იაპონელთა მრავალსაუკუნოვან სპორტის სახეობას, სუმოს სკანდალური დროება უდგას. ზამთრის ბოლო დღეს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ მარტის ბაშო ჩაწყობილი შეხვედრების გამოაშკარავების გამო გაუქმებულია და აბა ბანძუკე ვის რაღად სჭირდება.
თუმცა ბანძუკე ჰაიამი-ჰიომ შეცვალა, რომელიც ნაწილობრივ ცვლის მას. ეს ცნობარი სუმოს ყველა კლუბს დაურიგდა და მომავალ რეიტინგამდე სუმოისტები მის მიხედვით მიიღებენ ხელფასებს.
ჰაიამი-ჰიო არ იყო მედიისთვის განკუთვლილი, თუმცა 21-ე საუკუნეში ძნელია (ალბათ, შეუძლებელიც) პრესას რამე გამოაპარო. ჩვენ კი უპირველესად, ჩვენებურთა ახალი რეიტინგით დავინტერესდით.
როგორც მოსალოდნელი იყო,
არაფერი სასიხარულო იმ ცნობარში არ წერია, იანვრის ბაშოზე ხომ სამივე ქართველმა უარყოფითი ბალანსით დაასრულა სუპერტურნირი: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირობიდან დასავლეთის მე-6 მაეგაშირობამდე ჩამოაქვეითეს, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც სწორედ მე-6 მაეგაშირა იყო, მე-14 გახდა. ლევან ცაგურია (კოკაი) კი კარიერაში პირველად გავარდა უმაღლესი დივიზიონიდან და ძურიოს დივიზიონის მე-6 რიკიში გახდა.
ნაღდი ბანძუკე 25 აპრილს გამოქვეყნდება, ნაცუ ბაშო (ზაფხულის სუპერტურნირი) კი 8-22 მაისს გაიმართება.