არმენ ნაზარიანი წასვლით იმუქრება

AutoSharing Option
დაგვიანებულ პრემიებსა და მიუღებელ ხელფასებზე ისეთი ძლიერი გუნდის მთავარი მწვრთნელიც ალაპარაკდა, როგორიც ბულგარეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცი არმენ ნაზარიანია.

ევროპის პირველობიდან ერთი თვეც არაა გასული, ის კი უკვე ულტიმატუმს აყენებს, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, პოსტიდან გადავდგებიო.

ამის შესახებ სომხური წარმოშობის ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც თავის დროზე ბულგარელებმა გადაიბირეს და მთელი კარიერა სოფიაში გაატარა, სომხურ სააგენტო news. am sports-ს განუცხადა.

"მოჭიდავეებმა ღიად განაცხადეს, რომ სურთ, მიიღონ კუთვნილი პრემიები და 3-4 თვის ხელფასი.

ჩემთვის გაუგებარია მიზეზი, რატომ გვიგვიანებს სამინისტრო ამ
თანხას. მე არ მაქვს იმდენი ფული, ჩემი ჯიბიდან გადავუხადო მათ.

თუ ბიჭებს ფულს არ მისცემენ, მაშინ მე გადავდგები პოსტიდან. ვიმედოვნებ, ჩემი ულტიმატუმი და გადადგომის საფრთხე იმოქმედებს ჩინოვნიკებზე"
- განაცხადა ნაზარიანმა.

ევროპის პირველობა თბილისში 19-24 მარტს ჩატარდა და იქ ბულგარელმა ბერძენ-რომაელებმა 3 მედალი - სამივე სინჯის თითო ჯილდო მოიპოვეს, "თავისუფლებმაც" - ასევე 3 მედალი ირგუნეს, ოღონდ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირს ესწრებოდა და საკუთარ სპორტსმენთა წარმატებებს პირადად ადევნებდა თვალს ბულგარეთის სპორტის მინისტრი პეტარ სტოიჩევი.

საბედნიეროდ, საქართველოში არც მწვრთნელებს სჭირდებათ მსგავსი ულტიმატუმები (თუმცა ზემდგომთ ეს სასაცილოდაც არ ეყოფათ) და არც სპორტსმენებს აწუხებთ კითხვა დაგვიანებულ თუ მიუღებელ ხელფას-პრემიებზე.

ნაზარიანს ბულგარეთში საკუთარ დიპლომთან დაკავშირებითაც შეჰქმნია პრობლემა. მას დამთავრებული ჰქონია მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტი, მაგრამ თურმე ბულგარეთის ახალი კანონი არ ცნობს რუსულ დიპლომს და ადგილობრივი სათანადო სასწავლებლის გაცემულ დოკუმენტს ითხოვს. მრავალი მოლაპარაკების შემდეგ მათ ცნეს ჩემი დიპლომიო, განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული