იმპერატორის თვალწინ

AutoSharing Option
გუშინ ტოკიოს სუმოს მექა "რიოგოკუ კოკუგიკანში" საზეიმო ატმოსფერო იყო, წლის პირველი ბაშოს პირველ დღეს გამორჩეულ სუმოისტთა ასპარეზობას პატივი თვით იაპონიის იმპერატორმა დასდო. მაშ ასე, იანვრის ბაშო დაიწყო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ქართველთათვის წარმატებულად - ჩვენი სამეულიდან მხოლოდ ერთმა გაიმარჯვა.


წლის პირველივე ორთაბრძოლა მოიგო 23 წლის გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა ელიტაში და ყველაზე მძიმეა (198 კგ). გაგამარუ მხოლოდ მეოთხედ ჭიდაობს მაკუუჩის დივიზიონში, მაგრამ მისი პროგრესი აშკარაა, ღონიერი ქართველი უკვე დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა. სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ დღის ერთ-ერთი ყველაზე

ლამაზი გამარჯვება სწორედ გაგამარუმ მოიპოვა - ჩვენებურმა "პატარა ტანკ" ტაკეკაძეს (მე-7 მაეგაშირა) იორიტაოშის ილეთით მოუგო. ეს გაგამარუს 25-ე გამარჯვება იყო უმაღლეს დივიზიონში. დღეს თეიმურაზი მონღოლ ასასეკირიუს (მე-5 მაეგაშირა) დაეჭიდება, რომელიც ყოფილი სეკივაკეა. ასასეკირიუმ მარცხით დაიწყო ჰაცუ ბაშო, ქართველი და მონღოლი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

 

ყოფილი კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირაა. ტოკიოში ის დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოლებს. პირველ დღეს მისი მეტოქე ჩემპიონი (ოძეკი) ჰარუმაფუჯი იყო. მონღოლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუკი ჰაცუ ბაშოზე ვერ იყოჩაღა, ჩემპიონის ტიტულს დაკარგავს. დაიწყო ორთაბრძოლა და ჰარუმაფუჯიმ მარჯვედ დაიჭირა მარჯვენა ხელით ქართველის ყელი, გადამწყვეტი სწორედ ეს გამოდგა, რადგან შემდეგ მიწოლა ჰარუმაფუჯის აღარ გასჭირვებია. დღეს ტოჩინოშინის მეტოქე 26 წლის სეკივაკე კოტოშოგიკუა, ჩვენებურის უხერხული მეტოქე - 3:6 ურთიერთშეხვედრებში.

ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ქართველთა შორის კოკაის (ლევან ცაგურია) აქვს - სუმოს პირველი ევროპელი ელიტელი აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირაა. ზუსტად 7 წელიწადი შესრულდა, რაც "შავი ზღვა" უმაღლეს დივიზიონშია და მას ერთხელაც არ დაუტოვებია ელიტა, ეს კი მხოლოდ გამორჩეული რიკიშის ხვედრია. კოკაი სწორედ ახლა დგას დიდი საფრთხის წინაშე, უარყოფითი ბალანსი, მას ძურიოში დააქვეითებს. პირველ დღეს კოკაიმ ოშიდაშით კიმურაიამასთან (მე-14 მაეგაშირა) წააგო. დღეს "შავი ზღვა" 36 წლის ვეტერან ტოჩინონადას (მე-16 მაეგაშირა) შეხვდება. ყოფილ სეკივაკეს კოკაი 15-ჯერ შეხვდა და 10-ჯერ მოუგო. კოკაის უმაღლეს დივიზიონში გატარებულ 7 წელიწადში 299 გამარჯვება აქვს მოპოვებული...

ბაშოს გახსნის დღისთვის რეკორდულად ბევრმა ფირმამ მოინდომა დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსა და კომუსუბი კაკურიუს ორთაბრძოლაზე ფსონის ჩამოსვლა - 45-ვე კენშო (ბარათში ჩადებული ჰონორარი) იოკოძუნას ერგო, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან შეუტია "წერო-ურჩხულ" კაკურიუს. ყველა ჩემპიონმა მოიგო ესტონელ ბარუტოს გარდა, რომელსაც მასზე 28 სანტიმეტრით დაბალმა ტოიონოშიმამ აჯობა.


I დღე: ჰაკუჰო-კაკურიუ (ოშიდაში), კაიო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-ბარუტო (ჰიკიოტოში), კოტოოშუ-ამინიშიკი (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-იოშიკაძე (ცუკიდაში), კოტოშოგიკუ-არანი (იორიკირი), ტამავაში-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტოკუსეგავა-გოეიდო (უვატენაგე), კიოკუტენჰო-ასასეკირიუ (იორიკირი), გაგამარუ-ტაკეკაძე (იორიტაოში), კიტატაიკი-ტოსაიუტაკა (ოშიტაოში), ტაკამისაკარი-ტოკიტენკუ (უვატენაგე), ვაკანოსატო-მიაბიამა (ჰატაკიკომი), შოტენრო-ჰაკუბა (ცუკიდაში), შიმოტორი-კორიუ (იორიკირი), ოკინოუმი-მოკონამი (იორიტაოში), ვაკაკოიუ-კოტოკასუგა (კოტენაგე), კიმურაიამა-კოკაი (ოშიდაში), სოკოკურაი-ტოიოჰიბიკი (იორიტაოში), ტოჩინონადა-ტოიოძაკურა (ჰატაკიკომი).

II დღე: ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, ბარუტო-კაკურიუ, კოტოოშუ-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, კაიო-ამინიშიკი, კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი, კისენოსატო-არანი, ტამავაში-ტოკუსეგავა, ჰომაშო-გოეიდო, ასასეკირიუ-გაგამარუ, კიოკუტენჰო-ტაკეკაძე, ტოსაიუტაკა-ტაკამისაკარი, ტოკიტენკუ-ვაკანოსატო, კიტატაიკი-მიაბიამა, ჰაკუბა-შიმოტორი, შოტენრო-კორიუ, მოკონამი-კოტოკასუგა, ოკინოუმი-ვაკაკოიუ, კიმურაიამა-ტოიოჰიბიკი, კოკაი-ტოჩინონადა, სოკოკურაი-ტოიოძაკურა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული