ბოლო დროს სპორტის ისეთი ჩოხიანი სახეობის წესები, როგორიცაა ძიუდო, დაუახლოვდა ჩვენს ეროვნულ სახეობას (აიკრძალა ფეხში ხელის წავლება).
ქართული ჭიდაობის ფედერაციაში დიდი ხნის წინათ ჩაისახა ჩვენი ეროვნული საგანძურისთვის საფუძვლის გამოცვლის უკეთური აზრი _ მისი ენდემურობის გაქარწყლება და გაერთიანება ჭიდაობის სხვა ჩოხიან სახეობებთან (იური იმერლიშვილი). მრავალი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჭიდაობის საზიანოდ. იაპონიაში ჩასვლა და მათთვის "უცნობი მტრის" _ ქართული ჭიდაობის ანა-ბანის სწავლების მცდელობა თვით იაპონიაში და სხვა ნებისმიერ ნორმალურ, ჩვენსავით ძველი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ღალატად ჩაითვლებოდა. აბა, სცადოს ვინმემ, იაპონიაში ჩავიდეს და მათი ეროვნული სახეობების საიდუმლოებებს გაეცნოს ან რომელიმე მასწავლებელი ჩაიყვანოს თავის ქვეყანაში და მისგან ისწავლოს იაპონური ჭიდაობის საიდუმლოებები.
არც ერთი ნორმალური ოჯახის უფროსი არანაირი გასამრჯელოს ფასად არ გამოიღებს თავისი სახლის საძირკვლის ქვას და არ მისცემს სხვას, რადგანაც ასეთი ქმედება მისი სახლის სიმტკიცეს შეუქმნის საშიშროებას. მაგრამ ვთვლით კი ჩვენი წინაპრებისგან დატოვებულ საგანძურს ჩვენი სახლის საძირკვლის ქვად? ვფიქრობ, რომ არა.
განა მსგავსი ქმედებები საქართველში სხვა "ქართული საქმიანობით" დაკავებულ "სპეციალისტებს" არ გაუკეთებიათ; იცოცხლეთ, ყოფილა! დღემდე ერთი გვშველოდა მხოლოდ, ახალი ჯიშის ნერგის მყიდველი უცხოელი ხეს კი გაახარებდა ხოლმე, მაგრამ მისი ნაყოფის მიღებას ვერასოდეს ახერხებდა, რადგანაც ეს ნაყოფი რომ მიიღო, ქართული გენეტიკით უნდა დაგაჯილდოოს ღმერთმა.
ბატონებო, დრო მოვიდა, მივხვდეთ და გავითავისოთ "ქართული საერო და სასულიერო ზნეთა ტრადიციული სისტემის" მშობელი დედასავით გაფრთხილების აუცილებლობა. არადა, ჩვენი არაკომპეტენტურობით, თავის გამოჩენის სურვილით, თუ ქვეყნის უნებლიე მტრობით (განსასჯელად თქვენთვის მომინდვია), უცხოელების თვალში ისე ჩანს, როგორც ჩვენს წინაპარს უთქვამს _ "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა".
ტელევიზორით მოვისმინე ბატონი გაბრიელ ბარჯაძის აზრი ქართული ჭიდაობის სამოსის (ფორმის) შეცვლის გამართლებასთან დაკავშირებით: "ქართველები ჩოხას გაიხდიდნენ, ახალუხის სახელოებს დაიმკლავებდნენ იდაყვის ზემომდე და ისე ჭიდაობდნენ". აბა როგორ მოქცეულიყვნენ, ბატონო გაბრიელ, როდესაც ორი მტრულად განწყობილი იაპონელი შეხვდება ერთმანეთს, ერთი მეორეს აფრთხილებს _ ძმაო, აქ დამელოდე, სახლში წავალ, ძიუდოს კიმონოს მოვიტან და შევებრძოლოთო?!
ბატონებო, იმის ნაცვლად, რომ ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას (პრეზიდენტი უშანგი ყურაშვილი, გენერალური მდივანი იური იმერლიშვილი) საქართველოში ქართული ჭიდაობის მასწავლებლებისა და მსაჯების მომზადებაზე, მისი საერთაშორისო სახეობად გადაქცევაზე ეზრუნა, რამდენიმე პროფესიონალი (უკვე ხანში შესული) მსაჯის ანაბარა დარჩა და ეს ვაკუუმი კი არ ამოავსო, არამედ პროფესიონალი წინაპრების მიერ (სხვათა შორის, ფედერაციაში არის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი სიმონ მაისურაძე, რომლის აზრს ფედერაციის პრეზიდიუმი უკვე მრავალი წელია ხმათა უმრავლესობით უარყოფს) შექმნილი ჭიდაობის ფორმასა და წესებზე მიიტანა იერიში. ამ მრავალწლიანი ანტიქართული რუდუნებით მიღებული ახალი ჭიდაობა, ქართულ ჭიდაობად ვერ ჩაითვლება (კიდევ კარგი, რომ დღემდე გვყვანან ქართული ჭიდაობისა და მისი ცოდნის ისეთი ცოცხალი ლეგენდები, დიდი მასწავლებლები, როგორებიც არიან: სიმონ მაისურაძე, ვახტანგ ბალავაძე, ქრისტეფორე ნინიაშვილი, ვაჟა ნუცუბიძე, გივი კახაბრიშვილი). სამწუხაროდ, მათ აზრს არავინ ეკითხება.
ჩვენს ასოციაციაში გვაქვს ქართული ჭიდაობის სექტორი (ხელმძღვანელი სიმონ მაისურაძე), რომელიც ბოლო წლებში ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან მხარდაჭერისა და თანადგომის ნაცვლად ყოველმხრივ ხელშეშლასა და, შეიძლება ითქვას, მტრობასაც კი განიცდიდა, რაც კარგად არის ცნობილი სპორტის ამ სახეობასთან დაახლოებულთათვის.
მკითხველს შევახსენებთ, რომ დავაარსეთ და ბოლო ათი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში (ისტორიულ ჰერეთში "ქურმუხობის" დიდ სახალხო ზეიმზე) ჩვიდმეტჯერ ჩავატარეთ ქართული ჭიდაობა სახელგანთქმულ ქართველი მოჭიდავეებთან ერთად აზერბაიჯანელი, ავარი და დაღესტნელი მოჭიდავეების მონაწილეობით; სამჯერ გავმართეთ ქართული ჭიდაობა თურქეთის ართვინის ვილაიეთის შავშეთის რაიონში (ისტორიულ ტაო-კლარჯეთში) ქართველთა დიდ სახალხო ზეიმ `სათავე ფესტივალზე~, სადაც ჩვენს სახელგანთქმულ ფალავნებთან ერთად თურქი მოჭიდავეებიც მონაწილეობენ; საქართველოში დავაარსეთ _ ნესტორ ესებუას (სენაკში), ვახტანგ ბალავაძის (სამტრედიაში), კოლია ქვარიანისა და დავით ციმაკურიძის (ქუთაისში), კოსტა მაისურაძის (ონში), კულა გლდანელის (გლდანში), სანდრო კანდელაკის (მცხეთაში), სიმონ მაისურაძის (თბილისში) სახელობის ტურნირები.
ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ საქართველოში სპორტის მმართველ ზედა ეშელონებში, როგორც ამბობენ, მათთვის ცნობილი ბევრი რამ არ არის.
ღმერთმა ინებოს!
ნეტარ არიან მორწმუნენი!
დიმიტრი დუნდუა,
ქართული ხალხური თამაშებისა და სპორტის ეროვნული სახეობების ასოციაციის "კავშირი" პრეზიდენტი.
რედაქციისაგან: ავტორის გულისტკივილი და ცხარე ტონი გასაგებია, ეჭვს არც მისი გულწრფელობა იწვევს. ალბათ, მართლა დადგა დრო, მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ ქართული ჭიდაობისადმი. ჩავთვალოთ, რომ ამ თემაზე ღია დიალოგი გახსნილია. იქნებ წერილის ატორი მომეტებულად ამუქებს პრობლემებს. სიტყვა თქვენზეა, გამოგვეხმაურეთ.
ბატონო ადმინისტრატორო, გთხოვთ ეს სტატიები გააცნოთ საზოგადოებას.
რაც შეეხება ქართული ჭიდაობის 1995 წელში გამოცემულ შეჯიბრების ახალ წესებს, იგი დღესაც ძალაშია.
ფედერაციის გენერალური მდივანი იური იმერლიშვილი