საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრები - მზადება დიდი გამოწვევისთვის

AutoSharing Option
დასრულდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორკვირიანი მოსამზადებელი შეკრება ბორჯომში.

ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ ეს პირველი შეკრება იყო, რომელიც ახალი მწვრთნელების, რეზო მინდორაშვილის, დათო პოღოსიანისა და ალექსანდრე კახნიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

შეკრების დასასრულს ბორჯომის სპორტკომპლექს "ოლიმპს" ვსტუმრობდით, სადაც მთავარ მწვრთნელ რეზო მინდორაშვილს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს ვესაუბრეთ.

- შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონატში ყველა წონით კატეგორიაში გამოვლენილი საუკეთესო ოთხეულები მონაწილეობდნენ.

აქცენტი, ძირითადად, ფიზიკურ ვარჯიშებზე გვქონდა გადატანილი, შერეული იყო ხალიჩაზე მსუბუქი ვარჯიშებიც.

ჯამში ბიჭები კარგად დაიტვირთნენ და შეასრულეს ყველა ის
დავალება, რაც მივუთითეთ. ამ თვალსაზრისით ყველასი კმაყოფილი ვარ. აღსანიშნავია ნაკრების წევრთა ურთიერთდამოკიდებულებაც, რაც გუნდში ჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის. პრობლემები არ გვქონია ტრავმების მხრივაც.

- სულ რამდენიმე დღე დარჩა იაშარ დოგუს ტურნირამდე. როგორი შემადგენლობით წარსდგებით ამ შეჯიბრებაზე?
- თურქეთში გასამართი ამ შეჯიბრებისთვის 9-10 თებერვალს საქართველოს ნაკრები ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონებით დაკომპლექტდება. მოგეხსენებათ ამ შედეგების მიხედვით გუნდის ლიდერებში ცვლილებები მოხდა.

გიორგი გოგშელიძის და ოთარ თუშიშვილის შეცვლა ვერავისთვის იქნებოდა იოლი საქმე, თუმცა მათი შემცვლელების წარმატების იმედი მაინც გვაქვს.

ლადო ხინჩეგაშვილის ახალ წონაში ადაპტაციის პროცესიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მძიმე წონაში ქვეყნის ჩემპიონატმა ლიდერად გენო პეტრიაშვილი გამოარჩია. ფაქტობრივად, ნაკრები მნიშვნელოვნადაა სახეცვლილი და ახალი ბირთვის შესაქმნელად სერიოზული მუშაობის ჩატარება გვმართებს.

იაშარ დოგუს სახელობის ტურნირის შემდეგ კიდევ ორ შეჯიბრებაზე, უკრაინასა და ირანში კი, გუნდის სხვა წევრებიც იასპარეზებენ. რასაკვირველია, ყველა მათგანზე გამოსვლისას ვიბრძოლებთ წარმატებებისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპის ჩემპიონატისთვის გვყავდნენ სპორტსმენები ფორმის პიკში.

- ნაკრების ახალდანიშნულ თავკაცებს პირველივე სერიოზული გამოცდა ახალ ამპლუაში ევროპის ჩემპიონატზე თბილისში მოგიწევთ, რაც ალბათ ორმაგი პასუხისმგებლობაა...
- მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით დებიუტანტები ვართ, საკუთარი თავის რწმენა არ გვაკლია. გვაქვს საკუთარი თავის, ჩვენი ფალავნების და იმის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ხოლო კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატი რომ თბილისში იმართება, ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, რაც საბრძოლო განწყობას გვიორმაგებს.

- დიდი ხანია, ნაკრები ამ ბაზაზე არ შეკრებილა...
- ბორჯომში ნაყოფიერი შეკრების მოსაწყობად ყველა პირობა არსებობს. სხვაგან შეიძლება დარბაზი ასევე კარგი იყოს, მაგრამ აქაურ კლიმატს ხომ ვერ ჩაანაცვლებს? შესაბამისად, იმითაც კმაყოფილები ვართ, რომ შეკრება სწორედ ბორჯომში დაიგეგმა.

* * *
ლუკა კურტანიძემ კი განსაკუთრებით ნაკრების შიგნით არსებულ დადებით ურთიერთგანწყობას გაუსვა ხაზი.

"შეკრების განმავლობაში ორჯერ ჩამოვედი ბორჯომში პროცესის უშუალოდ სანახავად, პირველად მისი დაწყებისას და ახლა - მიწურულს. ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ნაკრების შიგნით შექმნილ მეგობრულ განწყობას, რომელიც სამაგალითოდ მიმაჩნია.

სასიამოვნო იყო ისიც, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გამოსვლის საკითხს.

უფრო კონკრეტულად ცალკეული ფალავნების, მათი ამჟამინდელი კონდიციების და მზადყოფნის შესახებ კი, ბუნებრივია, არაფერს ვიტყვი, რადგან მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაში არასოდეს ვაპირებ შეჭრას" - გვითხრა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული