არის მეორე ქართველი კომუსუბიც!

AutoSharing Option

სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ სკანდალში გახვეულმა სუმოს ასოციაციამ ერთი კვირის დაგვიანებით გამოაქვეყნა ივლისის ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი). სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი გვაქვს - როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) სუმოს იერარქიაში რანგით მეოთხე (იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკეს შემდეგ), კომუსუბის ტიტულით დააჯილდოვეს. დღეიდან 22 წლის ტოჩინოშინი დასავლეთის კომუსუბია.

პირველად ისტორიაში ელიტურ დივიზიონ მაკუუჩიში სამი ქართველი სუმოისტი იჭიდავებს. ტოჩინოშინზე უკვე მოგახსენეთ და, მე-12 მაეგაშირას რანგი მიენიჭათ 23 წლის თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) და 29 წლის ლევან ცაგურიას (კოკაის). თუკი პირველი აღზევდა ძურიოს დივიზიონიდან, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენოსანი

კოკაი წინა ბაშოზე ცუდი ასპარეზობის გამო დაქვეითდა და ახლა დებიუტანტ თანამემამულეზე ნახევარი საფეხურით დაბლა დგას, რადგან გაგამარუ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირაა, ხოლო კოკაი - დასავლეთის.

რეიტინგში შეყვანილია ოძეკი კოტომიცუკიც, რომელიც სუმოს ასოციაციამ დიდძალი თანხით (ლაპარაკია მილიონობით დოლარზე) იატაკქვეშა ტოტალიზატორებში თამაშის გამო უკვე სამუდამოდ მოჰკვეთა სპორტიდან. კოტომიცუკის სახელს და მის რეკორდებს მომდევნო ბანძუკეზე ამოიღებენ კლასიფიკაციიდან. ბუნებრივია, იაპონელთა საყვარელი ოძეკი ვერ იასპარეზებს ნაგოიას ბაშოზე, რომელიც ერთობ უჩვეული იქნება. კოტომიცუკის გარდა, კიდევ 18 სუმოისტი დაისაჯა, ოღონდ გაცილებით რბილად - მათ ივლისის ბაშოს გამოატოვებინებენ. "შავ სიაში" არიან: ყოფილი ოძეკი მიაბიამა (მე-5 მაეგაშირა), ყოფილი სეკივაკეები ტოიონოშიმა (მე-5 მაეგაშირა) და გოეიდო (მე-4 მაეგაშირა), ყოფილი კომუსუბი ფუტენო, ტოიოჰიბიკი (მე-6 მაეგაშირა), ოკინოუმი (მე-14 მაეგაშირა), ვაკაკოიუ (მე-8 მაეგაშირა), ძურიოს დივიზიონის რიკიშები ჩიოჰაკუჰო, კასუგანიშიკი, კიოსეუმი, დაიდო და სხვები. როგორც ხედავთ, უმაღლეს დივიზიონს ერთბაშად 7 სუმოისტი დააკლდება.

მაკუუჩიში სულ სამი დებიუტია და აქედან ორი ქართველებს ეხება: ორივე კომუსუბი პირველად ავიდა ამ სიმაღლეზე, ტოჩინოშინი და 27 წლის მონღოლი ჰაკუბა. დივიზიონსაც ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს - გაგამარუ. ნაგოიას ბაშო 11 ივლისს დაიწყება აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში და 25 ივლისამდე გასტანს. თანამედროვე სუმოს ისტორიაში ყველაზე უცნაური ბაშო ბევრს დაკარგავს, რადგან უკვე უარი თქვეს სპონსორმა "ნაგატანი ენმა" და მზღვეველმა "ასაჰი სეიმეიმ". ტელეკომპანია ნჰკ-ს ეთერში ყოველდღიურად ათასობით იაპონელი რეკავს და ითხოვს, კომპანიამ გააუქმოს ბაშოს პირდაპირი ტრანსლაცია, იმდენად აღშფოთებულნი არიან გულშემატკივრები მათი საყვარელი რიკიშების საქციელით. 40-მდე რიკიში შემჩნეულია იაპონური კარტის ჰანაფუდას ფულზე თამაშში, მათ შორის დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო. თუმცა საქმე ეხებოდა სულ რამდენიმე ასეულ დოლარს, რომლითაც მეგობრები მოცალეობის ჟამს ირთობდნენ თავს. ამიტომაც სუმოს ასოციაციამ მკაცრად არ დასაჯა ეს სუმოისტები, თუმცა მათი სახელით ტელეეთერით ბოდიში ჰაკუჰომ მოუხადა იაპონელ ხალხს. აი, ასეთი მკაცრი წესებია სუმოს სამყაროში.


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული