ზოგად ფონს რაც შეეხება, ჭიდაობის ხარისხს თითქოს არა უშავდა, მაგრამ სასურველი დონისგან მაინც შორს ვართ. იქნებ ვინმემ თქვას, ჯერ ხომ სეზონის დასაწყისიაო, მაგრამ მთელი რიგი სიმპტომური პრობლემები ისევ
უკვე კარგა ხანია, ჭიდაობის ეს სტილი ფიზიკურ მომზადებას დაეფუძნება დ ამ კომპონენტში ჩავარდნა პირდაპირ ურტყამს შედეგებს. საქმე უკვე იქამდეც მიდის, მოჭიდავეები დაცვაში ჩადგომას ირჩევენ, როცა არჩევანის საშუალება მიეცემათ - იციან, თვითონ ვერ დაატრიალებენ, მაგრამ ამას ვერც მეტოქე გააკეთებს და ურჩევნიათ, ისევ მოწინააღდეგის სისუსტის ხარჯზე მოიპოვონ ქულა, ვიდრე - საკუთარი სიძლიერის, რადგან ამ შემთხვევაში წაგების რისკიც მეტია.
თუმცა ამას ხელს იქნებ უფრო გლობალური პრობლემაც უწყობს, რაზეც ჩვენც დაგვიწერია - თბილისში თითქმის აღარ დარჩა საჭიდაო დარბაზები. ყოველ შემთხვევაში, მოჭიდავეები ძალიან ბევრი დარბაზიდან გაიყვანეს და სამადლოდ სადღაც შეუშვეს, პირობები კი უმეტესად, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკას ვერ უძლებს. ტურნირის მიმდინარეობისას სახელოვანი მწვრთნელი დავით დავითაია გამომელაპარაკა, რომელიც ფალავანთა სამჭედლოდ ცნობილ "პეტრეს დარბაზში" დღემდე კი რჩება, მაგრამ იქაურობა გაიყიდა და მათი გამოსახლებაც დროის ამბავია. ერთ ოთახში ღუმელი გვიდგას, სადაც ბიჭები ცოტას შეთბებიან და მერე გარბიან დარბაზში სავარჯიშოდო, მითხრა დავითაიამ. მან თურმე პატარების ჯგუფი საერთოდ დაითხოვა მას შემდეგ, რაც ორ ბავშვს ფილტვების ანთება დაემართა.
ვერაფერს იტყვი - მდგომარეობა საგანგაშოზე მეტია. დიდი ჩემპიონები ასეთ პირობებში არ იზრდებიან და შედეგების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.
მაგრამ დავუბრუნდეთ შეჯიბრებას და 74 კილოგრამით დავიწყოთ, სადაც თბილისელმა ზურაბ დათუნაშვილმა გაიმარჯვა. ფინალში მან წონის შარშანდელი ლიდერი, ადიგენელი გოგა აფრიამაშვილი დაამარცხა.
84-ში ჭაბუკთა ნაკრებიდან წლეულს გადმოსულმა გარდაბნელმა რობერტ ქობლიანიძემ იმარჯვა, რომელიც პირველად ჭიდაობდა ამ ასაკში. არადა, ფინალში სერიოზული მეტოქე ჰყავდა - ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე, ვინც შარშან ამ ასაკში ქვეყნის პირველობა მოიგო, ჭაბუკებში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან ნოემბერში საქართველოს პირველობაზე უფროსებშიც იჭიდავა და ვერცხლიც მოიპოვა. თან კარგი ჭიდაობით დაგვამახსოვრა თავი. ამჯერად ქობლიანიძესთან ვერაფერს გახდა იმის მიუხედავად, რომ ჟინი და მონდომება არ დაეწუნებოდა, მაგრამ მეტოქემ ჭკვიანური ჭიდაობით აჯობა.
საინტერესო ფინალი გაიმართა 96-შიც, სადაც უფროსებში ქვეყნის წლევანდელმა ჩემპიონმა, თბილისელმა ალექსანდრე დიხამინჯიამ გაიმარჯვა, თუმცა ფინალში ბეწვზე გადაურჩა წყალტუბოელ ირაკლი ქაჯაიასთან მარცხს, რომელმაც სწორედ ჩოქბჯენში ვერ ივარგა. არადა, მას ორჯერ მიეცა ამისი შანსი. პირველად ძირითადი დროის მეორე პერიოდში, როცა მეტოქე ვერ დაატრიალა. ამით ანგარიში გათანაბრდა და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა. იქ ისევ ქაჯაიას მიეცა შანსი და მეტოქე ხალიჩიდან კარგადაც ასწია, ბრუნიც კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ დაასრულა, ხელიც გაეხსნა და წააგო. დიხამინჯიამ წინა დღეებში თურმე იავადმყოფა და რომ არა ახალგაზრდული ნაკრების თავკაც ვლადიმერ ადეიშვილის მკაცრი მოთხოვნა, იქნებ, არც ეჭიდავა. ამ წონაში ოჯახური ტანდემი ვიხილეთ - ბრინჯაოს მედალი ირაკლი ქაჯაიას ბიძაშვილმა იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა.
თუმცა მთავარი ოჯახური ტანდემი მძიმე წონის ფინალში იყო და ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრაც შედგა ქუთაისელ ძმებს - შოთა და სერგო გოგისვანიძეებს შორის. ეს შარშანდელი ფინალის განმეორება იყო - მათ მაშინაც ოქროსთვის იჭიდავეს ერთმანეთთან და ერთი წლით უფროსმა ძმამ - სერგომ გაიმარჯვა. თურმე მაშინ შოთა ამისთვის კიდეც წაეჩხუბა მას, ამ ფინალის წინ კი ქუთაისელთა ჯგუფს ჩავუარე და გავიგონე, როგორ ხუმრობდა მათი ერთ-ერთი მწვრთნელი, ეგენი ახლაც იჩხუბებენო. ჩხუბამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ძმებმა მართლაც არ დაზოგეს ერთმანეთი და მაყურებელს, ალბათ, ყველაზე აზარტული, ჟინიანი და მძაფრი ორთაბრძოლა შესთავაზეს. ფინალი დამატებით დროში გაგრძელდა და ამჯერად შოთამ რევანში აიღო, სერგომ კი ისევ ზემოხსენებული სენის გამო წააგო - ირაკლი ქაჯაიასი არ იყოს, ჩოქბჯენში ბოძებული შანსი ვერც ამან გამოიყენა.
ამით გამოიკვეთა ის ძირითადი ბირთვი, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის მოემზადება, მწვრთნელი კი საბოლოო არჩევანს საერთაშორისო ტურნირების შედეგებზე დაყრდნობით გააკეთებს. ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ვლადიმერ ადეიშვილს გავესაუბრეთ:
"ჩემთვის აღმოჩენა იყო ქობლიაშვილი, რომელიც წლეულს გადმოვიდა ჭაბუკებიდან და პირველად ჭიდაობდა ახალგაზრდებში. არადა, ამ წონაში პირველი ნომერი რევაზ ნადარეიშვილი მეგონა. ასევე ახალი გადმოსულია ფირუზ წულუკიძეც, რომელმაც გუშინწინ 60-ის ფინალი წააგო. ჭიდაობის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მიხარია, რომ რამდენიმე წონაში კონკურენცია გაიზარდა და კარგი ბიჭები გამოჩნდნენ. ახლა ზოგან 2-3 მაღალი დონის კონკურენტია. ალბათ, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ორ-ორ შემადგენლობას მოვამზადებთ, თუმცა ჯერ გარკვეული არაფერია - ამ შეჯიბრებებზე წასაყვანი შემადგენლობა საერთაშორისო ტურნირების შემდეგ გაირკვევა, საამისოდ კი სამ შეჯიბრებაში გამოვალთ - მარტში რიგაში ვიჭიდავებთ, აპრილში - აზერბაიჯანში იქაური ჭიდაობის ფედერაციის თასზე, მაისში კი ანკარაში საერთაშორისო ტურნირზე ვიასპარეზებთ. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, მალე ბაკურიანში წავალთ შეკრებაზე."
კვარცხლბეკი.
74 კგ. 1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი), 2. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი), 3. უშანგი ჩიტიაშვილი (გარდაბანი), ლაშა გობაძე (აჭარა).
84 კგ. რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი), დავით ჩაკვეტაძე (ქუთაისი), 3. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი), რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი).
96 კგ. 1. ალექსანდრე დიხამინჯია (თბილისი), 2. ირაკლი ქაჯაია, 3. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო), ბექა ქურცაძე (ქუთაისი).
120 კგ. 1. შოთა გოგისვანიძე, 2. სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი), 3. მუხრან ჭანკურიძე (აჭარა), გიორგი ხაბაშვილი (რუსთავი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.