გიორგი ბაინდუროვი (ბაინდურაშვილი) სამბოში მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
მინსკში დაწყებული სამბისტთა მსოფლიოს პირველობის სასტარტო დღე წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან სამი სპორტსმენიდან ორმა მედალი მოიპოვა, მათ შორის კი ერთი ოქროა - მსოფლიოს ჩემპიონი 27 წლის გიორგი ბაინდურაშვილი (90) გახდა, რომელიც ახლა ბაინდუროვის გვარით გამოდის (იხილეთ ვიდეო).

52 კილოგრამში ბრინჯაოს მედალოსანი ფოთელი ნუკრი ბერაია გახდა.

ბაინდუროვი სპორტში თავიდან სწორედ სამბოდან მოვიდა, მაგრამ მერე სამბისტთა უმეტესობის მსგავსად მანაც ძიუდოში გადაინაცვლა, როგორც ოლიმპიურ სახეობაში. ცუდად არც იქ გამოდიოდა და პეკინის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობ
ამ ჩინეთში მის ნაცვლად სხვა წაიყვანა.

ამ გულისტკივილმა ბაინდუროვი საბოლოოდ მიაბრუნა სამბოსკენ და 9 ნოემბერს ოცნებაც აისრულა.

თუმცა მსოფლიოს ჩემპიონობასაც გააჩნია - ფინალში ჩვენებურმა იმდენად დიდი უპირატესობით, ისე დამაჯერებლად დაჯაბნა რუსი ედუარდ კურგინიანი, ბარე ორ ფინალს ეყოფოდა. თავად განსაჯეთ - ბაინდუროვმა 10:1 მოიგო! დაგვეთანხმებით, ასეთი სხვაობა უბრალო უპირატესობას არ ნიშნავს. არადა, მეტოქე მსოფლიოს ორგზის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონია.

კურგინიანმა თავიდანვე შეუტია და უკვე 20 წამში მტკივნეულის გაკეთებას შეეცადა. ბაინდუროვმა შეძლო თავის დაცვა და ამის შემდეგ უფრო ტაქტიკურ ჭიდაობას მიეძალა - ჩავლებებით ცდილობდა მეტოქის შეტევების შეჩერებას, თვითონ კი ძირითადად შიდა სარმებით ცდილობდა ფონს გასვლას. ამ მონაკვეთში რუსთა კრასნოდარელი სომეხი უფრო აქტიური იყო, ჩვენებური კი ძირითადად მისი შეტევების ჩაშლით იყო დაკავებული.

ამგვარმა ვითარებამ დაახლოებით 3 წუთი გასტანა, ამასობაში კი რუსმა სწორედ ამ აქტიურობით ერთი ქულაც დაიმსახურა და დაწინაურდა. ეს წითელი ნაჭერი აღმოჩნდა ბაინდუროვისთვის, რომელიც თანდათან გააქტიურდა. მართალია, ეს არ იყო უკანმოუხედავი შეტევა, თითქოს დიდად არც ტემპი გაუზრდია, მაგრამ შეტევას მეტი დრო დაუთმო, რამაც საოცარი შედეგი მოიტანა - ორ წუთზე ნაკლებ დროში სამი ჩინებული გდება და 10 ქულა!

ჩვენებურს ქართული ჭიდაობის ილეთებიც დიდად დაეხმარა. ჯერ იყო და ვარდნაში წამოღებული კისრულით ისეთი გდება შეასრულა, ძიუდოში იპონს უყოყმანოდ რომ მისცემდნენ - 2 ქულა და ის 2:1 დაწინაურდა. რუსი ფიზიკურად საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ტემპი არც დაწინაურების შემდეგ დაუგდია, ხოლო ჩამორჩენამ სულ მთლად გაახელა. ერთ მომენტში ბაინდუროვმაც დრო იხელთა და შეტევაში გართული მეტოქე 4-ქულიან "წისქვილზე" დაატრიალა - 6:1.

შეხვედრის დამთავრებამდე წამები რჩებოდა, როცა ვა-ბანკზე წასული მეტოქე, როგორც იტყვიან, ილეთზე "მოაჯდა" ქართველს და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, მორიგი უზადო გდებით მონაგარი კიდევ 4 ქულით გაიხვავრიელა და მსოფლიოს ჩემპიონობაც გაიფორმა.

ამ დროს სასტვენამდე 10-ოდე წამი რჩებოდა, რომლის გაყვანაც ტექნიკის საქმე იყო, მერე კი დადგა დრო, როცა ახალმა ჩემპიონმა გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის მიერ მიწოდებული პატრიარქის დალოცვილი იმ ცნობილი დროშით, რომელსაც ყველა ტურნირზე დაატარებენ ჩვენები და გამარჯვების შემდეგ ყველგან ფრიალებს, ლეიბს საპატიო წრე დაარტყა, ბოლოს კი ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ ავთანდილ ცინცაძეს და საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ლიპარტელიანს გადაეხვია.

ორგანიზატორებმა მისი დაჯილდოებაც ლიპარტელიანს მიანდეს, რომელმაც შეგირდს მრავალი ჩემპიონობა უსურვა.

მასპინძელთა გასახარად, ამ წონაში ბრინჯაოს მედალი ძიუდოში ევროპის ჩემპიონმა ანდრეი კაზუსიონაკმა მოიპოვა, მეორე ბრინჯაოს კი ყაზახი ერკინ დონიუროვი დაეუფლა.

ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მესამე ადგილი წარმატებაა ბერაიასთვისაც. 9 ნოემბერს ჩვენგან უმედლოდ ლევან ნახუცრიშვილი დარჩა.

10 ნოემბერს მინსკში ვაჟთაგან 57, 74 და 100 კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ ანუ ჩვენგან მსოფლიოს ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი (57), ბესო ბერულავა (74) და მსოფლიოს პრიზიორი ლევან ჟორჟოლიანი (100) გამოვლენ, 11-ში კი ლევან ქოჩიევი (62), ნიკო კუცია (82) და ნოდარ მეტრეველი (+100) იასპარეზებენ.

10 ნოემბერსვე ვიხილავთ საქმეში ჩვენი გუნდის ქალთა დუეტს - შორენა შარაძესა (64) და ირინა ლეონიძეს (80).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გრიგოლ ბაინდუროვი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მინდოდა სტატიის ავტორისათვის მეკითხა –როგორ არის ეს პიროვნება ბაინდურაშვილი, თუ ბაინდუროვის გვარით გამოდის? რაღაც აბსურდს წერთ.
ok
10 ნოემბერი 2012 18:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული