საქართველოს სომხები განსჯიან

AutoSharing Option
22-23 დეკემბერს ძიუდოს აკადემია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საბედნიეროდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანალოგიური ტურნირიდან დასკვნები გამოიტანა და ამ შეჯიბრების უფრო ორგანიზებულად  ჩატარებას ცდილობს.

მაშინ არეულობა იმანაც გამოიწვია, რომ დარბაზში არ იყო დაცვის სამსახური, ამას კიდევ, ნურავინ გვიწყენს და, არბიტრთა დაბალი კვალიფიკაციაც დაემატა. იყო შემთხვევები, როცა არბიტრები კულისებში აღიარებდნენ, დარბაზის შიშით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვერ ავიღეთო. ფაქტია, რომ ის შეჯიბრება ისე ცუდად ჩატარდა, არათუ საქართველოს ჩემპიონატს, არანაირი რანგის ტურნირს არ ეკადრება. ამჯერად გვპირდებიან, რომ დარბაზში პოლიცია იქნება,
სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა სამსაჯო საკითხის მოსაგვარებლადაც - სომხეთიდან საერთაშორისო კატეგორიის სამი არბიტრი ჩამოვა. რაოდენობა დარბაზის ზომებზეა გათვლილი - იქ სამი ლეიბი იშლება ანუ თითო ლეიბს თითო სტუმარი უხელმძღვანელებს. ისინი განსჯიან ფინალურ შეხვედრებსაც, საერთაშორისო კატეგორიის ადგილობრივი მსაჯები კი მათ დაეხმარებიან. მოკლედ, პროტესტში გაწაფულ ქართველ მწვრთნელებსა თუ ფალავნებს მათთან ექნებათ საქმე.

ჯერჯერობით ჩემპიონატის ორგანიზებულად ჩასატარებლად ეს სიახლეებია დაგეგმილი, რაც, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია, რათა ჩემპიონატი აყალ-მაყალის გარეშე ჩატარდეს, მაგრამ სამომავლოდ ფედერაციამ მაინც ბევრი რამე უნდა გაითვალისწინოს. ვეჭვობთ, მუდმივ კამათს მიჩვეული აქაური მწვრთნელების ან სპორტსმენებისთვის სომეხი მსაჯების კვალიფიკაცია გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდეს და მათ გაპროტესტება ვერ გაუბედონ. ალბათ, საჭიროა, ფედერაციამ მკაცრად გააფრთხილოს ყველა - მწვრთნელიც და ქომაგიც, რომ მსაჯთა მაგიდასთან ნებისმიერი მივარდნა მათი ფალავანის ქულით და გაფრთხილებით დაისჯება.

ამგვარ მუქარას ”თავისუფალთა” ტურნირზე იმ ინციდენტის შემდეგ მიმართეს და წარმატებულიც აღმოჩნდა. ასევე აუცილებელი გვგონია, ფედერაციამ პერსონალურად გააფრთხილოს მწვრთნელები და მათ გაუთავებელ პროტესტს ლაგამი ამოსდოს, თორემ ”თავისუფლებზე” ლამის ყოველი შეხვედრის შედეგს უკმაყოფილება მოსდევდა. თან პროტესტსაც თავისი ფორმა გააჩნია - სათანადო აბრის, ეგრეთ წოდებული ”ჩელენჯის” შემოგდება, ესენი კი სკამიდან წამოხტებოდნენ და დემონსტრაციული ყვირილითა თუ ხელების შლით პირდაპირ მსაჯთა მაგიდას დააცხრებოდნენ. დისციპლინას და ორგანიზებულობას რომ თავი დავანებოთ, გამოხატვის ასეთი ფორმა დარბაზზეც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს და ძალაუნებურად ქომაგის პროვოცირებას უწყობს ხელს. ალბათ, აუცილებელია, სადამსჯელო ღონისძიებები ასე გაუთავებლად მოპროტესტე მწვრთნელებზეც გატარდეს. კაცმა რომ თქვას, ხშირ შემთხვევაში ესეც ”გაღმა შეედავეს” პრინციპი იყო და უფრო საკუთარი შეცდომების გადაფარვას ისახავდა მიზნად. თან ”ჩელენჯის” შემოგდება საერთაშორისო რანგის ტურნირებზე ლიმიტირებულია და თავისუფლად შეიძლება, აქაც იგივე გაკეთდეს.

ასევე აუცილებელი გვგონია, ფედერაციამ მსაჯთა კორპუსთანაც იმუშაოს და თუნდაც მორალურად წაახალისონ ისინი, რათა პასუხისმგებლობა უფრო თამამად აიღონ საკუთარ თავზე. შეიძლება ამ საქმეში ჩვენი წამყვანი მსაჯებიც დაიხმარონ. იმედია, ამჯერად მსაჯთათვის გამოყოფილ ადგილზე მწვრთნელები და სპორტსმენები ძველებურად თავისუფლად ვერ შევლენ, რაც მათ ზეწოლისგან დაიცავს.

ბუნებრივია, ჩემპიონატში რაც უფრო კარგი მსაჯობა იქნება, მით უკეთესი. საბედნიეროდ, ჩემპიონატის ყველა შეხვედრა ვიდეოკამერაზე იწერება და აჯობებს, ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ მწვრთნელთა საბჭო შეიკრიბოს, იმსჯელოს ყველა საკამათო ორთაბრძოლაზე და მსაჯებს იქვე მიუთითოს შეცდომებზე. გვჯერა, ეს არბიტრებისთვისაც ბევრად სასარგებლო იქნება - რაღაც თეორიულ-პრაქტიკული სემინარის მსგავსი გამოუვათ და ამით ბევრსაც ისწავლიან.

იმედია, ფედერაცია ამჯერად გაითვალისწინებს ვეტერან ფალავანთა გულისწყრომას და ჩემპიონატის გახსნა-დახურვის საზეიმო ცერემონიალიც მოეწყობა. მთლად ისეთი პომპეზური თუ არ იქნება, როგორიც შარშან ახალგაზრდების ევროპის პირველობაზე გააკეთეს - იმ დონისას არც ითხოვს ვინმე, მაგრამ დროშის აწევა და ჰიმნის აჟღერება მაინც შეიძლება.

ეს რაც შეეხება ახლანდელ ჩემპიონატს, სამომავლოდ კი ფედერაციას გაცილებით ბევრი რამის გათვალისწინება მოუწევს. მაგალითად, იმის, რომ ის დარბაზი ამ რანგის ტურნირის სამასპინძლოდ ძალზე პატარაა და მოუხერხებელი. ამ მიზეზით იქ ხეირიანად არც წესრიგის დაცვა მოხერხდება - ტრიბუნები პატარაა და მაყურებელს ვერ იტევს, თან სახიფათოდ ახლოსაა საჭიდაო არენასთან და უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული. არანაირი პირობა არაა ჟურნალისტებისთვის - ადგილებიც კი არაა გამოყოფილი. ჟურნალისტთა საქმეს ისიც ართულებს, რომ საშეჯიბრო ოქმებს არავინ ბეჭდავს და ძველებურად ბლოკნოტებით გვიწევს წვალება. არა მგონია, მონდომების შემთხვევაში ფედერაციამ ეს პრობლემა ვერ გადაჭრას. იგივე ძიუდოს ფედერაციამ ეს ორივე  საკითხი - პრესლოჟა თავის პრესცენტრით და ოქმების დაბეჭდვით წარმატებით მოაგვარა. მოჭიდავეებმაც უნდა გადაჭრან, თუ მართვის ცივილიზებულ მეთოდებზე სურთ გადასვლა.

ჟურნალისტებს თავი დავანებოთ და 21-ე საუკუნეში, კომპიუტერისა და ინტერნეტის ეპოქაში, რაღაც ძაან დრომოჭმულად ჩანს შუა დარბაზში დამჯდარი კაცი, რომელიც ხელით გამალებით ავსებს ოქმებს. ”თავისუფალთა” ჩემპიონატისას ერთი ნაცნობი ხუმრობდა, ეს ფურცლები ახლა რომ მოვიპარო და წავიდე, მთელ ჩემპიონატს ჩავშლიო. მართალიც იყო. არადა, ჩვენთან ყველა შეჯიბრება ამ საფრთხის წინაშე დგას.

რაც შეეხება ჩემპიონატში ლიდერთა მონაწილეობას, ეს საკითხი საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა გარკვეული. თუმცა წინასწარი მონაცემებით, დანაკლისი ნამდვილად იქნება, რადგან რამდენიმეს ტრავმა აქვს. ვფიქრობთ, საკადრო პრობლემებს დღეს უკვე მოეფინება ნათელი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული