თამაშები ერთი ბრინჯაოთი დავასრულეთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 26 აგვისტოს დაიხურება, თუმცა ჩვენთვის, შეიძლება ითქვას, ეს შეჯიბრება უკვე დასრულდა და ამ დიდი ასპარეზობიდან მხოლოდ ერთი ბრინჯაოს (!) ამარა ვბრუნდებით, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში ირაკლი მოსიძემ დაიმსახურა.

მართალი გითხრათ, ჯილდოს ძიუდოშიც ველოდით, მაგრამ _ ამაოდ. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ტუღუში პირველსავე წრეში 2 წუთსა და 18 წამში იპონით დამარცხდა ყაზახ კაირატ აგიბაიევთან. ჩვენებური რეპეშაჟში ჩაერთო. იქ კი საკმაოდ იყოჩაღა: ჯერ ბრაზილიელ გარსია მათეუშ მაჩადოს მოუგო იპონით 2 წუთსა და 53 წამში. მერე ლიხტენშტაინელ
პატრიკ მარქსემს წუთსა და 44 წამში ორი გაფრთხილება მიაღებინა, თითო ვაზარი და იპონიც ზედ მიაყოლა და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც სტარტზე მისი მძლეველი აგიბაიევი (იგი ტურნირის ვერცხლის პრიზიორ ჩრდილოკორეელ ჰიონ სონგ ჩოისთან დამარცხდა) ელოდა. ქართველმა ფალავანმა შეძლო რევანშის აღება, ოღონდ _ ვაზარით. დამამშვიდებელი ჯგუფის ბოლო პაექრობაში ტუღუშმა რუმინელ იოან ვისანის მისალმების დამთავრებაც არ აცალა, ისე მოსვა წმინდაზე. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი ორთაბრძოლა რჩებოდა სომეხ დავიდ ხაზარიანთან. დაპირისპირება ბოლო გონგამდე გაგრძელდა. მეტოქეებმა მხოლოდ თითო იუკოს აღება შეძლეს. მსაჯებმა ჩვენებური ორჯერ გააფრთხილეს პასიურობისთვის, ხაზარიანი კი _ ერთხელ და ამის წყალობით მესამე ადგილი სომეხს ერგო. მეორე ბრინჯაო დანიელმა ფუკი კაიმ დაიმსახურა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კი ამერიკელი მაქსიმილიან შნეიდერი ავიდა, რომელმაც ფინალში ჩოის სძლია.

გუშინ ტატამზე 63 კილოგრამი წონით კატეგორიის გოგონები გავიდნენ. ჩვენი ქვეყნის ღირსებას სოფიო ბერიძე იცავდა. პირველ წრეში მან იპონით მოუგო კამერუნელ სოფინა ერეის, თუმცა მეორეში თავადაც წმინდად დამარცხდა ბრაზილიელ ფლავია გომესთან, რომელიც საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა, რადგან ფინალი იაპონელ მიკუ ტაშიროსთან დათმო. დამამშვიდებელ ჯგუფში ჩვენებურს ლიბანელმა გარენ ჩამესიმ 48 წამში აჯობა და ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი წაართვა, თუმცა, თავადაც ვერ შესწვდა მედალს _ მესამე ადგილებზე ხორვატი ბარბარა მატიჩი და ლიტველი ლაურა ნაგინსკაიტე გავიდნენ.

საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში ერთი ბრინჯაოთი 69-81-ე ადგილებს იყოფს. 42 მედლით (24 ოქრო, 14 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) გათამაშების ცხრილის სათავეშია ჩინეთის ნაკრები და ძნელად სავარაუდოა, რომ მან ეს ადგილი დათმოს. ლიდერებს 39 მედლით (16, 13, 10) კვალში მისდევენ რუსები. მესამე საფეხურს ჯერჯერობით სამხრეთკორეელები (9, 2, 2) ინარჩუნებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, მათ უკრაინელებმა (8, 8, 9) გადაასწრონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული