ოღონდ მოჭიდავეები იქ სამი თვით გადაბარგდნენ, საქართველოს ჩემპიონატამდე და ისიც სანახევროდ - ოთხშაბათსა და შაბათს კვლავაც ვაკეში, ფალავანთა კლუბში ივარჯიშებენ, იქვე ჩაატარებენ დილის წვრთნებსაც, დიღომში კი საღამოს ვარჯიში ექნებათ. იქ მათი წასვლის ძირითადი მიზანი ლეიბზე ვარჯიშია - საქმე ისაა, რომ ფალავანთა კლუბი მეტისმეტად პატარაა და ყველა მსურველს ვერ იტევს,
საინტერესოა, მოჭიდავეები დიღომში, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე როდემდე დარჩებიან სტუმრებად, ან ქვეყნის პირველობის შემდეგ დართავენ თუ არა იქ ვარჯიშის ნებას? არადა, დაახლოებით ერთი წლის წინ თავად ფედერაციაში, ოლიმპიურ კომიტეტში თუ სპორტის მმართველ სხვა სტრუქტურებში გადაჭრით ამბობდნენ, რომ ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ ჭიდაობის ფედერაციას იქ დიდი ფართი გადაეცემოდა და თავადაც იქით გადაბარგდებოდა. საინტერესოა, ეს შეთანხმება ისევ ძალაშია თუ არა?
საქართველოს ჩემპიონატი 9-12 დეკემბერს თბილისში ტარდება. განზრახულია, რომ სპორტის ახალაშენებულ სასახლეში (შეგახსენებთ, რომ ისიც ამ ფესტივალისთვის აშენდა) ჩატარდეს, თუმცა შეიძლება მისი გამართვის ვადები ცოტათი შეიცვალოს.
ჩვენი მოჭიდავეებისთვის უახლოესი შეჯიბრებები ნოემბერში გაიმართება - 6-8 ნოემბერს მოსკოვში "ერთა თასი" ტარდება, თუმცა იქ ჩვენგან მხოლოდ "თავისუფლები" გამოვლენ, "ბერძენ-რომაელებს" კი 19-20 ნოემბერს მინსკში სურთ გამოსვლა, ოლეგ კარავაევის მემორიალზე. თუმცა არაა გამორიცხული, მათ გეგმა შეცვალონ და რომელიმე სხვა ტურნირზე იჭიდაონ. 27-29 ნოემბერს ბაქოში "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირია და ჩვენები იქაც გამოვლენ.