როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, მოულოდნელად მას ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აღმოაჩნდა - გამოკლევამ გულზე დარღვევები გამოავლინა და ამ ეტაპზე მისი ჭიდაობა გამოირიცხა. ის ვერც 25-27 თებერვალს გასამართ ნიკოლა პეტროვის მემორიალზე იჭიდავებს ბულგარეთში და, შესაბამისად, ვერც ევროპის პირველობაზე გამოვა.
ამასობაში პეტროვის მემორიალზე წასაყვანი შემადგენლობაც გაირკვა: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60),
როგორც ვხედავთ, იანვარში სტამბოლში გამართული ვები ემრეს მემორიალის მსგავსად, საქართველოს შარშანდელი საუკეთესო სპორტსმენი, ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი მანუჩარ ცხადაია (66) არც ამ სიაშია - სამწუხაროდ, მან ჯერაც ვერ მოიშორა საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ტვინის შერყევის ავბედითი კვალი. მართალია, ის წახკაძორში წაიყვანეს, მაგრამ სრული დატვირთვით ვერ იჭიდავებს და ვერ მოასწრებს მომზადებას. ანუ, მას არ ექნება სატურნირო პრაქტიკა, საქმის ასეთი განვითარება კი გვაფიქრებინებს, რომ ევროპის პირველობაზე არც ცხადაია გვეყოლება. თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილი არც ეს საკითხია და მთავარი სიტყვა მწვრთნელებზეა.
სამაგიეროდ, კონტინენტის პირველობას ჩვენი გუნდის ლიდერები, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) და ევროპის ორგზის, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე (96) რომ გამოტოვებენ, ეს ერევანში წასვლამდე დარჩიამაც დაგვიდასტურა. ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები წლევანდელ სეზონში აქცენტს 12-18 სექტემბერს სტამბულში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე აკეთებენ - იქ ლონდონის ოლიმპიადის საგზურებიც გაიცემა, ყოველ წონაში - 6-6.
პეტროვის ტურნირის სია ზოგიერთ წონაში იმ დასკვნის გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს, ვინ შეიძლება ვიხილოთ 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით დორტმუნდში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. ალბათ, იქ წასვლა ორმა ფალავანმა საბოლოოდ გაინაღდა - თურმანიძემ და გეგეშიძემ, რადგან ორივესთვის ეს სასტარტო შეჯიბრებაა. ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი თურმანიძე დარჩიას რჩეულთაგან ერთადერთი იყო, ვინც ემრეს მემორიალზე მედლისთვის იჭიდავა. მართალია, მაშინ ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრა წააგო, მაგრამ ის უცხოეთში პირველად გამოდიოდა უფროსებში და ამის კვალობაზე საკმაოდ კარგად იასპარეზა. თან საქართველოს პირველობაც მოიგო.
ასევე საქართველოს ჩემპიონია გეგეშიძეც, რომელიც ემრეზე შეგნებულად დაასვენეს - არ სჭირდებოდა ამდენი შეჯიბრება. სავარაუდოდ, 55-ში ევროპაზე გოგიტაძე იჭიდავებს, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე გაურკვეველი მდგომარეობა მაინც 60, 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებშია. 96-ში, ალბათ, მტავარი ფავორიტე ევროპის პრიზიორი ჯაბიძეა, რომელიც პოსტრავმულ პერიოდს გადის. ნაავადმყოფარი კაცის კვალობაზე ემრეზე ცუდად თითქოს არც ის გამოსულა, ბულგარული შეჯიბრება კი სატურნირო დეფიციტს შეუვსებს. აქ მწვრთნელს საქართველოს ჩემპიონი დიხამინჯიაც მიჰყავს, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზდული ნაკრების წევრია (გუშინ იქაც მოიგო ქვეყნის პირველობა) და, შესაძლოა, ახლა მხოლოდ გამოცდილების მისაღებად მიჰყავს. თუმცა ეს მაინც ჩვენი ვარაუდია, საბოლოო დასკვნას კი მწვრთნელები იღებენ.
ბერძენ-რომაელები დღეს წავიდნენ წახკაძორში, "თავისუფლები" კი დღეს დაბრუნდნენ იქიდან. მათ იქ ორკვირიანი შეკრება გაიარეს ასევე ფიზმომზადებაში, 10 თებერვალს კი სტამბოლში გაემგზავრებიან ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" მეორე ტურნირზე. თურქეთში ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), კობა კაკალაძე, ილია ხუციშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ბელდუხ გავაშელი (96), დავით მოძმანაშვილი (120).
ზაზა თურმანიძე დანაპირებს ასრულებს და ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გუნდი საქართველოს ჩემპიონებით დააკომპლექტა. გამონაკლისი მხოლოდ 66 კილოგრამია, სადაც ქვეყნის ჩემპიონ ცოტნე ბარამიძეს მოქალაქეობის შეცვლის შესახებ არსებულ რეგლამენტში შეტანილი ახალი კანონით ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია ჩვენი სახელით გამოსვლის უფლებას არ აძლევს. ამიტომ მწვრთნელი აქ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ხუციშვილსა და ბრინჯაოს პრიზიორს, ევროპის ვერცხლის მედალოსან კაკალაძეს ცდის.
შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზეც ამ გუნდს ვიხილავთ, თუმცა გაურკვეველია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის პრიზიორ გიორგი გოგშელიძის (96) საკითხი - მიეცემა თუ არა შანსი. მან და ოლიმპიადის ბრინჯაოს, მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ოთარ თუშიშვილმა (66) საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვეს, თუმცა თუშიშვილი რომ კონტინენტის პირველობასაც დააკლდება, ამას ლამის გადაჭრით ამბობენ.
აქვე გეტყვით, რომ ბერძენ-რომაელებისთვის პეტროვის, "თავისუფლებისთვის" კი დოგუს მემორიალი ბოლო სასტარტო შეჯიბრება იქნება ევროპის ჩემპიონატის წინ - ამის შემდეგ შეჯიბრებებში აღარ გამოვლენ.
დასასრულს, ერთი მოსალოდნელი დოპინგ-სკანდალის შესახებ, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა - ამბობენ, რომ ემრეს ტურნირზე დოპინგზე ჩავარდა აზერბაიჯანელთა ირანელი ნატურალიზებული ფალავანი, ქურთული წარმოშობის მსოფლიოს მედალოსანი სამან ტახმასიბი (84). ეს ცნობა ოფიციალურად ჯერ იმ უბრალო მიზეზის გამო არ გამოქვეყნებულა, რომ საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) მეორე ტესტის ჩატარებას, უბრალოდ, ვერ მოასწრებდა, მანამდე კი ოფიციალურად ვერ დაადასტურებს.
სამაგიეროდ, ეს ამბავი ჩვენ დავაზუსტეთ - აზერბაიჯანელებს პრობლემის მოსაგვარებლად კონსულტაციები ქართველ კოლეგებთან გაუვლიათ, თუმცა როგორც ესენი ამბობენ, ამ საქმეს არაფერი ეშველება. ისიც დავაზუსტეთ, რომ ტახმასიბის ფუროსემიდის კვალი აღმოუჩინეს, რომელიც თვითონ არაა სტიმულატორი, მაგრამ შარდმდენია და მას ხშირად იყენებენ ორგანიზმიდან დოპინგის კვალის გამოსადევნად. სწორედ ამიტომაა აკრძალული.
ისიც შევიტყვეთ, რომ თურმე პირველ ტესტზე დადებითი პასუხი მავან აზერბაიჯანელ ძიუდოისტსაც აღმოჩენია, ჩვენ კი დავძენთ, რომ სწორედ ფუროსემიდის გამო დღემდე იხდის სასჯელს ძიუდოში აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორი ნიჯატ შიხალზადე (60) - 20 წლის ასაკში ის მეორედ ჩავარდა დოპინგზე და ამიტომ ძალზე მკაცრად, ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.