მან ჯერ კიდევ ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის ასპარეზობისას მოპოვებულ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობას, დიდებში გადასვლისთანავე ევროპის და ოლიმპიური ვერცხლის მედლები მიუმატა.
ლადო ჭიდაობის მოყვარულებს თავისი ლაღი, შემტევის სტილის გამო ხიბლავთ, უამრავ ნაცნობებ-მეგობარს კი გულღია ხასიათით და თავმდაბლობით, რომელიც ბოლო ხმაურიანი წარმატების შემდეგაც არ შეუცვლია.
ახალგაზრდა ფალავანთან ნაოლიმპიადევს ვრცლად სასაუბროდ გამიზნულად შევარჩიეთ დრო, როდესაც ლონდონის არენიდან გამოყოლილი ემოციები და აჟიოტაჟი გვარიანად ჩაცხრებოდა და განვლილს ერთად, ცივი
ინტერვიუსთვის მას გორის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში მივაკითხეთ, სადაც სხვათაშორის ოლიმპიადისდან დასვენების მერე პირველად ივარჯიშა.
- ლადო, ოლიმპიადამ, როგორც პლანეტის უპირველსმა სპორტულმა ასპარეზობამ, თუ გაამართლა შენი, როგორც დებიუტანტის წარმოდგენა მის მნიშვნელობასა და გრანდიოზულობაზე?
- ოლიმპიადა მხოლოდ ტელევიზიის მენახა და გადმოცემით ვიცოდი. საკუთარი თვალით ნანახმა კი ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი - ოლიმპიადა მართლაც უდიდესი სპორტული ფორუმია.
უშუალოდ პაექრობებისას კი მისი პომპეზურობა, თუ გრანდიოზულობა არანაირად არ მბოჭავდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, იმის გამო, რომ ვიცოდი ჩვენს ასპარეზობას თვალს ადევნებდა მილიონობით ადამიანი, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, მთელი საქართველო!
- ლონდონში წასვლამდე ისე დაჟინებით ამბობდი, რომ ერთადერთი მიზანი ოქროს მედლის მოპოვება იყო, თითქოს დიდებს შორის აქტიური კარიერის დასაწყისი კი არა, მიწურული გქონდა.
- რასაკვირველია, ასაკიდან გამომდინარე ჯერ ბევრი რამ წინაა, მაგრამ რაც ახლა შემიძლია გავაკეთო, სამომავლოდ გადადება არას მარგებს.
შანსი როცა მოგეცემა, უნდა გამოიყენო. ლონდონშიც მაქსიმუმისთვის ვიყავი წასული და ამ პრინციპით გავედი სარბიელზე, შანსიც შესანიშნავი მომეცა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენე.
ბევრი სპორტსმენისთვის სანატრელი ვერცხლის მედალი უკვე მოპოვებული მაქვს, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ბრძოლის ჟინი არ გამნელებია და არც გამინელდება სანამ მიზანს არ მივაღწევ.
- ფინალში ჯამალ ოთარსულთანოვთან შეხვედრის მეორე პერიოდის ბოლოს მსაჯების განსჯით უკმაყოფილო გულშემატკივართა ნაწილმა და შენმა პირადმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა განაცხადეს, რომ შენ მათთვის მაინც ოლიმპიური ჩემპიონი ხარ.
- მსაჯებს სწორადაც, რომ განესაჯათ ის სადავო ეპიზოდი, მესამე პერიოდი ჯერ კიდევ წინ იყო და არავინ იცის რა მოხდებოდა.
მე პრაგმატულად ვუდგები საკითხს და წაგებაში მიზეზებს უფრო საკუთარ თავში ვეძებ. მაგრამ კატასტროფაა, როცა არბიტრების გადაწყვეტილება ფატალურად მოქმედებს საბოლოო შედეგზე. ბატონ ნუგზარსაც ალბათ იქიდან გამომდინარე ეიმდებოდა მესამე პერიოდის, რომ ასეთ დროს ხშირად ვიგებ ხოლმე და ოთარსულთანოვთანაც ფსიქოლოგიური უპირატესობა მე მქონდა.
- ვითარების სასიკეთოდ შემოტრიალება შენთვის მართლაც დამახასიათებელია. ოლიმპიადაზეც პირველი პერიოდების წაგების მერე სამჯერ გამოასწორე ჩამორჩენა.
- საკუთარ შესაძლებლობათა ზენიტი რეალურად სწორედ ფინალისას ვიგრძენი. ამიტომაც ძალიან მწყდება გული, რომ ოთარსულთანოვთან დავმარცხდი.
- ევროპის ჩემპიონატზეც შეხვდი ოთარსულთანოვს. რა განსხვავება დაინახე?
- ორივე ისეთ ასაკში ვართ, რომ ვარჯიშით და შეჯიბრებებით სულ ვუმატებთ. მეც ბევრად დავხვეწე ჩემი ჭიდაობა და ოთარსულთანოვსაც ეტყობოდა, რომ დორტმუნდის მერე აშკარად გაძლიერებულა. საერთოდ მას ტაქტიკურად დგომში ხელებით ჭიდაობა მოსწონს და არა უფრო დაბლიდან.
ევროპის ჩემპიონატზე ფინალში რუსეთელმა გახსნილი, შემტევი, სტილი შემომთავაზა. ლონდონში კი ასეთ სტილზე უარი თქვა. ვფიქრობ, რომ თუ შემომიტევდა, მე უკეთესად ავუღებდი ქულებს.
პირველი პერიოდი ერთმანეთის ლოდინში და ურთიერთდაზვერვაში გავატარეთ. ფრეზე ბურთულა ოთარსულთანოვის სასარგებლოდ დაჯდა და მანაც გამოიყენა უპირატესობა. მეორეში კი დინამიური ჭიდაობა წავიდა, რაც, სამწუხაროდ დასრულდა მსაჯების უხეში შეცდომით.
- მაინც რა მოხდა იმ სადავო ეპიზოდში?
- მეორე რაუნდის ბოლო წამებზე მე ჯერ ქულიანი გდება შევასრულე - მეტოქემ თავი დადო ლეიბზე, ამის მერე კიდევ ორქულიანზე გადავაგდე.
ეს ორქულიანი რომ არც მოეცათ, რაუნდი მაინც ჩემი იყო, რადგან ერთქულიანი გდების ნამდვილობაზე არც ყოყმანობდნენ.
საქმე ისაა, რომ არბიტრებმა დრო ამოიწურულად მიიჩნიეს, რის მცდარობაშიც ნებისმიერს დარწმუნდბა ამ შეხვედრის ჩანაწერის ნახვით - დრო ნამდვილად არ იყო ამოწურული!
- დაახლოებით მსგავსი ვითარება შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო, თუმცა მაშინაც და ახლაც ცდილობ ნაკლები უსაყვედურო მსაჯებს, რაც, არ დაგიმალავ, შენი გულშემატკივარების უმრავლესობას ძალიან მოსწონს.
- საყვედურებით არაფერი შეიცვლება და ჯობია შეცდომები საკუთარ თავში ვეძებო. ქომაგების კი მადლობელი ვარ თუ ამას გაგებით ეკიდებიან.
- ლონდონში კენჭისყრის ბურთულით უიღბლობა შენ და გოგშელიძეს სულ თან გდევდათ...
- ცუდია, რომ მეც და გიორგისაც ამ უპირატესობის გამოყენების შანსი არა და არ მოგვეცა. ჩემთან სამი შემთხვევიდან ბურთულა ორჯერ მოწინააღმდეგემ თავისი ფერი ამოიღო, ერთხელაც მე ამოვიღე მის სასარგებლოდ.
- გოგშელიძის გამოსვლაზე რას გვეტყვი?
- გიორგის დონის და კლასის სპორტსმენი საერთოდ იშვიათობაა. მას ნებისმიერ შეჯიბრებაზე შეუძლია იპირველოს, ლონდონში, მოგეხსენებათ, საჩემპიონო გზაზე მისი ყველაზე უშუალო კონკურენტები ადრევე დამარცხდნენ და მით უფრო ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ გიორგის ტრიუმფი ახლოს იყო. ყველასთვის მართლაც ძალიან მოულოდნელი იყო ნახევარფინალში მისი მარცხი.
- სამშობლოში ოლიმპიელების მიღებით ალბათ კმაყოფილი ხარ...
- ცხადია, ველოდით დახვედრას, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა! საოცრად გულთბილი შეხვედრა მოგვიწყვეს ჯერ აეროპორტშივე, მშობლიურ გორში ხომ საერთოდ შთამბეჭდავი იყო ყველაფერი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა მნიშვნელობა აქვს ოლიმპიურ თამაშებში წარმატებას.
- გავიგეთ შენ და ლაშა შავდათუაშვილი დამეგობრებულხართ...
- კი, ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით. ლაშა ერთი წლის წინათ გავიცანი, როცა თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის რემონტის გამო დროებით ძიუდოს დარაბზს შევაფარეთ თავი. ოლიმპიადაზე მან დასაწყისში იჭიდავა, ჩვენ ბოლოს, ბოლომდე გულითადად გვქომაგობდა ყველას.
საქართველოში დაბრუნებისას კი ოლიმპიელები ბათუმში რომ დაგვასვენეს, მე და ლაშა ერთ ოთახში ვცხოვრობდით.
- გორელმა ოლიმპიელებმა მედლებით აჯობეთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ინდოეთი...… ალბათ ძალიან გეამაყებათ.
- რა თქმა უნდა საამაყო ფაქტია. ოლიმპიადაზეც დელეგაციის წევრები და შემდეგაც საქართველოში ხშირად ხუმრობდნენ, რომ "წლეულს გორის წელიწადია, სამი ოლიმპიური მედალი გაქვთ, ბოლოს "ჯეოსტარშიც", "ნიჭიერშიც" და ლატარიის ჯეკ-პოტის თანხაც კი გორელებმა მოიგეთო".
მიხარია, რომ საერთო ქართულ წარმატებაში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"