საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 მედალი დაისაკუთრა

AutoSharing Option
ფოტოზე: ვახტანგ ჩიდრაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა
ზაგრებში დამთავრდა სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 10 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 6 ბრინჯაო. ამათგან 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ქალთა ნაკრების მონაგარია, დანარჩენი - ვაჟებისა. ამას ვაჟებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილიც დაუმატეს, მხოლოდ რუსეთს ჩამორჩნენ.

ქალთაგან ფინალურ პაექრობაში გასვლა ნინო ოძელაშვილმა (72) შეძლო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ ნატალია სმალთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედალს შორენა შარაძე (60) და ირინა ლეონიძე (+80) დაეუფლნენ.

ვაჟთა შორის ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57) და დავით
ლორიაშვილი
(100) გახდნენ. საინტერესოა, რომ ისინი შარშანაც გახდნენ ევროპის ჩემპიონები და წლეულს ეს ტიტული წარმატებით დაიცვეს.

არანაკლებ სასიამოვნოა, რომ ფინალში ორივემ რუსი მეტოქე დაამარცხა - ჩიდრაშვილმა საიან ხერტეკს სძლია, ლორიაშვილმა კი ფრიად ტიტულოვანი სერგეი სამოილოვიჩი დაჯაბნა, ვინც ძიუდოშიც გამოდის და ვისაც რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს პირველობაზეც უასპარეზია.

ფინალში გავიდა ბექა ტუღუშიც (68), ოღონდ გადამწყვეტი პაექრობა ბელორუს დმიტრი სმოლინთან დათმო და ვერცხლს დასჯერდა.

საინტერესოა, რომ ამ წონაში შარშანდელ ევროპირველობაზეც ასეთივე სინჯის მედალი გვქონდა, ოღონდ ის ლევან ნახუცრიშვილმა მოიპოვა, რომელიც ასევე ბელორუსთან დამარცხდა, ალექსანდრ კოკშასთან.

ჩვენი გუნდიდან ბრინჯაოს მედლის მფლობელები გივი ნადარეიშვილი (52), შმაგი ლაგაზაური (62), კახა მამულაშვილი (74) და დავით კარბელაშვილი (90) გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიგოს - შევასწორებთ უკვე, რაც სხვა საიტებზეც გადავამოწმე, თორემ რუსებსაც და ევროპის სამბოს საიტსაც აქამდე მეორე ადგილი უწერიათ (როგორც წესი, ესენი ერთსა დ იმავე ინფოებს დებენ).
სამაგიეროდ, ბადეები ჯერაც არ დაუდიათ ამ ოლიმპიადაზე მეოცნეებს.
irakli tavadze
18:01 18-05-2015
0
გუნდური მეორე ადგილი და არა მესამე
Gigo
14:48 18-05-2015
0

სიახლეები პოპულარული