ამას შედეგებითაც ადასტურებს - შარშან დორტმუნდში ევროპის პირველობა მოიგო, წლეულს კი ოლიმპიადის ფინალში გავიდა.
ცხადია, ამ ორმა, განსაკუთრებით კი ლონდონურმა წარმატებამ თავდაჯერება, საკუთარი თავის რწმენაც შემატა და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელოდება. მით უფრო, ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ასაკიც ხელს უწყობს. თან მსოფლიოს ჩემპიონატის სიმაღლე კვლავაც ასაღები აქვს ანუ მოტივაცია საკმაოზე მეტი გააჩნია.
რევაზ ლაშხი სალმიანი და ყურადღებიანი პიროვნებაა, მაგრამ მოსაუბრეც საინტერესო აღმოჩნდა,
საჭიდაო სამყარომ ის თავისი ცნობილი ჟესტითაც დაიმახსოვრა, რომელსაც ყოველი მნიშვნელოვანი
გამარჯვების შემდეგ მწვრთნელს აჩვენებს. ოღონდ ეს საჩვენებელი თითის ჟესტია, წარმატების აღმნიშვნელი.
"ლელოსთან" სტუმრობისას მისი წარმოშობის ისტორიაზე, ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ემოციებსა თუ კარიერის მნიშვნელოვან დეტალებზეც ისაუბრა.
ოლიმპიური ემოციები
ცხადია, ოლიმპიური ვერცხლი დიდი წარმატებაა, თუმცა მე არ მაკმაყოფილებს და ძველებურად ვაგრძელებ წვრთნას, ამით არაფერი შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში იმის გარდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ახლაც იმავე მონდომებით ვაგრძელებ ვარჯიშს. მიზანი იგივეა, რაც აქამდე იყო. მწვრთნელებთან შეთანხმებით ვემზადებით ყველა ნიუანსის გათვალისწინებით.
ცხადია, მიღწეულში მწვრთნელების დიდი დამსახურებაა - გარედან უკეთ ჩანს შენი შეცდომები და ამაზე მითითებდნენ. წარმატების მისაღწევად მხოლოდ ამბიცია არ კმარა, კარგი მოზადებაცაა საჭირო.
ოლიმპიადისთვის ახალი რაღაც უნდა დაგვემატებინა, რადგან ერთმანეთის ჭიდაობა ყველა მეტოქემ კარგად ვიცით და ახალ ილეთზე ვიმუშავეთ, რისი შედეგიც ნახევარფინალში ვნახეთ აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან.
ახლაც ისევ ძიების პროცესში ვართ და ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებთ. მით უმეტეს, გაისად ევროპის ჩემპიონატი თბილისში ტარდება, რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა - უკვე ჭიდაობ, როგორც ოლიმპიური მედალოსანი; ტურნირი შენს ქვეყანაში ტარდება...
ჯერ მარტო ისაა დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა, როცა იცი, რომ მთელი ქვეყანა გიყურებს ტელევიზორიდან, მაგრამ სულ სხვაა, როცა ამ ხალხისგან ორიოდე მეტრის დაშორებით ჭიდაობ.
პასუხისმგებლობა მეტია, თუმცა ამ თემაზე მწვრთნელებთან ერთად ვიმუშავებთ. უკვე არსებობს გარკვეული მონახაზი, რომლის მიხედვითაც ევროპირველობისთვის მზადების პერიოდში აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე გადავიტანთ. ეს ყველაფერი მწრთნელთან შეთანხმებით მოხდება, რადგან მან უკეთესად იცის ჩემი აღნაგობა, შესაძლებლობები, ფიზიკური მონაცემები... ახალ ილეთებზე ამის გათვალისწინებით მიდის მუშაობა.
ოლიმპიადისთვის კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ ვიყავი - როცა ლიცენზიის მოპოვება გაგიჭიანურდება და ამას მხოლოდ ბოლო ტურნირზე მოახერხებ, მთლად კარგ განწყობაზე ვერ უნდა იყო, მაგრამ მოვახერხე და ეს რთული ბარიერი გადავლახე.
მსოფლიოს სამეულში ისეთი ხალხი ტრიალებდა, ვისთანაც მოგებული მქონდა. ოლიმპიადაზე ჩემპიონობისთვის მივდიოდი, თუმცა ისეთ ფორმაში ვიყავი, მჯეროდა, უმედლოდ არ დავბრუნდებოდი - შინაგანად ვგრძნობდი საამისო მზადყოფნას, თუმცა, ცხადია, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს არ დავიწყებდი.
ოლიმპიადაზე მთავარი მაინც ფსიქოლოგიაა და ალბათ, ამ თვითრწმენის გამო კარგად შევხვდი, უფრო თავდაჯერებული ვიყავი. არ მქონია იმის განცდა, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულად რთული შეჯიბრება იყო.
თავიდანაც ისე წავიდა ყველაფერი, რომ ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ტურნირი, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ბევრად უფრო გამჭირვებია ფსიქოლოგიურად, ვიდრე - იქ. ოლიმპიადაზე ეს დატვირთვა არ მიგრძვნია.
ფინალისთვის ჩემს მშობლიურ რაიონში მონიტორი დაამონტაჟეს, თუმცა ისე ვიჭიდავე, ჯობდა, არ დაედგათ. (იცინის). ზოგმა ვერც გაითავისა ჩემი წარმატება - აუ, როგორ წააგეო, არადა, ოლიმპიური ვერცხლი არ მგონია ცუდი ამბავი.
საერთოდ, იმის მიუხედავად, რომ ბორჯომში უამრავი გუნდი და ცნობილი სპორტსმენი ჩადიოდა მოსამზადებლად, ჩემამდე ზაფხულის ოლიმპიადის მონაწილეც არ ჰყავდათ. ასევე ჩემამდე არც ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონი ჰყოლიათ. ლონდონიდან დაბრუნებულს დახვედრაც მომიწყვეს, თუმცა მაშინ ყველა არჩევნებზე იყო გადართული და საზეიმო შეხვედრებისთვის არავის ეცალა.
ომიდ ნოროოზი
ფინალში ირანელი ომიდ ნოროოზი უცხო არ იყო ჩემთვის - ნაჭიდავებიც ვიყავი და მონაგებიც მქონდა.
ვფიქრობ, ამჯერად მასთან ფიზიკური მომზადება დამაკლდა. ნახევარფინალში ალიევთან შეხვედრის შემდეგ ენერგია აღარ შემომრჩა.
ფინალში მხოლოდ სურვილი მქონდა, ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, მაგრამ ორგანიზმი ვერ მომყვებოდა, აღარ იყო რეზერვი, მთელი ძალა გამომეცალა. ამას შუბლის ტრავმაც დაერთო და აქედან გამომდინარე, მერჩივნა, შესვენების გარეშე მეჭიდავა.
ვფიქრობ, მომავალში ნოროოზის უკეთესი ფიზიკური მომზადება უნდა დავუპირისპირო, თუმცა ტექნიკურადაც მინდა, მეტოქეებს 1-2 სიურპრიზი შევთავაზო.
ჰასან ალიევი - პრინციპული მეტოქე
რატომღაც ალიევი ჩემთან წაგებას ვერ ეგუება. შეიძლება სხვასთანაც დამარცხდეს, მაგრამ არაფერი, ჩემთან წაგებაზე კი გართულება აქვს. არ ვიცი, რატომ! იქნებ იმიტომ, რომ 3-წლიანი წაუგებელი კარიერა შევაწყვეტინე.
სპორტში ყველა კონკურენტი ვართ, მაგრამ ლეიბის გარეთ ბევრი ვმეგობრობთ, ვახლობლობთ, იქნებ გავისეირნოთ კიდეც ერთად, ამასთან ურთიერთობა კი მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლება.
ეტყობა, თავისი პრობლემები აქვს. ოლიმპიადის წინ ისიც კი უთქვამს, მე იქ ქართველთან მოსაგებად მივდივარ და არა საჩემპიონოდო...
როგორც ამბობენ, 66-ში გადადის, რადგან წონას ვერ იკლებს.
ევროპირველობა-2011 - პირველი დიდი წარმატება
ტურნირებზე ტურისტივით სიარული ძალიან ძნელია, როცა მუდმივად დადიხარ შეჯიბრებებზე, მაგრამ არაფერი გამოგდის. ამ მხრივ ევროპის შარშანდელი პირველობა გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ნავსი გავტეხე და გავიმარჯვე.
იმ შეჯიბრებისთვის ძალიან კარგად მოვემზადე. ფსიქოლოგიურადაც მომგებიან ვითარებაში ვიყავი - ტიტულის შენარჩუნება არ მევალებოდა და არაფერი, მხოლოდ კარგი ჭიდაობა მომეთხოვებოდა. გამარჯვება მეც ძალიან მსურდა და ყველაფერი გავაკეთე საამისოდ.
ალიევთან შეხვედრა იმ ტურნირის ურთულესი ორთაბრძოლა იყო. ძალიან ძნელია ისეთ კაცთან ჭიდაობა, ვისაც სამი წელიწადია, შეხვედრა არ წაუგია, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია... ამას ემატება მსაჯთა დამოკიდებულება ჩვენსა და თუნდაც იმავე აზერბაიჯანელების მიმართ.
მათთან, რუსებთან და კიდევ რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ფალავანთან ჭიდაობას იმ განწყობით ვიწყებ, რომ ანგარიშში უკვე ვაგებ. ვიცი, რომ მსაჯი მათთან თუ წამართმევს, თორემ არაფერს მომიმატებს. არბიტრთა ასეთი დამოკიდებულება ოლიმპიადაზეც გამოჩნდა.
თუნდაც ვლადიმერ გეგეშიძის მაგალითი გავიხსენოთ, მას რა უქნეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობამ მართლაც ბევრი გააკეთა, რათა მსაჯები ობიექტურად მოქცეულიყვნენ და თუ არ წაგვიმატებდნენ, არ დავეჩაგრეთ მაინც...
ამ ყველაფრის გათვალისწინებით იყო ალიევთან ის შეხვედრა ყველაზე ძნელი, თუმცა სწორი სტრატეგიით მაინც მოვუგე.
მწვრთნელები
ვარჯიში ბორჯომში დავიწყე გოგა რაზმაძესთან, რომელთანაც მამამ მიმიყვანა. მაშინ გოგა 18 წლის იყო, მე - 10-ის. მან შემაყვარა ჭიდაობა, რითაც დიდი სამსახური გამიწია. მოძრავი და სწრაფი თავიდანვე ვიყავი და მწვრთნელებმა ჩემი სტილიც ამაზე ააგეს.
მე არასოდეს ველოდები მეტოქის შეცდომას, სულ ვცდილობ შეტევას, ინიციატივის დაუფლებას. თავის დროზე ჩემი დღევანდელი მწვრთნელი - აკაკი ჩაჩუაც ასეთი ჭიდაობით გამოირჩეოდა. როცა ის 2004 წელს ათენის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, მაშინ მე ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის პირველობაზე გამოსასვლელად ვვარჯიშობდი და სპარინგ-პარტნიორობასაც ვუწევდი.
პირობები
უპირველესად, ნაკრებში უნდა იყოს კარგი პირობები - თუ ეს საკითხი მოგვარდება, მაშინ ყველგან გადაიჭრება პრობლემები. ცოტა უკეთესია საჭირო, ოღონდ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ.
უბრალოდ, ოდნავ მეტი პირობები რომ იყოს და კეთილმოწყობილი სავარჯიშო დარბაზები, შედეგიც უკეთესი იქნება. ისიც აშკარაა, რომ ბორჯომში ვარჯიში ძალიან მოგვიხდა - მოჭიდავეებმა 13-დან 6 მედალი მოვიპოვეთ. ამას თუ გეგეშიძის ამბავსაც დავუმატებთ, პრაქტიკულად, მეშვიდე მედალი გვქონდა.
ბავშვობა და მამის ამაგი
მამა თვითონ მოჭიდავე არ ყოფილა, მაგრამ სპორტი უყვარდა, თუმცა ბაბუა კი ყოფილა მოჭიდავე. ბავშვობაში ისეთი სუსტი ვიყავი. ბიძები, ნათესავები მამაჩემს ეუბნებოდნენ, რის ჭიდაობა, გამოიყვანე, რამე არ მოუვიდესო.
მამამ იმდენი რამე გამიკეთა, მე ხომ სპორტში ვარ, შეიძლება, ჩემს შვილს ვერ გავუკეთო იმდენი. საქართველოს მასშტაბით ჩემი არც ერთი შეჯიბრება არ გამოუტოვებია. ამის გამო თავიდან ყველას მწვრთნელი ეგონა, თუმცა მამას ჩემი ჭიდაობა არ უნახავს - გული ვერ უძლებდა, ისე ნერვიულობდა და გარეთ გადიოდა. სამწუხაროა, რომ ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო - სამი წლის წინ გარდაიცვალა.
ოჯახმა დიდი როლი შეასრულა ჩემს კარიერაში - სპორტსმენს სხვანაირი კვება, სხვანაირი მოვლა სჭირდება, ოჯახში სპორტსმენი წევრი რთულია, მაგრამ დედაც, დაც, მამაც ყველანაირად მიწყობდა ხელს...
ცნობილი ჟესტი
ეს ჟესტი ევროპის შარშანდელი პირველობიდან მოდის. საერთოდ, წილისყრის ოქმის ნახვა არ მჩვევია - ხომ გათენდება მეორე დილა და მაშინ ვნახავ, მთელი ღამე იმაზე არ ვიფიქრო, იქ ვიღაცა გამოვა, ამას ასე ვუზამ და იმასთან ისე უნდა ვიჭიდაო-მეთქი - მაგაზე ფიქრით ტვინს არ ვიჭყლიტავ.
მაშინ დორტმუნდში მე და პირადი მწვრთნელი აკაკი ჩაჩუა ერთ ნომერში ვიყავით. დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე და ჩვეულებისამბრ ვილოცეთ.
აკაკიმ მითხრა, წამოდი, რამე ჭამეო, მე კი გავეხუმრე, დღეს რომ მოვიგებ, თითი ასე უნდა გაჩვენო-მეთქი და ის ჟესტი დავანახე. რაღაც უხასიათოდ კი მითხრა, წამოდი, რა დროს თითიაო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. არადა, ამ დროს მან უკვე იცოდა, რამდენად ძნელი წილისყრა მერგო, მაგრამ არაფერი უთქვამს.
მივედი დარბაზში და იქ ძალაუნებურად ხედავ წილისყრის ოქმს. გადავხედე და ერთი კი გავიფიქრე, ვაი, შენს რეზოს, ის თითის ეპიზოდი დამრჩა ოთახის მოგონებად-მეთქი, მაგრამ როცა ნახევარფინალში ალიევს მოვუგე, მაშინ გავუკეთე. მერე ოლიმპიადაზეც წინასწარ დავთქვით, რომ ტრადიციას არ დავარღვევდით და იქაც ვაჩვენე.
სამომავლო გეგმები
15 ნოემებრს ყაზახეთში მივდივართ "პრეზიდენტის თასზე" - ეს იქნება ჩემი პირველი შეჯიბრება ოლიმპიადის შემდეგ. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია ჯერ სემინარზეა წასული, უახლოეს დრეებში ჩამოვა და უფრო კონკრეტულად გვეტყვის ამ ტურნირის გეგმებს.
ამას საქართველოს პირველობა მოსდევს, მერე კი ევროპის პირველობისთვის დავიწყებთ მზადებას. ალბათ, იქამდე ორ შეჯიბრებაში კიდევ გამოვალთ. ჯერჯერობით 60 კილოგრამში ვრჩები, წონის შეცვლა არ იგეგმება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეჯამება: ფაქტები და ანალიზი