ბერძენ-რომაელები ამ ქარბორბალას ჯერჯერობით გადაურჩნენ, მაგრამ ზურგს უკან მის სუნთქვას მაინც გრძნობენ, თუმცა ნაკრებს ევროპის პირველობისთვის კვლავაც ბეგი დარჩია და მისი სამწვრთნელო შტაბი ამზადებს.
დარჩიას განკარგულებაში სრული შემადგენლობაა, ანუ საქართველოს პირველობის ყველა მედალოსანი, თუმცა მათ უმედლოდ დარჩენილი ოლიმპიური პრიზიორები - ვიცე-ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) და ბრინჯაოს მფლობელი მანუჩარ ცხადაია (74) დაემატნენ.
შეკრებაზე არიან ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსნები - ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურამ
დარჩიამ საქართველოს ბოლო ჩემპიონატის მხოლოდ ორი გამარჯვებული არ წაიყვანა ბორჯომში - ედნარ შავაძე (55) და რობერტ ქობლიაშვილი (84).
ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში შედიან და მასთან ერთად ემზადებიან თანატოლთა ქვეყნის პირველობისთვის, რომელსაც 26-27 იანვარს თბილისი, სპორტკომპლექსი "არენა" უმასპინძლებს.
ამ ბიჭების ბედი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა და ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ ნაკრებს დარჩებიან ისინი.
ბორჯომში ჩვენი გუნდები 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
ბერძენ-რომაელებს მოსამზადებელი გეგმაც შედგენილი აქვთ, თუმცა მათაც ცაიტნოტში უწევთ ვარჯიში, რაც გუნდის ყოველდღიურ მზადებაზეც აისახება.
საქმე ისაა, რომ "თავისუფალთა" მსგავსად, რამდენიმე ტურნირში გამოსვლას ვერც ესენი ახერხებენ და ლიდერები მხოლოდ ერთით შემოიფარგლებიან.
გუნდის საშეჯიბრო ეტაპი მთლიანად თებერვალზე მოდის, როცა "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირები იმართება - 2-3 თებერვალს სტამბულში ვები ემრეს ხსოვნის მემორიალია, 23-24-ში კი უნგრულ სომბათჰეიში გამოვლენ.
დარჩიამ მათში მონაწილეობისთვის გუნდი ორად გაყო - ქვეყნის ჩემპიონები, ანუ პირველი ნომრები უნგრეთში წავლენ, დანარჩენები კი თურქეთში იასპარეზებენ.
ბორჯომული ვარჯიშებიც ამის მიხედვით დაიგეგმა - უნგრეთში წამსვლელები ძირითად ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დაუთმობენ, თურქეთის ხალხი კი აქცენტს ტექნიკურ მხარეზე, ლეიბზე ვარჯიშზე გადაიტანს. ეს იმიტომ, რომ მათ მალევე უწევთ ტურნირში გამოსვლა, ხოლო ფიზიკური დატვირთვებიდან პირდაპირ შეჯიბრებაზე გადართვა არაა გამართლებული.
ორგანიზმს ცოტა დასვენება და განტვირთვაც სჭირდება იმხელა დატვირთვების შემდეგ, თორემ იმ შედეგს მივიღებთ, რასაც ბოლო ორ წელიწადში ძიუდოისტთა ნაკრებში ვხედავდით.
უნგრეთში ლაშა გოგიტაძე, რევაზ ლაშხი (ორივე - 60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, მანუჩარ ცხადაია (74), ვლადიმერ გეგეშიძე, ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე, ირაკლი ქაჯაია (96), სერგო გოგისვანიძე და გურამ ფერსელიძე (120) იჭიდავებენ.
ამასთან, დარჩიას ედნარ შავაძის და ქობლიაშვილის წაყვანაც უნდა, თუმცა ახალგაზრდული ნაკრების ინტერესებსაც გაითვალისწინებს.
თავის მხრივ, 20-წლიანთა გუნდის დამრიგებელი ვლადიმერ ადეიშვილიც ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს ბეგი დარჩიასთან გამართავს და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
ამასთან, ორივე მხარე აცხადებს, რომ ოქროს შუალედს აირჩევენ, თუმცა უპირველესად, სპორტსმენის ინტერესებს გაითვალისწინებენ.
ბევრად უფრო გაფართოებული - დაახლოებით 17-კაციანი გუნდი წავა სტამბულში. იქ შანსი ძირითადად იმათ მიეცემათ, რომლებიც უნგრეთის სიაში არ მოიაზრებიან, თუმცა ასეთი ორი კაცი მაინცაა - დავითაია და ქობლიაშვილი. დარჩიას სურვილია, ისინი ორივე ტურნირში აჭიდაოს.
21 წლის დავითაია საქართველოს პირველობის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, იმდენად ბრწყინვალედ იასპარეზა და შანსი არ დაუტოვა არავის. არადა, მეტოქეთა შორის ამ წონაში დროებით ამონაცვლებული ლაშხიც იყო.
სავარაუდოდ, ის მართლაც იჭიდავებს ორივეგან (თუმცა გააჩნია, როგორ გაივლის მეორე შეკრებას, რომელიც უნგრული შეჯიბრების წინ უწევს), ქობლიაშვილის საკითხი კი დიდადაა დამოკიდებული ახალგაზრდულ ნაკრებზე.
თურქეთში წამსვლელთაგან კიდევ ორს გამოვარჩევთ - შოთა გოგისვანიძეს და ლევან არაბულს, რომლებიც მძიმე წონაში ჭიდაობენ.
ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გოგისვანიძე საქართველოს პირველობაზე მესამეზე გავიდა, 20-წლიანებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა არაბულმა კი ფინალური ასპარეზობა ტრავმის გამო შეწყვიტა სერგო გოგისვანიძესთან. როგორც დარჩიამ გვითხრა, მან ხელის ტრავმა მოირჩინა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ბორჯომში მიმდინარე შეკრებას გუნდი 31 იანვარს დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება. ამის შემდეგ თურქულ შეჯიბრებას მოილევს და 6 თებერვალს მინსკში გაფრინდება, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ორი კვირის განმავლობაში ერთობლივ შეკრებას გაივლის.
სავარაუდოდ, მათთან ერთად სხვა გუნდებიც იქნებიან. ალბათ, იქ ასეთ გაფართოებულ შემადგენლობას ვერ წაიყვანენ და ზემოდასახელებული შემადგენლობით შემოიფარგლებიან.
მით უფრო, რომ უნგრეთში პირდაპირ ბელორუსიდან მიდიან, სამშობლოში კი იმ ტურნირის დასრულების შემდეგ ბრუნდებიან.
გადაწყვეტილია, რომ ნაკრები ევროპის პირველობის წინ დასკვნით შეკრებას კვლავ ბორჯომში გაივლის და აქ ისევ იკვეთება ქართული სპორტის კიდევ ერთი მტკივნეული - ბაზების საკითხი!
საქმე ისაა, რომ ჩვენთან ერთობლივ ვარჯიშებზე ჩამოსვლა და ხეირიანი სპარინგების ჩატარება ბევრ ძლიერ გუნდს სურს.
ეს არცაა გასაკვირი - ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის წინ გუნდები აკლიმატიზაცია-ადაპტაციის მიზნით ყოველთვის ცდილობენ მასპინძელ ქვეყანაში ადრიანად ჩასვლას. ახლა ამას ჩვენი ნაკრების სიძლიერეც ემატება - ვაღიაროთ, უპირველესი კატეგორიის გუნდი იქნებ არ გვყავს, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევი და ლიდერთა ძილის გამფრთხობია!
ალბათ, დიდწილად ამითაა განპირობებული, რომ, ევროპელებს თავი დავანებოთ და, ყველაზე მეტად თურმე ამერიკელები აქტიურობენ! მათ ერთობლივი ვარჯიშებიც სურთ და მერე კონტინენტის პირველობაზე დასწრებაც.
ცხადია, აქაური პირველობა მათ სელექციის თვალსაზრისით აინტერესებთ - ახალი ოლიმპიური ციკლი იწყება, რასაც ბევრი საკადრო გადაადგილებაც თან ახლავს ხოლმე.
ამერიკელთა თუ სხვა გუნდების მიღების წინააღმდეგი არც ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობაა, მაგრამ აქ წინა პლანზე დარბაზის პრობლემა გამოდის - საქმე ისაა, რომ იმავე პერიოდში ბორჯომში დასკვნით შეკრებას "თავისუფლებიც" გეგმავენ, ამდენ გუნდს კი იქაური დარბაზი ვერაფრით დაიტევს.
გამოსავალი ისაა, მოიძებნება თუ არა "თავისუფლებისთვის" სხვა ისეთი დარბაზი, სადაც ნორმალურად ვარჯიშს შეძლებენ, თუმცა, სავარაუდოდ, ერთობლივ შეკრებაზე ჩამოსვლის მსურველები მათაც ბევრი ეყოლებათ.
ანუ, შესაძლოა, ისინიც ბერძენ-რომაელთა დარი პრობლემის წინაშე დადგნენ, თუმცა ეს საკითხის სიმწვავეს ოდნავადაც არ ანელებს. ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების მიერ დახარჯული ასეული ათასი ლარის მიუხედავად, სპორტული ბაზების მხრივ, კატასტროფული ვითარებაა და მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს თუ ვიკმაყოფილებთ.
იმედია, ახალი ხელისუფლება ბევრად უფრო რაციონალურად მიუდგება ამ პრობლემას, თუმცა გვირჩევნია, ეს საკითხი სახელმწიფოს კონტროლითა და ინიციატივით გადაწყდეს, ვიდრე - ადგილობრივი თვითმმართველობების იმედით, როგორც ეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმოუდგენია.
კონკრეტულად ჭიდაობაზე თუ ვისაუბრებთ, ამ ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს სურს, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი პირობები, როცა ჩვენები კი არ ივლიან უცხოეთში ერთობლივ შეკრებებზე, არამედ ისინი ჩამოვლენ ჩვენთან ანალოგიური მიზნით.
ეს რამდენიმე მიმართულებით მოგვიტანს სარგებელს - უცხოეთში შეკრების გავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ახლა ეს თანხა დაგვეზოგება; პირიქით - აქ ჩამოსული გუნდები აქეთ შემოიტანენ ფულს; რაც მთავარია, არათუ ჩვენს ლიდერებს, ახალგაზრდა სპორტსმენებსაც კი ძლიერ უცხოელებთან ვარჯიშის, სპარინგის საშუალება მიეცემათ, რაც მათ დაოსტატებას დიდად წაადგება.
ჰა ბურთი და ჰა მოედანი - ააშენეთ ისეთი დარბაზები, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი მასშტაბური შეკრებების გავლა!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"