ქართველი სუმოისტები ერთად იგებენ და აგებენ

AutoSharing Option
ქართველი სუმოისტები წლის უკანასკნელ ბაშოზე არასტაბილურად ასპარეზობენ. პირველ დღეს ჩვენმა სამეულმა წაგებით დაგვამწუხრა, შემდეგ კი გამარჯვებით გაგვახარა, ახლა ისევ მარცხის დრო მოსულა... გუშინ ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), კოკაიმ (ლევან ცაგურია) და გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) დოჰიოს თიხნარს "გემო გაუსინჯეს".

ტოჩინოშინი დასავლეთის კომუსუბია, დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრს დადებითი ბალანსი სენიაკუს რანგში (ანუ ელიტის ელიტაში) დასამკვიდრებლად ჰაერივით სჭირდება. ლევანს თავიდანვე სუმოს გამორჩეულ ოსტატებთან უწევს რკენა. გუშინდელი მეტოქე კაიო იყო. 38 წლის ოძეკი, ელიტაში ყველაზე გამოცდილი და პატივსაცემი რიკიშია. ტოჩინოშინმა 7 ორთაბრძოლიდან ორში აჯობა კაიოს, მაგრამ
გუშინ ფუკუოკელმა ფალავანმა შინაურ კედლებში თავი აღარ შეირცხვინა. კაიომ კარიერაში 1016-ე გამარჯვება იორიკირით მოიპოვა მას შემდეგ, რაც ლევანის მავაში ცაციათი მოიხელთა. ტოჩინოშინი დღეს "წერო-ურჩხულ" კაკურიუს ხვდება.

სეკივაკე კიუშუს ბაშოზე დაუმარცხებელია. ურთიერთშეხვედრებიც იაპონელის სასარგებლოდ მეტყველებს (0:2).

"შავმა ზღვამ" წინა დღით ოშიდაშით მოიგო, ახლა კი ამავე ილეთით წააგო მე-7 მაეგაშირა კიმურაიამასთან. მეტოქემ კოკაის ხელი ისე ძლიერად ჰკრა, რომ ჩვენებური მაყურებელთა დარბაზში "გადაფრინდა".  დღეს კოკაი მე-5 მაეგაშირა ვაკანოსატოს (0-3) შეხვდება. ერთ დროს ვაკანოსატო ყველაზე დიდ ხანს ინარჩუნებდა სუმოს მე-3 რანგს,—სეკივაკეს წოდებას. ახლა კი მისი კარიერა დაისისკენ მიექანება. კოკაის კარიერაში ძალიან ბევრჯერ მოუწია მასთან დაპირისპირება, "შავი ზღვა" 8:10-ს აგებს.

მე-10 მაეგაშირა გაგამარუ თიხნარზე ცაციათი შესრულებული ილეთით ექსკომუსუბი შიმოტორიმ დააგდო. გაგამარუს მორიგი მეტოქე მონღოლური სუმოს პიონერი კიოკუტენჰოა (2-1). 23 წლის ქართველი პირველად გაეჯიბრება ვეტერანს.

როცა 1939 წელს ლეგენდარულმა ფუტაბაიამამ 69 ორთაბრძოლის მოგების შემდეგ წააგო, ისეთი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, რომ ზედიზედ სამი ბრძოლა დათმო. ჰაკუჰოს კი შოკიდან გამოსასვლელად ერთი საღამოც ეყო - გუშინ დიდი მონღოლი, თითქოს წინა დღით არაფერი მომხდარა, იოლად გაუმკლავდა კოტოშოგიკუს. კიუშუს ბაშოს 6 დაუმარცხებელი რიკიში ლიდერობს: ოძეკი ბარუტო, სეკივაკე კაკურიუ და რიგითი მაეგაშირები, ტოკუსეგავა, იოშიკაძე, შოტენრო და ოკინოუმი.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
III დღე (სულ 9 ილეთი)

იორიკირი (8): კაიო-ტოჩინოშინი, კოტოოშუ-ასასეკირიუ, კაკურიუ-არანი, ჰომაშო-ტაკეკაძე, ტოკუსეგავა-ჰაკუბა, ტოკიტენკუ-ტოჩინონადა, სოკოკურაი-მიაბიამა, კასუგაო-ტოიოძაკურა.
ოშიდაში (3): ტოჩიოძანი-კიტატაიკი, კიმურაიამა-კოკაი, ტამავაში-კოტოკასუგა.
ჰატაკიკომი (2): იოშიკაძე-ვაკანოსატო, შოტენრო-გოეიდო.
უვატენაგე (2): შიმოტორი-გაგამარუ, ოკინოუმი-კორიუ.
იორიტაოში (2): ტაკამისაკარი-ტოსაიუტაკა, მოკონამი-ბუშუიამა.
კოტენაგე (1): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ.
ცუკიდაში (1): კისენოსატო-ჰარუმაფუჯი.
ცურიდაში (1): ბარუტო-ამინიშიკი.
კიმედაში (1): კიოკუტენჰო-ტოიონოშიმა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

 

 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული