისლამ აბასოვი, 2. ორხან ნურიევი, 3. ელმადინ რამაზანოვი (აზერბაიჯანი), არუთინ მიქაელიანი (სომხეთი).
85 კგ. 1. სულხან ბუიძე (საქართველო), 2. ვლადიმერ შავლოხაშვილი (რუსეთი), 3. ნიკოლოზ კახელიშვილი, გიორგი ჯინჭველაშვილი (ორივე - საქართველო).
100 კგ. 1. ზვიად პატარიძე, ბექა კანდელაკი, 3. ჯემალ რიჟამაძე (სამივე - საქართველო).
აზერბაიჯანელთა დომინირებით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"