კოკაი უმაღლესში რჩება?

AutoSharing Option
პროფესიულ სუმოში ბოლო წლებია სულ სკანდალებია, ახლახან საქმე იქამდე მივიდა, რომ სუმოს ასოციაციამ არნახულ ზომას მიმართა - მარტის ბაშო გააუქმა. და აი, სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ჩაწყობილ შეხვედრებში მონაწილეობისათვის 21 სუმოისტსა და 2 მწვრთნელს განაჩენი გამოუტანა: მათ 5 აპრილამდე მიეცათ ვადა პენსიაში გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში დამნაშავეებს სამუდამო დისკვალიფიკაციით გააძევებენ. სასიხარულოა, რომ არც ამ სკანდალში აღმოჩნდნენ ქართველი სუმოისტები (ლევან გორგაძე, ლევან ცაგურია და თეიმურაზ ჯუღელი) გარეულები.

დამნაშავედ უმაღლესი დივიზიონის 6 წევრი სცნეს, მათგან 4 მონღოლია (ჰაკუბა, ტოკუსეგავა, კორიუ, მოკონამი) ერთი კორეელი
(კასუგაო) და ერთიც იაპონელი (კოტოკასუგა). 8 რიკიში ძურიოს დივიზიონიდანაა: შიმოტორი, მასაცუკასა, საკაიზავა, კიოკუნანკაი, ვაკატენრო, კიოსეუმი, ტოიოძაკურა და ასოფუჯი. დასჯილთა შორის არიან ერთ დროს ელიტაში მოჭიდავე, ახლა კი მესამე დივიზიონში დაქვეითებულნი: ჯუმონჯი, კირინოვაკა, ჰოშიჰიკარი, შირონონამი და იამამოტოიამა. დამნაშავეა აგრეთვე მწვრთნელი ტანიგავა (ყოფილი კომუსუბი კაიჰო). სამ ადამიანს შედარებით მსუბუქი განაჩენი გამოუტანეს, რადგან მათ აღიარეს დანაშაული, ესენია: ჩიოჰაკუჰო, ენაცუკასა და მწვრთნელი ტაკენავა (ყოფილი რიკიში კასუგანიშიკი) - ისინი 2-2 წლით დასაჯეს.

სუმოს ახალი რეიტინგი 25 აპრილს გამოქვეყნდება, მორიგი ბაშო კი 8-22 მაისს გაიმართება. წესით და რიგით, ლევან ცაგურია (კოკაი) ძურიოს დივიზიონში კარიერაში პირველად უნდა დაქვეითებულიყო, მაგრამ უმაღლესი დივიზიონიდან 6 რიკიშის გაძევების შემდეგ, შესაძლოა, "შავი ზღვა" ისევ უმაღლესში დატოვონ.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული