ხელს ნუ მიშლიან!

AutoSharing Option
საკმაოდ კარგად იასპარეზა ბუდაპეშტში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა. ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორიც ბრინჯაოს მედალი - ასეთია მონაგარი. საინტერესოა, რომ მანამდე ევროპის ჩებპიონატშიც მედლების იგივე რაოდენობა ამავე ხუთეულმა მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატით ახალგაზრდული ნაკრებისთვის ფაქტობრივად დასრულდა წლევანდელი სეზონი. დარჩენილია ორი საერთაშორისო ტურნირი, თუმცა იქ, როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა განაცხადა, ის მოჭიდავეები იასპარეზებენ, რომლებიც გუნდის საგაისო შემადგენლობაში მოიაზრებიან. ჩვენთან საუბარში ნაკრების თავკაცმა განვლილი სეზონიც შეაფასა და სხვა მნიშვნელოვან თემებსაც შეეხო.

_ ბატონო ნუგზარ, ნაკრების ერთ-ერთმა
დებიუტანტმა ლაშა ტალახაძემ 50 კილოში ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი აჩვენა...
_ ლაშას მონაგარი ევროპაზე ბრინჯაოა, მსოფლიოზე კი - ვერცხლი. ამ ეტაპზე ეს მისი მაქსიმუმი იყო. აღსანიშნავია, რომ ტალახაძეს წონის კლება ხშირად უწევს, ბუდაპეშტისთვის კი ეს პროცესი გაუჭიანურდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ გამგზავრების წინ აეროპორტშიც აღარ უნდოდა მოსვლა. ალბათ, ფიქრობდა, ღირსეულად ვერ გამოვალო მსოფლიოს ჩემპიონატზე. საბოლოოდ მაინც ვაიძულეთ წამოსვლა და უწინდელზე უკეთეს შედეგსაც მიაღწია! თანაც ნახევარფინალში, ისევე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე სამოკოვოში, კონტინენტის მოქმედ ჩემპიონს, მოლდოველ ანატოლი ბურუიანს შეხვდა და მაშინდელი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო 6:0, 5:2. მოლდოველი, ცხადია, ისევ გამარჯვებას გეგმავდა, თუმცა ლაშამ ერთ ეპიზოდში აიტაცა და მაღლიდან ისე ეფექტურად დააგდო ხალიჩაზე, მაყურებელი გულგრილი ვერ დარჩა. სამწუხაროდ, ლაშას ფინალში დადაევის დასამარცხებლად ძალა აღარ ეყო. შესაძლოა დაკმაყოფილდა კიდეც ფინალისტობით და...

_ კიდევ ერთი მედალოსნის, 60 კილოში მოასპარეზე დებიუტანტის თენგიზ ჩოჩიშვილის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
_ ისიც ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, თუმცა საოცრად დაჩაგრეს მსაჯებმა, რაც `ლელოსთან~ საუბარში ადრეც აღვნიშნე. ფაქტი თავად ფილამაც აღიარა – ჩოჩიშვილ - გაზიმაგომედოვის ფინალური შეხვედრა კონტინენტის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ცენო ცენოვის მითითებით მსაჯთა საკვალიფიკაციო-საგამოცდო საკითხებშია შეტანილი, როგორც არბიტრის საბედისწერო შეცდომის მაგალითი! საერთო ჯამში თენგიზის ჭიდაობით ორივე ტურნირზე კმაყოფილი ვარ.

_ ტრიუმფული გამოდგა დავით ხუციშვილის გამოსვლა სამოკოვოშიც და ბუდაპეშტშიც...
_ დავითი დაცვითი სტილის მოჭიდავეა, თითქმის არ კარგავს ქულას, ელოდება და ბრწყინვალედ იყენებს მეტოქის შეცდომას. საგულისხმოა, რომ ხუციშვილმა ორივე შეჯიბრების ფინალში რუსეთის წარმომადგენლის ძლევით იჩემპიონა - სამოკოვოში მაკიევი, ბუდაპეშტში კი შალაევი დაამარცხა. მანამდე დიდი ბრძოლა გადახდა ირანელ აპზალიპაემამისთან. საერთოდ, ხუციშვილმა დამსახურებულად მოიპოვა ორივე ოქროს მედალი!

_ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ამ ფალავანთა გარდა თორნიკე ხიდეშელიც გავიდა ხალიჩაზე 96 კილოგრამში, თუმცა ისევე, როგორც სამოკოვოში, ბუდაპეშტშიც უშედეგოდ...
_ თუ დამიჯერებთ, ამაზე ლაპარაკიც აღარ მინდა! ევროპაზე ფიასკოს შემდეგ მე კატეგორიულად ვითხოვდი ბუდაპეშტისთვის ხიდეშელის საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტით, ომარ გუსოშვილით შეცვლას, რომელიც ამასთან ასაკით პატარაცაა და, სავარაუდოდ, გაისად ნაკრების ლიდერი ამ წონაში ის იქნება. სამწუხაროდ, მწვრთნელთა საბჭომ არ მომცა ამის საშუალება. იძულებული გავხდი, უნგრეთში მეჭიდავებინა ათლეტი, რომლისგანაც შედეგს არც ველოდი და თან ამ შეჯიბრების მერე მას ახალაგაზრდულ ნაკრებში გამოსვლის უფლებაც აღარ ჰქონდა!

_ სამოკოვოს მერე მძიმე წონაშიც ფიქრობდით ფალავანის შეცვლას, თუმცა უნგრეთშიც საკანდელიძემ იჭიდავა.
_ აქაც მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით ვერ შევცვალე მოჭიდავე. ხაზგასმით ვამბობ, რომ გიორგი საკანდელიძე საკმაოდ კარგი ფალავანია. მან ევროპის ჩემპიონობითაც დაამტკიცა ეს, თუმცა ამ ეტაპზე ლევან ბერიანიძეს მეტი შეეძლო. მართალია, გიორგი, ბუდაპეშტშიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქ ბერიანიძეს ჩემპიონობა შეეძლო. მე ჩემს ოპონენტებს ვუთხარი: `მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ნახავთ, რომ მართალი ვიყავი~. დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც 96 კილოში, მძიმე წონაშიც იმ იძულებითი ცვლილებებით საერთო გუნდური ინტერესები დაზარალდა!

_ ბუდაპეშტში კიდევ ორი უმედლოდ დარჩენილი ქართველი მოჭიდავის, მარსაგიშვილისა და ტლაშაძის გამოსვლაც შეაფასეთ.
_ საუბედუროდ, 84 და 66 კილოში მათი სრულფასოვანი შემცვლელები არ გვყავდა. ტლაშაძისგან მედალს ამჯერად არც ველოდი. წლეულს ეს წონა შარშანდელთან შედარებით სუსტია, თუმცა ტლაშაძემ გუნდს ჩასათვლელი ქულები მაინც მოუტანა. გასულ სეზონში ბრწინვალედ მოასპარეზე დავით მარსაგიშვილი კი წლეულს საერთოდ ჩაფლავდა. მისი გამოსვლა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

_ ... ახლა ლადო ხინჩეგაშვილზე ვთქვათ, რომელმაც ევროპულ ვერცხლს მსოფლიოს ოქროც მოაყოლა.
_ 55 კილოში ლადოს ურთულესი ჯგუფი შეხვდა, პირველ მეტოქეს, უნგრელ მოლნარს თუ არ ჩავთლით, მომდევნო შეხვედრებმა ირანელ, უკრაინელ, რუს და აზერბაიჯანელ სპორტსმენებთან მოუწია. ძლიერი საჭიდაო ქვეყნების წარმომადგენლებთან ასპარეზობა ყოველთვის ძნელია. ხინჩეგაშვილისთვის ფინალის აზერბაიჯანელ ასკაროვთან პაექრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაც იყო, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ მასთან დამარცხდა მეტოქისთვის ერთობ საეჭვო ქულების მინიჭების გამო. სამოკოვოშივე შემპირდა ხინჩეგაშვილი, რომ ასკაროვს მსოფლიოს ჩემპიონატზე შემუსრავდა. ბუდაპეშტში ლადოს აშკარად ეტყობოდა ჩემპიონობისთვის მზაობა და შეასრულა კიდეც დანაპირები. სასიხარულოა, რომ ახლა უკვე ისიც, ისევე, როგორც აწ გარდაცვლილი მამამისი _ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის!

_ დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, გუნდური პირველი ადგილის დაკავება შეუძლებელი იყო?
- ახლანდელი კონტიგენტით ხუთ-ხუთი მედალის მოპოვება ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ურიგო არ არის. გასათვალისწინებელია, რომ მარსაგიშვილისგან მეტს ველოდით ორივე შეჯიბრებაში, თუმცა იგი ერთადერთი აღმოჩნდა ნაკრებში, რომელმაც გუნდს ჩასათვლელი ქულა ვერ მისცა. მსოფლიოზე მასზე ოდნავ მეტი ხიდეშელმა შეძლო – 1 ქულა. მჯერა, მეტს მივაღწევდით, ჩემთვის რომ ნაკრების შედგენისას ხელი არ შეეშალათ!

_ წლის ბოლომდე რომელი შეჯიბრებები აქვს კალენდარში მონიშნული საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს და შეიცვლება თუ არა ამჟამინდელი შემადგენლობა?
_ ოქტომბერში უკრაინის ტურნირზე, ნოემბრის მიწურულს კი თურქეთში, სტამბოლის თასის გათამაშებაში გამოვალთ. ვინაიდან სეზონის ორი უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატი ჩავლილია, ამ ტურნირებზე უკვე აღარ იასპარეზებენ ისინი, ვინც ასაკის გამო გაისად ვეღარგამოვა ახალგაზრდულ ჩემპიონატებში.

_ რომელ წონით კატეგორიებს ეხება ეს ცვლილებები?
_ 74 (ხუციშვილი), 96 (ხიდეშელი) და მძიმე (საკანდელიძე, ბერიანიძე). 74-ში ჯერჯერობით სერიოზული ვაკუუმი გვაქვს, 96–ში გუსოშვილს, მძიმეში კი გზირიშვილს გამოვცდით. ასაკით გუნდში რჩება, მაგრამ შესაძლებელია, წონა ვერ შეინარჩუნოს ლაშა ტალახაძემ და სულაც 60-მდე ავიდეს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ხინჩეგაშვილი 55 კილოში დარჩეს, მას სწორედ ამ წონის შესაფერისი აღნაგობა და ძვალ-კუნთოვანი სისტემა აქვს და თვალსაჩინო წარმატებებს აქ უფრო მიაღწევს. დანარჩენი კი ზამთარში გასამართი საქართველოს ჩემპიონატის მერე გამოჩნდება.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული