ლევან გორგაძემ სეკივაკე ცალი ხელით დაამარცხა

AutoSharing Option
როგორც იქნა, კუნძულ კიუშუს ბაშოზე მონაწილე ქართველებმა "შეთანხმებულად" არ იასპარეზეს. ჩვენი ტრიოს მოგებები და წაგებები ერთმანეთს ცვლიდა, ამჯერად კი ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და ლევან ცაგურიამ (კოკაი) იმარჯვეს, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დამარცხდა.

ის, რომ ჩვენ უფრო დიდ ყურადღებას ტოჩინოშინის ასპარეზობას ვაქცევთ, ბუნებრივია - 23 წლის კომუსუბი სენიაკუში (სუმოს ელიტის ელიტაა) ადგილის შენარჩუნებას და, ვინძლო, წინსვლასაც ცდილობს, მას მხოლოდ დარჩეულ რიკიშებთან უწევს ჭიდაობა და ეს ბრძოლები იაპონური მედიის ყურადღების ცენტრშია. ტოჩინოშინი მასზე მაღალი რანგის კაკურიუს დაეჭიდა, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო ნოემბრის ბაშოზე. ჩვენებურმა
"წერო-ურჩხულის" მავაში მოიხელთა და რკალიდან იორიკირის ილეთით გაიყვანა, არადა თავიდან სეკივაკემ იყოჩაღა, შეუტია, მაგრამ ქართველის ცაცია უფრო ღონიერი გამოდგა, ის ხომ ფაქტობრივად ერთი ხელით აწვებოდა მოწინააღმდეგეს. ლევანის ბალანსი 2-2 გახდა.

ახლა ფუკუოკაში ორი კომუსუბის რკენა გველის - ქართველს იერარქიაში ნახევარი საფეხურით ზემოთ მყოფი არანი დოჰიოზე დაუპირისპირდება. ოსი რიკიში ძალზე ცუდად ასპარეზობს, ჯერ ერთი შეხვედრაც არ მოუგია. ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ სუმოისტთა ურთიერთშეხვედრებს, არც ამჯერად დაგაღალატებთ: ამ მხრივ სრული თანაფარდობაა - 2:2.

კოკაიმ ვეტერან ვაკანოსატოს მოუგო, "შავი ზღვა" არცთუ ხშირად იყენებს სუკუინაგეს ილეთს (ბოლო 90 ორთაბრძოლაში მეორედ). ილეთის არსი ისაა, რომ გამარჯვებული მხარით დაიქნევს მეტოქეს, ისე რომ მის მავაშის არ ეხება. ლევანმა სუკუინაგე თავდაცვის უკანასკნელ საშუალებად გამოიყენა, რადგან უკვე დოჰიოს კიდესთან იყო განდევნილი. კოკაის ბალანსიც 2-2 გახდა. მომდევნო ბრძოლაში "შავი ზღვა" მონღოლ "არწივ" ტამავაშის ელის (3:2 ურთიერთშეხვედრებში).

აი, ელიტის უმძიმესი რიკიში გაგამარუ კი ვერ გვახარებს, გუშინ მან იორიკირით წააგო მონღოლური სუმოს პიონერ კიოკუტენჰოსთან. გაგამარუ (1-3) ახლა ექს-კომუსუბი ტოკიტენკუს დაუდგება.

ბაშოს მხარის ტრავმის გამო ოძეკი ჰარუმაფუჯი გამოაკლდა, ტრავმა მან მოსამზადებელი პერიოდისას მიიღო, ტოჩინოშინთან ჭიდაობისას კი "მზიურმა ცხენმა" ტერფიც დაიზიანა. კიუშუს ბაშოს სამი დაუმარცხებელი (4-0) რიკიში ლიდერობს: ოძეკი ბარუტო და მე-16 მაეგაშირები, შოტენრო და ოკინოუმი.


კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)
IV დღე (სულ 8 ილეთი)

იორიკირი (10): ჰაკუჰო-ამინიშიკი, ბარუტო-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-კაკურიუ, ტოჩიოძანი-არანი, კიოკუტენჰო-გაგამარუ, ტოსაიუტაკა-ბუშუიამა, ტოკიტენკუ-მოკონამი, გოეიდო-ტაკამისაკარი, ოკინოუმი-სოკოკურაი, მიაბიამა-კასუგაო.
სუკუინაგე (3): ჰომაშო-კოტოოშუ, კოკაი-ვაკანოსატო, კოტოკასუგა-შიმოტორი.
ჰატაკიკომი (2): კიმურაიამა-ტოკუსეგავა, კორიუ-სადანოფუჯი.
ოკურიდაში (1): კაიო-კისენოსატო.
ჰიკიოტოში (1): კიტატაიკი-იოშიკაძე.
ცუკიოტოში (1): ტაკეკაძე-ჰაკუბა.
ცუკიდაში (1): ტოიონოშიმა-ტამავაში.
ტოტარი (1): შოტენრო-ტოჩინონადა.
უბრძოლველად: ასასეკირიუ-ჰარუმაფუჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული