მაგალითი ძიუდოისტებს: სამივე სუმოისტმა მოიგო

AutoSharing Option

კვირას ტოკიოში სულ შვიდმა ქართველმა იჭიდავა, ოთხმა ძიუდოისტმა და სამმა სუმოისტმა. თუკი ძიუდოისტთა კვარტეტმა ჯამში 6 ორთაბრძოლა მოიგო, 5 წააგო და კვლავ გააწბილა ჩვენი გულშემატკივარი, სუმოისტებმა რიხით დაიწყეს შემოდგომის (აკი) ბაშო - უმაღლესი დივიზიონის სამივე ქართველი ბინადარი მოგებით შეუყვა 15-დღიანი სუპერტურნირის გრძელ გზას...

ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მიუხედავად, სუმოს მექა "რიოგოკუ კოკუგიკანი", რომელიც 13 ათას მაყურებელს იტევს, თითქმის პირთამდე გაივსო. ქართველთაგან დოჰიოზე პირველი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ავიდა. ელიტის უმძიმესი რიკიში (ორ ცენტნერს იწონის) მე-15 მაეგაშირაა, ანუ "ფეხბურთის ენით" რომ ვთქვათ, გასავარდნ

ზონაშია. მისი მეტოქე ასევე მე-15 მაეგაშირა (ოღონდ დასავლეთის) კაკიძოე იყო, ვეტერანი ყოფილი კომუსუბი. ჩვენებური იაპონელზე 63 კილოგრამით მძიმეა, ამიტომაც მან იოლად მოიგერია მეტოქის შეტევა კოტონაგეს ილეთით, მავაში ხელთ იგდო და იორიკირი შეასრულა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ პუბლიკის წინაშე კოკაი (ლევან ცაგურია) წარდგა. მე-8 მაეგაშირას ტოსაიუტაკა (მე-7 მაეგაშირა) დაეჭიდა და ჯიქურადაც შეუტია. "შავმა ზღვამ" ბოლო წამს მოასწრო ცაციათი ეფექტური გდების (სუკუინაგე) განხორციელება.

მესამე ქართველს კარგა ხანს ველოდეთ, რადგან მისი მეტოქე სეკივაკე იყო, მე-3 რანგის ფალავანი სუმოში. უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოს არანს დაუპირისპირდა. კავკასიური ჯახი ღონის დემონსტრირება გამოდგა ორივე მხრიდან. მეტოქეებმა მავაშში ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და მხოლოდ ამ ტაქტიკით ცდილობდნენ ფონს გასვლას. მიუხედავად ამისა, ბრძოლა მოსაწყენი არ ყოფილა, ხან ტოჩინოშინი ასწევდა მეტოქეს და შეუტევდა, ხან — არანი. ბოლოს ქართველი უფრო ღონიერი გამოდგა, მან სამჯერ მიიყვანა კიდემდე ოსი და მესამე ცდაზე მის გარეთაც გადაადგმევინა ფეხი.

დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მოგებით გახსნა აკი ბაშო, თუმცა მისი მეტოქე, კომუსუბი კაკურიუ ბევრს ეცადა, ძლიერი შეტევაც განახორციელა, მაგრამ რაღაც მანქანებით მონღოლმა თავი შეიმაგრა, შემდეგ კი ორთაბრძოლის კონტროლი ხელთ იგდო. იოკოძუნამ ბოლოს იანვარში წააგო, მას მერე კი 48 შეხვედრა მოიგო ზედიზედ! ბაშო მოგებით დაიწყო ოთხივე ოძეკიმ (ჰარუმაფუჯი, კაიო, კოტოოშუ და ბარუტო), თუმცა ყველა სეკივაკე და კომუსუბი დამარცხდა (არანი, ტოჩიოძანი, კისენოსატო, კაკურიუ).

დღეს ტოჩინოშინი მე-4 მაეგაშირა ტოკუსეგავას ეჭიდავება, 27 წლის მონღოლს, რომელიც ასე მაღლა რეიტინგში არასოდეს ყოფილა. ლევანი ამ რიკიშის მხოლოდ ერთხელ შეხვდა, ისიც სამი წლის წინათ და მოუგო. "შავი ზღვა" მე-7 მაეგაშირა კიტატაიკის გადაეყარა, 27 წლის სუმოისტს ქართველი 3:2-ს უგებს (პირველი სამი ორთაბრძოლა მოუგო, ბოლო ორი დათმო). გაგამარუს მეტოქე მე-17 მაეგაშირა ტოიოძაკურაა, რომელსაც უმაღლესის საგზური არაფრით ეკუთვნოდა — ძურიოს მე-11 ნომერი იყო და ნაგოიას ბაშო მხოლოდ 8-7 ბალანსით დაასრულა, მაგრამ სუმოს ასოციაციამ სკანდალში შემჩნეული ყველა რიკიში დაბალ ლიგაში გადაისროლა (ამიტომაც აკი ბაშოზე ძურიოს დივიზიონი ლამის არაფრით ჩამოუვარდება უმაღლესს) და მათ მაგივრად ვიღაც უნდა დაწინაურებულიყო. გაგამარუ ტოიოძაკურას კარიერაში პირველად ეჭიდავება. 

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

I დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (შიტატედაშინაგე), კოტოოშუ-ტოკიტენკუ (უვატენაგე), ბარუტო-ვაკანოსატო (ცუკიდაში), კაიო-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), ტოკუსეგავა-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტაკამისაკარი-ამინიშიკი (ოშიდაში), ჰაკუბა-მოკონამი (უვატენაგე), კიტატაიკი-ასასეკირიუ (იორიკირი), კოკაი-ტოსაიუტაკა (სუკუინაგე), კიმურაიამა-ბუშუიამა (ცუკიჰიზა), შიმოტორი-ჰოკუტორიკი (იორიკირი), იოშიკაძე-კოტოკასუგა (იორიკირი), ტაკეკაძე-კორიუ (ოშიდაში), კასუგაო-სოკოკურაი (იორიკირი), ტოჩინონადა-ტამავაში (სუკუინაგე), გაგამარუ-კაკიძოე (იორიკირი), ტოსანოუმი-კიოკუნანკაი (ჰატაკიკომი), გოეიდო-ტოიოძაკურა (ჰიკიოტოში).

შენიშვნა: წყვილში პირველი გამარჯვებულია, ფრჩხილებში — შესრულებული ილეთი.

II დღე: ჰაკუჰო-ტოკიტენკუ, კოტოოშუ-კაკურიუ, ბარუტო-კისენოსატო, კაიო-ვაკანოსატო, ჰარუმაფუჯი-ჰომაშო, ტოჩიოძანი-კიოკუტენჰო, არანი-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-ტოკუსეგავა, ამინიშიკი-ჰაკუბა, ტაკამისაკარი-მოკონამი, ასასეკირიუ-ტოსაიუტაკა, კოკაი-კიტატაიკი, ბუშუიამა-ჰოკუტორიკი, კიმურაიამა-შიმოტორი, იოშიკაძე-კორიუ, კოტოკასუგა-ტაკეკაძე, სოკოკურაი-ტოჩინონადა, კასუგაო-ტამავაში, კაკიძოე-კიოკუნანკაი, გაგამარუ-ტოიოძაკურა, ტოსანოუმი-ტოიონოშიმა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული