გაგამარუს გზა "მებრძოლი სულის" პრიზამდე

AutoSharing Option
ტოკიოში არის ერთი დარბაზი, რომელსაც სუმოს მექას ეძახიან - "რიოგოკუ კოკუგიკანი". იქ წლის 6 ბაშოდან ნახევარი იმართება, აკი ბაშოც, რომელიც ქართველი სუმოისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერტურნირი გამოდგა, 15-დღიანი ბატალიების შემდეგ იქ დასრულდა.

ასპარეზობის ბოლო დღეს რკალშემოვლებულ თიხნარზე, რომელზეც ნახერხი თხელ ფენად ყრია, 24 წლის თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ ავიდა იმისთვის, რომ მე-3 მაეგაშირა ტოჩიოძანს გაჯიბრებოდა.

ჩვენებურს 10-4 ბალანსი ჰქონდა და იმპერატორის თასს ვეღარ წვდებოდა, წაგება კი აბსოლუტურად არაფერს დაუშავებდა, ხოლო მისი მეტოქე ოლო დღემდე 7-7-ით მივიდა, ანუ მისთვის ყველაფერი ამ
შეხვედრით წყდებოდა.

199-კილოიანმა გოლიათმა სპორტულ პრინციპს არ უღალატა, მე-11 ორთაბრძოლაც მოიგო და ორგანიზატორებისგან "მებრძოლი სულის" პრიზი (პლუს 20 ათასი იენი) დაიმსახურა: "ამ შეხვედრის მოგება ძალიან მინდოდა, ბედნიერი ვარ ჩემი გამოსვლით.

პრიზისთვის მიღებულ ჰონორარს კი დედას გავუგზავნი საქართველოში. ამ ბაშოზე შევძელი ყოველ ორთაბრძოლაზე კონცენტრირება, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ ახლა გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან მომიწევს ჭიდილი და გაძლიერება მმართებს", - განაცხადა თეიმურაზმა "მებრძოლი სულის" პრიზის მიღებისას.

პაპის სული შვილიშვილის აღზევებისთვის
გაგამარუ 11-4 ბალანსისთვის მნიშვნელოვნად დაწინაურდება სუმოს იერარქიაში, რეიტინგში მოიმატებენ სხვა ქართველებიც: ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და კოკაი (ლევან ცაგურია), თუმცა ჯერ მთავარზე ვთქვათ - იმპერატორის თასი, რომელიც 40 კილოგრამს (!) იწონის, 26 წლის დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ თავად პრემიერ-მინისტრ იოშიჰიკო ნოდასგან ჩაიბარა.

ნოდა ამ საოცარი ქვეყნის რიგით 95-ე პრემიერია, ხოლო ჰაკუჰო რიგით 69-ე დიდი ჩემპიონი (ანუ იოკოძუნა) და კაცმა არ იცის, რომელი უფრო საპატიოა იაპონიაში. დიდმა მონღოლმა თასი მეოცედ ჩაიბარა. ჰაკუჰო ნელნელა უახლოვდება დიდ სუმოისტებს: ტაიჰოს (32 თასი), ჩიონოფუჯის (31), ასაშორიუს (25), კიტანოუმის (24) და ტაკანოჰანას (22).

მოკლედ, ბაშო მოიგო იმან, ვისაც უნდა მოეგო, თუმცა ბოლო დღეები ჰაკუჰომ გვარიანად ანერვიულა გულშემატკივრები - ზედიზედ 11 მოგების შემდეგ  ორ სეკივაკესთან, კისენოსატოსთან და კოტოშოგიკუსთან წააგო. მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - 13:2.

დიდ წარმატებას მიაღწია 27 წლის კოტოშოგიკუმ, ფუკუოკას პრეფექტურის შვილმა - ვიცე-ჩემპიონმა ოძეკობის (ანუ ჩემპიონობის) არაოფიციალური ნორმატივი შეასრულა და მას 28 სექტემბერს მე-4 ოძეკიდ აირჩევენ.

კოტოშოგიკუს ამ ბაშოს წინ 12 მოგება დაუსახეს ამოცანად. და იცით ვინ დაეხმარა ფალავანს? ბებია, რომელმაც სახლის ბუდისტური საკურთხევლის წინ 3 წლის წინათ გარდაცვლილი მეუღლის სული გამოიძახა და ყოველდღიურად თითო მოხარშულ კვერცხსა და ბრინჯის ბურთულას (ო-ნიგირი) აგდებდა იქვე დაკიდებულ კალათაში და... კოტოშოგიკუმაც შეძლო 12 მოგების მითვლა. სხვათა შორის, სუმოს პატარა კაძუჰირო კიკუცუგი სწორედ პაპამ აზიარა, როცა სახლის ეზოში დოჰიო მოუწყო.

მას შემდეგ, რაც ცნობილი რიკიში (ფალავანი) კაიო სპორტიდან წავიდა, იაპონელებს სუმოს იერარქიაში მეორე დონის ტიტულის (ოძეკი) მფლობელი აღარავინ დარჩათ და ეს მათ ძალიან აწუხებდათ - კოტოშოგიკუ კი მათ მხსნელად მოევლინა. ნოემბრის ბაშოზე იაპონელებს კიდევ ერთი პრეტენდენტი ეყოლებათ ოძეკობის - სეკივაკე კისენოსატო, რომელმაც აგრეთვე 12 ორთაბრძოლა მოიგო აკი ბაშოზე.

სამი ოძეკიდან ყველაზე უკეთ ესტონელმა ბარუტომ იასპარეზა (10 მოგება), დადებითი ბალანსით დაასრულა ბაშო მონღოლმა ჰარუმაფუჯიმაც, აი, ბულგარელ კოტოოშუს კი ცუდი რამ შეემთხვა, მან ისე ცუდად იასპარეზა, რომ შუა ბაშოზე მისმა მწვრთნელებმა ტრავმა მოუგონეს და ტურნირიდან მოხსნეს. თუკი ბულგარელი გოლიათი (201 სმ.) ნოემბრის ბაშოზეც შეირცხვენს თავს, ოძეკის ტიტულთან განშორება მოუწევს.

არ შეიძლება არ ვახსენოთ კიდევ ერთი ფალავანი და ამით არაქართველ სუმოისტებზე თხრობასაც მოვრჩებით. ტოიონოშიმა უჩვეულოდ დაბალია სპორტის ამ სახეობისთვის - 169 სანტიმეტრია სიმაღლეში, მაგრამ კომუსუბის ტიტულს ატარებს. ყოჩაღ იაპონელს კატასტროფული სტარტი ჰქონდა აკი ბაშოზე პირველი რვა დღის მერე 7 მარცხი ჰქონდა, მაგრამ მერე ზედიზედ 7 მოიგო და ტიტული შეინარჩუნა. სხვათა შორის, ასეთი გმირობა მან პირველად არ გააკეთა - იანვრის ბაშოზეც ზუსტად ასე მოიქცა.

რამდენად დაწინაურდებიან
ახალი რეიტინგ-ლისტი ანუ ბანძუკე მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ მოიმატებენ ჩვენებურები რეიტინგში. 23 წლის ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იყო, ის ახლა დასავლეთის მე-2 მაეგაშირა გახდება.

გაგამარუ, რომელიც მე-11 მაეგაშირა გახლდათ მე-4 ან მე-5 საფეხურს დაიკავებს, ხოლო კოკაი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რანგისა იყო (მე-16), მე-10 მაეგაშირობამდე უნდა ამაღლდეს.

მომდევნო, წლის ბოლო ბაშო 13-27 ნოემბერს კუნძულ კიუშუზე (ადრე რომ კიუსიუს ეძახდნენ საბჭოთა საქართველოში) ფუკუოკაში გაიმართება.

ქართველ სუმოისტთა სტატისტიკა და რეკორდები

ტოჩინოშინ ცუიოში
ლევან გორგაძე

კლუბი: კასუგანო
23 წლის, 192 სმ, 158 კგ
კარიერის რეკორდი: 222-178
ელიტაში: 147-153
ძურიოს ჩემპიონი, მებრძოლი სულის 3 პრიზი
ყველაზე მაღლა რეიტინგში: კომუსუბი
2011 წელი: 4-11, 12-3, 6-9, 8-7

გაგამარუ მასარუ
თეიმურაზ ჯუღელი

კლუბი: კისე
24 წლის, 185 სმ, 199 კგ
კარიერის რეკორდი: 191-135
ელიტაში: 53-52
ძურიოს, მაკუშიტას და ჯონოკუჩის ჩემპიონი, მებრძოლი სულის პრიზი
ყველაზე მაღლა რეიტინგში: მე-5 მაეგაშირა
2011 წელი: 5-10, 8-7, 5-10, 11-4

კოკაი ფუტოში
ლევან ცაგურია

კლუბი: ოიტეკაძე
30 წლის, 190 სმ, 150 კგ
კარიერის რეკორდი: 422-405
ელიტაში: 311-349
ძურიოს, მაკუშიტას, სანდანმეს და ჯონიდანის ჩემპიონი, მებრძოლი სულის 2 პრიზი, 2 კინბოში (დიდი ჩემპიონის დამარცხება).
ყველაზე მაღლა რეიტინგში: კომუსუბი
2011 წელი: 3-12, 5-10, 9-6, 9-6

ყველაზე კარგი შედეგი ელიტაში: 12-3 ტოჩინოშინი ორჯერ (2008 წლის იანვარი და 2009 წლის ნოემბერი), კოკაი (2008 წლის მარტში).
ყველაზე ცუდი შედეგი ელიტაში: 3-12 კოკაი (5-ჯერ) და ტოჩინოშინი (ერთხელ)
ზედიზედ ყველაზე მეტი მოგებული ელიტაში: 10 გაგამარუ (2011 წლის სექტემბერში)
ზედიზედ ყველაზე მეტი წაგებული ელიტაში: 9 კოკაი (2006 წლის ნოემბერში)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული