ინდოეთის ლიგა: ლადო ხინჩეგაშვილმა არაფრით გამორჩეულ მოჭიდავესთან წააგო

AutoSharing Option
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) და მისმა კლუბმა "პენჯაბი როიალსმა" მარცხით დაასრულეს გამოსვლა ინდოეთის საკლუბო, პრო-ლიგაში.

ჩვენებურის კლუბმა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა 2:5 დათმო გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ "ჰარიანა ჰამერსთან", ჩვენებური კი, ყველასათვის მოულოდნელად, ინდოელ სანდეეპ ტომართან 1:3 დამარცხდა.

არადა, ხინჩეგაშვილს აქამდე ოთხი შეხვედრიდან ყველა მოგებული ჰქონდა და ამ ეტაპის უდანაკარგოდ ჩამთავრება შეეძლო. მით უფრო, რომ არც მეტოქე იყო გამორჩეულად ძლიერი - ტომარი რიოს ოლიმპიადის მონაწილეა და ბრინჯაო მოუპოვებია "ოქროს დიდ პრიზზე", თორემ მეტი ღირებული არაფერი მოუნადავლია.

ახლა ხინჩეგაშვილის ანგარიშზე ხუთი
შეხვედრა, ოთხი გამარჯვება და ერთი მარცხია.

პენჯაბელებმა პირველი ეტაპის ეს დასკვნითი შეხვედრა ძალზე სუსტად ჩაატარეს "ჰამერსთან". არადა, მოგების შემთხვევაში ქულებით გაუთანაბრდებოდნენ მათ, ახლა კი მესამე ადგილიც დაკარგეს. მათ რიგებში მხოლოდ რუსთა დაღესტნელმა ილიას ბეკბულატოვმა (65) და ქალებში ნიგერიელმა მსოფლიოს მესამეპრიზიორმა ოდინაიე ფოლასადე ადეკუოროიემ (53) გაიმარჯვეს.

წაგების მიუხედავად, "პენჯაბი" მაინც აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას, რადგან ნახევარფინალში გამსვლელ ოთხეულში მოხვდა.

ამდენად, ინდოეთის ლიგაში ქართველთაგან დაუმარცხებელი მხოლოდ "ჯაიპურ ნინჯასის" კაპიტანი, ევროპული თამაშების ფინალისტი ელიზბარ ოდიკაძეა (97), რომლის ანგარიშზეც ასევე ოთხი მოგებაა, თუმცა მას მეტი შეხვედრა არც ჩაუტარებია, რადგან წინა ტურში ტრავმის გამო არ იჭიდავა სწორედ "ჰარიანა ჰამერსთან".

შესარჩევი ეტაპი "ჰარიანამ" წაუგებლად ჩაამთავრა - ხუთივე ორთაბრძოლა მოიგო და 10 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. 6-6 ქულა სამმა გუნდმა დააგროვა - "მუმბაი მაჰარატხიმ", პენჯაბმა" და "ჯაიპურმა", ოღონდ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილი "მუმბაის" ერგო, მესამე - "ჯაიპურს", ხოლო "პენჯაბი" მეოთხეზე გავიდა. არადა, ამ ტურის წინ მეორე იყო.

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვნენ ნახევარფინალური წყვილებიც. დღეს პირველ ასეთ წყვილში "ჰარიანა ჰამერსი" და "ჯაიპურ ნინჯასი" იჭიდავებენ, ანუ დიდი შანსია, ოდიკაძის და "ჰამერსის" ასევე დაუმარცხებელი ლიდერის, რუსთა დაღესტნელ მსოფლიოს ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვის დაპირისპირება ვიხილოთ. ამათი შეხვედრის შანსი ჯგუფურ ეტაპზეც იყო, თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენებურმა ტრავმის გამო ის ორთაბრძოლა გამოტოვა.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ, 18 იანვარს გაიმართება "პენჯაბსა" და მუმბაის" შორის. ვიქონიოთ იმედი, რომ ფინალში ორივე ქართული გუნდი გავა, თუმცა ამის შანსი რეალურად უფრო პენჯაბელებს აქვთ. მათ შესარჩევ ეტაპზე ერთხელ უკვე მოუგეს მუმბაელებს, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში - 4:3, ჯაიპურელები კი ჰარიანელებთან 2:5 დამარცხდნენ.

თავად ლიგას რაც შეეხება, ის წაუგებლად და მაქსიმალური შედეგით გადისოვმა და ქალთა შორის კანადელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ერიკა ვიბემ (75) ჩაამთავრეს, რომლებმაც ხუთივე პაექრობა ჩაატარეს და ყველა მოიგეს. თუმცა გადისოვს კოეფიციენტი თუ 9.2 აქვს, კანადელს 5.8 გაუხდა, ოღონდაც ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტუნისელ ოლიმპიურ მედალოსან ქალს - მარვა ამრის (58) აქვს, ერთი წაგების მიუხედავად. 4-მოგებიან ოდიკაძეს 7.5 კოეფიციენტი აქვს, ტოპ-ხუთეულის ბოლო წევრი კი აზერბაიჯანელთა თალიში (ეროვნული უმცირესობა, რომელიც საკუთარ თავს ალბანელთა შთამომავლად მიიჩნევს) ოლიმპიური მედალოსანი ჯაბრაილ ჰასანოვია (74) 7.0-ით, ხინჩეგაშვილი კი ამ წაგებით ტოპებიდან გავარდა.

პრო-ლიგის ფინალი 19 იანვარს გაიმართება და ამით ლიგის მეორე გათამაშებაც ისტორიას ჩაბარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძნელია ამდენ ხანს წონის დაჭერა.ალბათ ამის ბრალია ლადოს წაგება.
?
17 იანვარი 2017 17:20
0

სიახლეები პოპულარული