`თავისუფალთა~ გამოსვლისა არ იყოს, წარმატებით ვერც ამათ იჭიდავეს იმის მიუხედავად, რომ ერთი ვერცხლი აქვთ, ანუ ხარისხობრივად წინსვლაა - `თავისუფლებს~ ხუთი ბრინჯაო ჰქონდათ. აქ ერთადერთ წონაზე - 74-ზე თუ შეიძლება კარგის თქმა, თორემ სხვა წონებში უმეტესობა ადრევე გავარდა და სანუგეშოშიც ერთეულებმა გააღწიეს. რაც შეეხება მძიმე წონას, ჩვენები ძირითადად ერთმანეთში
ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი 74 კილოგრამი წონითი კატეგორია აღმოჩნდა ორი მიზეზის წყალობით - ცირეკიძის წარმატებისა და მანუჩარ კვირკველიას საკმაოდ კარგი ჭიდაობის გამო. ამ ნაკრებს ახალი სახეების გამონათებები დასჩემდა და წლეულს უკვე ვიხილეთ ერთი ასეთი - ბაღდათელი სოსო ჯაბიძე (96), ვინაც ევროპის პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა და გუნდის ერთადერთი მედალოსანი გახდა. ეტყობა, ნაკრების ახალ აღმოჩენად ცირეკიძე იქცევა.
ახალგაზრდა ქუთაისელმა ფალავანმა ცირეკიძემ ყურადღება პირველად ივნისში მიიპყრო, როცა თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ გივი კარტოზიას სახელობის `ოქროს დიდი პრიზის~ ტურნირში გაიმარჯვა. საკმაოდ კარგი და დამაჯერებელი ჭიდაობის მიუხედავად, დებიუტანტის გამარჯვება იქნებ ბევრმა შემთხვევითობად მიიჩნია. ყოველ შემთხვევაში, ქომაგთა თუ სპეციალისტთა შორის ცოტა გვეგულება ისეთი, მისგან ბაქოშიც ასეთ დიდ შედეგს რომ ელოდა.
გუშინდელი ტოტალური წარუმატებლობის ფონზე, ამ წონის ნახევარფინალში ერთბაშად ორი მონაწილე გვყავდა - ცირეკიძე და კვირკველია. ეტყობა, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კვირკველია თანდათან შედის ფორმაში. შეგახსენებთ - მან წინა კვირას მადრიდის ტურნირიც მოიგო, ახლა კი მეხუთეზე გავიდა, თუმცა ბრინჯაოსთვის არ უჭიდავია. სავარაუდოდ, მის გამოსვლას მადრიდული ტურნირიც დაატყობდა კვალს - ძალების აღსადგენად დრო არ ეყოფოდა, რადგან ესპანეთიდან ორშაბათს დაბრუნებული პარასკევს ბაქოში გაემგზავრა. თუმცა მან არაერთ შეხვედრაში ჩვეული შემტევი სტილის ჭიდაობა აჩვენა და ქულებიც ბლომად დააგროვა. ჩვენდა სამწუხაროდ, ორივე ქართველი ერთი და იმავე ათლეტის - უნგრელ ევროპის ჩემპიონ პეტერ ბასცის წერა გახდა. მადიარი კონტინენტის ჩემპიონი 2008 წელს იყო, წლევანდელ ევროპირველობაზე კი ბრინჯაო მოიპოვა. ის საოცრად მოტივირებული ჩავიდა ბაქოში და სეზონში მეორე სტუმრობა ფეხბედნიერიც გამოუვიდა - ჩემპიონიც გახდა და 10 000 დოლარიც ჩაიჯიბა. მან ამ ტურნირზე სამი ტიტულოვანი მეტოქე ჩამოიცილა - ბელარუსი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ალექსანდრ კიკინოვი, თურქი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სელჯუკ ცები და კვირკველია.
...ბაქოში ცირეკიძემ სამი შეხვედრა მოიგო ძალზე საინტერესო სტატისტიკით - სამივე ძირითად დროში და ყველა სეტში მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. პირველად მასპინძელ სამურაი მუსტაფაევს აჯობა, მერე - ყაზახ რომან მელიოშინს, მესამე შეხვედრაში კი პოლონელი იაკობ კაზიმიერს ტიმი დაამარცხა. ცოტა დააკლდა და, მეორე წრეში ის ყაზახი აშხატ დილმუხამედოვი შეხვდებოდა, ვისაც თბილისური ტურნირის ფინალი მოუგო, მაგრამ ამჯერად დილმუხამედოვს და მელიოშინმა აჯობა. სამწუხაროდ, ფინალში ჩვენებური ვერაფერს გახდა საოცრად მოტივირებულ უნგრელთან და ორივე პერიოდი წააგო საერთო ანგარიშით 0:4. ვიდრე ცირეკიძე ბადის ერთ ნახევარში არბევდა მეტოქეებს, მეორე მხარეს კვირკველია იბრძოდა ყოჩაღად. უფრო სწორად, ებრძოდა ირანელებს, რადგან პირველი ორი შეხვედრა მათთან ჩაატარა და ორივესთან დამატებით დროში იმარჯვა, საინტერესოა, რომ მან წააგო ორივე პირველი სეტი და მერე იმარჯვა ანუ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. არც ჰამიდ აბდულრახმან რეიჰანი და არც მეჰდი რაჰმან მოჰამადი წონის ლიდერებს არ მიეკუთვნებიან, თუმცა აზიის პირველობაზე მედლები კი მოუპოვებიათ. სამაგიეროდ, ირანის ნაკრები ამ ტურნირში ძალზე ძლიერად გამოვიდა და არც ესენი უნდა ყოფილიყვნენ ჯაბანნი, მაგრამ კვირკველიამ რეიჰანი ერთ სეტში 8:0 გაანადგურა!
ჩვენებურმა ბასცისთანაც ყოჩაღად დაიწყო შეხვედრა ნახევარფინალში და პირველი პერიოდი 3:0 მოუგო. სამწუხაროდ, მომდევნოები ერთნაირი ანგარიშით - 0:5 დათმო. ვეჭვობთ, რომ მან ტრავმა მიიღო და საერთოდ შეწყვიტა ბრძოლა... ამ ეჭვს ის უფრო აძლიერებს, რომ არც ბრინჯაოსთვის უჭიდავია კიკინოვთან, რომელსაც ადრე რამდენჯერმე მოუგო, ერთხელ კი სულაც ნეკნი ჩაუმტვრია... სამწუხაროდ, ლამის მთელი საჭიდაო სამყარო ბაქოშია წასული, თბილისში დარჩენილთაგან კი ზუსტად არავინ არაფერი იცოდა.
ამ წონაში სამსოფლიოსჩემპიონატოდ საინტერესო კითხვა ჩნდება - ვის დააყენებს ნაკრებში ბეგი დარჩია? ჯერჯერობით შედეგების მიხედვით მთავარი პრეტენდენტი ცირეკიძეა, თუმცა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის ჩამოწერაც არ იქნება იოლი. მით უფრო, ფორმაში შედის. კვირკველიამ კარტოზიას ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა, რაც შანსს უნარჩუნებს - დაზარების გამო რომ არ ეჭიდავა, მაშინ სხვა იქნებოდა, ტრავმირებულს კი გამოსვლას ვერავინ მოსთხოვდა.
მძიმე წონაში უცნაური რამ მოხდა - სამივე ჩვენებური ცხრილში თავიდანვე ერთმანეთის მიყოლებით განლაგდა, ანუ პირველი სამი ნომერი ერგოთ, რაც მათ შორის გარდაუვალ შეხვედრას ნიშნავდა. პირველ წრეში ერთმანეთს კარტოზიას წლევანდელი ტურნირის ფინალისტი, ოთარ ბოლქვაძე და დიმიტრი ჯავახიშვილი შეხვდნენ და ძირითად დროში ჯავახიშვილმა მოიგო. შოთა გოგისვანიძე პირველივე შეხვედრაში ირანელ მოჰამად გოლდასტენ გორბანისთან დამარცხდა, როელმაც მერე ჯავახიშვილის იმედებიც შეიწირა და ფინალში გავიდა. ამდენად, ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება ქართველებს ერგოთ და შედარებით გამოცდილმა, რამდენიმე წლით უფროსმა ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრი გოგისვანიძე დაამარცხა.
ალბათ, ქომაგთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა 96 კილოგრამი წონითი კატეგორიაც - ერთი მხრივ რამაზ ნოზაძის, მეორე მხრივ კი ჯაბიძის გამოსვლის გამო. სამწუხაროდ, ქომაგს მოლოდინი ვერც ერთმა გაუმართლა, უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ ორივემ ერთ ფალავანთან, არც ისე ძლიერ უნგრელ ივან ნემენტთან წააგო. მადიარი ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კია, მაგრამ ამ წონაში უნგრელთა ლიდერი მაინც სხვაა - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბალაშ კისცი. ჩვენებურებმა ნემენტთან ძირითად დროში წააგეს და ერთი ქულაც ვერ აართვეს. ნოზაძე მას პირველივე წრეში გადაეყარა, ჯაბიძე - მეორეში, მანამდე კი ისევ დაამარცხა აზერბაიჯანელი საბუჰი ჰუმბატოვი, ვისაც წლეულს ერთხელ უკვე მოუგო ბაქოში - ევროპირველობაზე. ნოზაძეს იქ წასვლამდე ტრავმა აწუხებდა და ღმერთმა ქნას, ეს იყოს მისი წაგების მიზეზი და არა უფრო სერიოზული რამ.
ამ წონაში მესამე ქართველი - სერგო ნინუა ისევ ქართველმა, ოღონდ უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა დავით სალდაძემ დაგვიმარცხა, რომელსაც ახლა ასევე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე დოხტურიშვილი ავარჯიშებს. მამლუქთა თემას შევეხეთ და, ბარემ აქვე გეტყვით, რომ პირველივე წრეში ზურაბ კეკელიძეს (55) ემზარ მახარაძის აღზრდილმა ინდოელმა რაჯენდერ კუმარმა მოუგო.
...ქომაგებს იმედები ვერც მსოფლიოს შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა და ევროპის პრიზიორმა მანუჩარ ცხადაიამ (66) გაუმართლა - უკრაინელ დენის დემიანკოვს დამატებითში კი მოუგო, მაგრამ ყაზახ აიბეკ იენსეხანოვთან ვერაფერს გახდა. ქომაგისთვის საინტერესო იყო კარტოზიას წლევანდელი ტურნირის ჩემპიონ ვლადიმერ გეგეშიძის (84) გამოსვლაც, მაგრამ მას წილისყრამ არ გაუმართლა - პირველივე წრეში მეტოქედ რუსი ოლიმოპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ალექსეი მიშინი ერგო და წააგო. თუმცა მიშინი რომ დაუმარცხებელი არაა, მალევე დაამტკიცეს გეგეშიძესავით უცნობმა ირანელებმა - მომავალმა ჩემპიონმა ტალებ ნარიმან ნემატროურმა რუსს ნახევარფინალში აჯობა, დავოდ მოჰამად აბედინზადენ ჩადორჩიმ კი არც ბრინჯაოს მედალი დაანება.
სხვა ჩვენებურებიდან სანუგეშო წრეში მხოლოდ გიორგი გვენეტაძე (55) და ანტონ მამაგეიშვილი (74) გადაერთნენ, თუმცა უშედეგოდ. ლაშა გოგიტაძე (55), ირაკლი ჭოჭუა (60), გენადი გოგიშვილი (74), დავით ხეთაგური და დავით ქარჩავა (84) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ, რევაზ ლაშხმა (60) და მუხრან მაჭუტაძემ (66) კი თითო შეხვედრა მოიგეს.