როგორც მოსალოდნელი იყო, რეიტინგში სამივე ქართველს რიკიშის წინსვლა აქვს. 24 წლის ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა გახდა (კარიერის რეკორდი: 222 მოგება - 178 მარცხი).
წინა ბაშოზე "მებრძოლი სულის" პრიზის მფლობელი თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დღეიდან დასავლეთის მე-3 მაეგაშირაა (კარიერის რეკორდი: 191 მოგება - 135 მარცხი) და ეს მისი საუკეთესო მიღწევაა.
ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი) გასავარდნ ზონას მნიშვნელოვნად დასცილდა, ახლა ის აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირაა
როგორც ხედავთ, ტოჩინოშინსა და გაგამარუს ერთი წარმატებული ბაშო აშორებთ კომუსუბის ტიტულთან. დიდი ჩემპიონი (ანუ იოკოძუნა) კვლავ ერთია - იმპერატორის თასის 20-გზის გამარჯვებული 26 წლის მონღოლი ჰაკუჰო. ჩემპიონთა რიცხვმა კი იმატა - კიუშუს ბაშოზე 4 ოძეკი იჭიდავებს - ესტონელ ბარუტოს, მონღოლ ჰარუმაფუჯის და ბულგარელ კოტოოშუს 27 წლის იაპონელი კოტოშოგიკუ მიემატა.
რანგით მესამე ტიტული (სეკივაკე) კისენოსატოსა და კაკურიუს ერგო, კომუსუბიც ორია: ტოიონოშიმა და ჰომაშო. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დებიუტი 5 სუმოისტს ექნება: მიოგირიუს, შოჰოზანს, სადანოფუჯის, აოიამას და ცურუგიდაკეს. აღსანიაშნავია, რომ აოიამა ბულგარელი დანიელ ივანოვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"