- ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კონტინენტის ჩემპიონატისთვის საწვრთნელი პროცესი არასრულფასოვნად გავიარე, მაგრამ შეჯიბრებაზე ცუდად არ გამოვსულვარ. ფინალამდე დამაჯერებელი გამარჯვებებით მივედი, ყველას ისე მოვუგე, ქულა არ დამიკარგავს. გადამწყვეტი შეხვედრა კი აზერბაიჯანელ ხეტაგ გაზიუმოვთან მქონდა და მეორე
- გაზიუმოვთან სადაო ეპიზოდებზე საუბრისას ქართველი სპეციალისტები მაშინ მსაჯის არაობიექტურობას უსვამდნენ ხაზს.
- ჭიდაობისას არის მომენტები, როდესაც მსაჯმა შეიძლება თქვას, მოცემული რაკურსიდან როგორც დავინახე, ისეთი გადაწყვეტილება მივიღეო, მაგრამ იმ ფინალური შეხვედრისას ყველაფერი ძალიან მარტივად იყო, სადავო ეპიზოდში გაზიუმოვს ფეხი ნახევარი მეტრით ჰქონდა წითელ ხაზს მიღმა გადგმული. იქ უბრალოდ უნდა დაფიქსირებულიყო ზონის დატოვება და შესაბამისად, მომგებიანი ქულა ჩემ სასაგებლოდ.
- მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთ მოემზადე?
- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნაკრებმა მომზადების ოთხი ეტაპი გაიარა. პირველი სამი ჩემთვის უაღრესად ნაყოფიერი იყო, ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, დაგეგმილზე მეტსაც ვვარჯიშობდი, მაგრამ მეოთხე დასკვნითი ეტაპის წინ ავტოავარიაში მოვყევი - კისრის ტრავმა და ტვინის შერყევა მივიღე. 21 დღიანი წოლითი რეჟიმი დამინიშნეს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება ახლოვდებოდა და საკუთარ თავს ერთ კვირაზე მეტ ხანს დასვენების უფლება არ მივეცი. მოკლედ, გაჯანსაღების პროცესი არასრულფასოვნად წარიმართა. მოსკოვში გამარჯვების უდიდესი სურვილი მქონდა, მაგრამ მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დავჯერდი.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სპორტსმენისთვის ყველაფერთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტულ იღბალს.
- რომელიც თქვენ არა გაქვთ?
- სწორედ რომ არა მაქვს! აბა, სხვა რა ვიფიქრო, როდესაც 2001 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, დღემდე, ამდენი წლის მანძილზე (თუ არ ჩავთვლით რუსეთიდან საქართველოს ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებულ მცირეხნიან იძულებით პაუზას - ვ.ბ.) უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებებზე გამუდმებით საპრიზო ადგილებზე გავდივარ და მხოლოდ ერთხელ (2008 წელს) გავხდი ევროპის ჩემპიონი, მაგრამ გული მწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე არ მიმართლებს. ცოტა ფორტუნაც რომ მწყალობდეს, მეტი უმაღლესი ტიტული მექნებოდა.
- ხშირად ამბობენ, რომ უმაღლესი ტიტულების მოსაპოვებლად თქვენთვის გორიდან თბილისში გადასვლაა აუცილებელი.
- სამწუხაროდ, რატომღაც, ნაკრების ხელმძღვანელობა თვლის, რომ თუ მე თბილისში ანუ მათ თვალწინ ვვარჯიშობ, ე.ი. ნამდვილად ვვარჯიშობ, თუ არა, მაშასადამე უქმად ვარ. როდესაც ეს ითქმება რამდენიმეგან, მერე თავისთავად მედიითაც ვრცელდება და, მორჩა, უკვე ჭიდაობის ქომაგებს ექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს გოგშელიძე რიგიანად არ მოემზადა კონკრეტული შეჯიბრებისთვის, თორემ ჩემპიონი უნდა გამხდარიყოო. მინდა გარკვევით და ყველასათვის გასაგებად აღვნიშნო, რომ მე თბილისში ჩემს სპარინგ-პარტნიორებთან ძალიან ნაყოფიერად ვვარჯიშობ, მაგრამ ფიზიკური მომზადების ეტაპებს უფრო უკეთ მშობლიურ გორში გავდივარ. სხვათა შორის ვიდრე რუსეთში ვიყავი, ფიზიკური მომზადების პროცესები ბევრჯერ სწორედ გორში მაქვს გატარებული, რის შემდეგაც სულაც არ ვასპარეზობდი ურიგოდ!
და კიდევ, არასწორია, როდესაც, მაგალითად, თბილისში დღეში ერთხელ სავალდებულო ვარჯიში ვარჯიშად მიაჩნიათ, გორში კი თუნდაც დღეში ორჯერ ვარჯიში - თითქმის არაფრად.
- ზოგი იმასაც ამბობს, თითქოს სხვების მოსაჩვენებლად ვარჯიშობთ.
- პირიქით, სწორედ რომ არავის მოსაჩვენებლად არ ვვარჯიშობ. ეს არასოდეს მიცდია. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საწვრთნელი პროცესი და დასახული მიზნისთვის ბრძოლა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ოპონენეტებთან დისკუსიისთვის ვკარგავ დროს. საერთოდ, როცა სპორტსმენი ვინმეს მოსაჩვენებლად იწყებს ვარჯიშს, ან რამეზე თავის მართლება უწევს - იქ მისი კარიერა დამთავრებულია!
- პირველი ადგილის გარდა სპორტის მესვეურთა გარკვეული ნაწილისთვის თქვენი შედეგები სათანადოდ აღარ ფასობს?
- ერთის მხრივ, რასაკვირველია, სასიამოვნოა, როდესაც მუდამ უმაღლეს ტიუტლს გისახავენ მიზნად, მაგრამ მეორეს მხრივ ვერაფერი სახარბიელოა, როცა ვერცხლის, ან ბრინჯაოს მედლები ზოგიერთებისთვის ფაქტობრივად აღარაფრად მიიჩნევა და მის მოსაპოვებლად გაწეული შრომა ლამის წყალში ჩაყრილად ჩაითვალოს. წლების მანძილზე სტაბილურად მსოფლიო ლიდერებს შორის ტრიალი ნუთუ ვინმეს იოლი ჰგონია? ან ჩემზე მეტად ვინმეს უნდა გოგშელიძის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა?
- 96 კგ-ში ჩვენთან არსებული კონკურენციის დონეს ხომ არ შეადარებდით, მაგალითად, კონკურენციას თქვენთვის კარგად ნაცნობ რუსეთის ნაკრებში იმავე წონაში?
- რა თქმა უნდა, სხვაობა არსებობს. რუსეთის ნაკრების ლიდერებს სხვა ვითარებაში უწევთ წრთობა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენთან კონკურენტუუნარო ფალავნები არიან. საქმე ისაა, რომ იქ 4-5 მოჭიდავეს შეუძლია ისეთივე შედეგის ჩვენება, რასაც ლიდერები აღწევენ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალი არაა, რომ რუსეთი უფრო მრავალრიცხოვანია, რომ იქ ყველა საკონტროლო შეხვედრა სერიოზული გამოცდაა და კონკურენტები გამუდმებით ფხიზლად ყოფნას გაიძულებენ. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არც რუსი და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ფალავნის დამარცხება არაა შეუძლებელი.
- გასათვალისწინებელია რუსეთის და არა მხოლოდ მათი გავლენა ფილაზე, მსაჯთა კორპუსზე.
- განა შემთხვევითია, რომ ევროპისა თუ მსოფლიოს ნებისმიერ ჩემპიონატზე რუსი და აზერბაიჯანელი მოჭიდავეები იოლ კალათაში ხვდებიან, ვიდრე სხვა ფავორიტები? ასეთ დროს, ისინი ფინალურ სტადიამდე ისე მიდიან, რომ ერთ დაძაბულ ორთაბრძოლას არ ატარებენ, დანარჩენები კი ვიდრე ნახევარფინალში გავალთ, ისეთი ორთაბრძოლები გვიწევს, "ვჭამთ" ერთმანეთს და მერე გამოწურულ ლიმონს ვემსგავსებით. ყველა შეჯიბრებაზე ვიცი, რომ მომიწევს არა მხოლოდ უშუალოდ ფალავანთან, არამედ რუსეთის მთელ გუნდთან, მამიაშვილთან, მსაჯებთან პაექრობა. ამისთვის ყოველთვის შემზადებული ვარ. მეტიც, ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ სპარინგ-პატრნიორად ვირჩევ მეგობარ ფალავანს, რომელსაც ვთხოვ ჩემი ჩვეულებრივი ჭიდაობის პასუხად თვითონ აგრესიულად, უხეშად, წესების დაუცველად მეპაექროს, რადგან ვიცი დიდ შეჯიბრებებზე ამისი ატანაც მომიწევს. სხვათა შორის, მე ვერც იმას ვიტყვი, რომ ოლიმპიადაზე თვალის დაზიანების დროს მეტოქის მოქმედებამ გამაკვირვა, თუმცა მაშინ მაინც ვერ შევიკავე ემოცია, რადგან მართლაც აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს?!
- ქართული სპორტის მესვეურებმა ბოლო ხანს ბრძოლა გამოუცხადეს ტიტულოვან სპორტსმენთა მიერ საქართველოს ჩემპიონატის გამოტოვების ტენდენციად ქცეულ მოვლენას.
- მისასალმებელია ასეთი პრინციპულობა. მე არასდროს მოვკიდებივარ საქართველოს ჩემპიონატს უგულოდ. ახლაც, რომ არა კისრის, მუხლის და ხელის ტრავმები ერთდროულად, საქართველოს ჩემპიონატზე აუცილებლად ვიჭიდავებდი. ეს შეჯიბრება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი გულშემატკივარის თვალწინ გავდივართ ხალიჩაზე და გულიანად ჭიდაობა, პირველ რიგში, მათ პატივსაცემად მოგვეთხოვება.
- ბოლოს კი მინდა მოგილოცოთ, რომ გორში გაზეთ "ლელოს" და სპორტის სამინისტროს ვებ გვერდის საკორესპონდენტო პუნქტების ერთობლივი გამოკითხვით, ჩვენთან მომუშავე სპეციალისტმა გორის 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად, თქვენი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი კი საუკეთესო მწვვრთნელად დაგასახელათ.
- ძალიან გამიხარდა. უღრმესი მადლობა ყველას. მშობლიური ქალაქის მხარდაჭერა ჩემთვის მუდამ პატივსაცემი და მნიშვნელოვანია.
მადლიერება გამოხატა ნუგზარ სხირელმაც. გიორგი გოგშელიძესთან დაკავშირებით კი გვითხრა: "გიორგის დარ სპორტსმენს აუცილებლად სჭირდება სათანადო ხელშეწყობა, რასაც ჩვენი სპორტის მესვეურნი აკეთებენ კიდეც. თქვენთან საუბარში თქვა კიდეც, რომ თბილისში სპარინგ-პატრნიორებთან ნაყოფიერად ვარჯიშობს, მაგრამ ფიზიკური მომზადების ეტაპებს გორში უკეთესად გადის. არც გორის დარბაზში მეცადინეობებს ჩაუვლია მისთვის უკვალოდ. ვინც გორის დარბაზში მის ვარჯიშს უნაყოფოდ მიიჩნევს, ჩვენ შეგირდთა შედეგებს გადახედოს. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დიდებში მოპოვებული ხუთი მედლიდან სამი გორელებისაა, ახალგაზრდებში - ათიდან ხუთი! ვისაც, ვითომდა, გოგშელიძეზე გული შესტკივა, ნუ დაავიწყდებათ, როგორ დარბაზში ვარჯიშობენ აქ ჩვენი ტიტულოვანი ფალავანები. გიორგის დიდი პატივს ვცემ, მაგრამ, როცა იგი დარბაზში მოდის, იქაურობას სხვა მომეცადინეებისაგან ვერ დავცლი. ჰოდა, ასეთი ტიტულების პატრონს უწევს პატარა და გადატვირთულ დარბაზში 2 კვადრატულ მეტზე ვარჯიში, ნაცვლად 10-12 კვადრატული მეტრისა. შეადარეთ, ეს ნორმალურია? ჯობია იმაზე ილაპარაკონ, რომ გორში ნორმალური თავისუფალი ჭიდაობის დარბაზია ასაშენებელი, რომელიც ჩვენი მიუღწეველი ოცნება გახდა!"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"