კომუსუბი ქართული ტიტულია

AutoSharing Option
როგორც ველოდით, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალ რეიტინგ-ლისტში (ბანძუკე) ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) სუმოს იერარქიაში რანგით მე-4 ტიტული, კომუსუბობა მიანიჭა.

ივლისის ბაშოზე 23 წლის ტოჩინოშინი დასავლეთის კომუსუბის რანგში იჭიდავებს. შეგახსენებთ, რის გამო დაიმსახურა ლევანმა დაწინაურება - მაისის ბაშო მან 12-3 ბალანსით დაასრულა და მეორე ადგილი დაიკავა, გარდა ამისა მან "მებრძოლი სულის" პრიზიც დაიმსახურა. ამიტომაც, არავის გაჰკვირვებია, როცა გუშინ დასავლეთის მე-6 მაეგაშირას კომუსუბის ტიტული მიანიჭეს. ახლა სუმოს იერარქიაში მასზე წინ მხოლოდ 9 რიკიშია.

პირველი ქართველი, ვინც კომუსუბის ტიტული მიიღო, ლევან ცაგურია
(კოკაი) იყო - მან 2006 წლის სექტემბრისა და ნოემბრის ბაშოებზე იასპარეზა ამ ტიტულით. სხვათა შორის, მხოლოდ კოკაიმ შეძლო ერთხელ მაინც ტიტულის შენარჩუნება ჩვენებურთაგან. ამის შემდეგ კოკაის დაღმასვლა დაეწყო, წლეულს კი 7-წლიანი ელიტელობის შემდეგ, უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა კიდეც. ტოჩინოშინმა ტიტული პირველად შარშან ივლისის ბაშოსთვის მიიღო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. შემდეგ კომუსუბობა მან ნოემბრის ბაშოსთვის დაიბრუნა და კვლავ ვერ შეინარჩუნა. გუშინ ის მესამედ გახდა კომუსუბი და "შავ ზღვას" რეკორდიც წაართვა - ის პირველი ქართველია, ვინც ამ ტიტულით მე-3 ბაშოზე გავა.

დადებითი ბალანსი დაუფასდა ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), ის მე-14 მაეგაშირობიდან დასავლეთის მე-7 მაეგაშირამდე დააწინაურეს.

ელიტაში ძალთა განლაგება ასეთია, არის მხოლოდ ერთი დიდი ჩემპიონი იგივე იოკოძუნა - მონღოლი ჰაკუჰო. ოთხი რიკიში ფლობს ჩემპიონის (ოძეკი) ტიტულს: ბარუტო, ჰარუმაფუჯი, კაიო და კოტოოშუ. სეკივაკე სამია: კოტოშოგიკუ, კისენოსატო და კაკურიო, კომუსუბი ორი - გოეიდო და ჩვენებური. უმაღლეს დივიზიონში 4 ახალწვეული იჭიდავებს: ტაკარაფუჯი, ტაკაიასუ, დაიდო და ფუჯიაზუმა.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - კოკაიმ მაისის ბაშო 5-10 ბალანსით დაასრულა, მაგრამ თუკი სხვა დროს, ამის გამო ძურიოს დივიზიონიდან გავარდებოდა, ახლა რეიტინგში დაწინაურდა კიდევაც - ძურიოს მე-6 ნომრიდან მე-4 ნომერი გახდა და ელიტაში დაბრუნების კარგი შანსიც გაუჩნდა.

ივლისის ბაშო აიჩის პრეფექტურის დარბაზში, ნაგოიაში გაიმართება. ის 10 ივლისს დაიწყება და 24-ში დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული