ქართველი სუმოისტები ასე იოლად არ ნებდებიან

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტები ასე იოლად არ ნებდებიან - პირველი უიღბლო დღის შემდეგ ჩვენმა სამეულმა იმარჯვა, თუმცა ჯერ მთავარზე ვთქვათ - გუშინ ბოლო მოეღო დიდი ჩემპიონის მოგებათა სერიას! ზედიზედ 63 ორთაბრძოლის მოგების შემდეგ ჰაკუჰო იაპონელთა "იშვიათმა ტალანტმა" კისენოსატომ დააგდო, რომელიც კიუშუს ბაშოზე პირველი მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს. ლეგენდარული იოკოძუნას, ფუტაბაიამას ფანტასტიკური რეკორდი (ზედიზედ 69 მოგება) ხელუხლებელი დარჩა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კომუსუბის რანგში მოჭიდავე ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) გამარჯვება მონღოლ ჩემპიონ ჰარუმაფუჯისთან. სუმოს გულშემატკივრებს ემახსოვრებათ, რომ სანამ ჰარუმაფუჯი ოძეკი გახდებოდა, ამას სახელით ასპარეზობდა. ტოჩინოშინისა და მონღოლი
ოძეკის მეშვიდე დაპირისპირება მეოთხედ დასრულდა ქართველის სასარგებლოდ. ტოჩინოშინმა მეტოქე სუკუინაგეს ილეთით დააგდო. ლევანი, რომელიც კარიერაში მეორედ გამოდის კომუსუბის რანგში, დღეს კიდევ ერთ ჩემპიონს, კაიოს დაუპირისპირდება. ტოჩინოშინი დამსახურებულ ვეტერანს პირველად შარშან შეხვდა დოჰიოზე და იორიკირით დამარცხდა. წლეულს კი ხუთივე ბაშოზე მოუწია მასთან შერკინება და ორჯერ მოუგო კიდეც. ასე რომ, ქართველი უშანსოდ სულაც არ არის.

ლევან ცაგურიამ (კოკაი) ოშიდაში გაიხსენა, - მძლავრი რიტმული მიწოლა, რომელიც მის არსენალში ერთერთი მთავარი იარაღია და ღონის წყალობით აჯობა მე-7 მაეგაშირა კოტოკასუგას. 29 წლის ქართველი 2004 წლის იანვრის ბაშოდან უმაღლეს დივიზიონშია და მას მერე ერთხელაც არ გავარდნილა. ამ ხნის განმავლობაში 296 ორთაბრძოლა მოიგო, ოთხი გამარჯვებაც და კოკაი "300-იანთა კლუბში" შევა. "შავი ზღვა" დღეს დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კიმურაიამას (1-1) გამოცდის. ეს მათი მეათე დაპირისპირებაა, კოკაი 5:4-ს იგებს.

ოშიდაშით მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ). ელიტის უმძიმესმა სუმოისტმა ერთი ამოსუნთქვით განდევნა დოჰიოს რკალიდან მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკა. დღეს გაგამარუ შიმოტორის (1-1) ძლევას შეეცდება.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
II დღე (სულ 8 ილეთი).
იორიკირი (7): კისენოსატო-ჰაკუჰო, კაკურიუ-ასასეკირიუ, ტოკუსეგავა-ვაკანოსატო, კიოკუტენჰო-ტამავაში, სოკოკურაი-ტაკამისაკარი, გოეიდო-კორიუ, ოკინოუმი-კასუგაო.
ოშიდაში (7): ამინიშიკი-კოტოოშუ, ჰომაშო-ტოჩიოძანი, კოკაი-კოტოკასუგა, კიმურაიამა-შიმოტორი, გაგამარუ-ტოსაიუტაკა, ტოჩინონადა-მიაბიამა, შოტენრო-შირონორიუ.
ჰიკიოტოში (2): კიტატაიკი-ტაკეკაძე, ტოიონოშიმა-მოკონამი.
ჰარიმანაგე (1): ბარუტო-არანი.
სუკუინაგე (1): ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი.
ცუკიოტოში (1): კაიო-კოტოშოგიკუ.
იორიტაოში (1): იოშიკაძე-ჰაკუბა.
ჰატაკიკომი (1): ტოკიტენკუ-ბუშუიამა.


 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული