შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში მონაწილეობა კვოტირებულია - იწვევენ სეზონის 6 საუკეთესო გუნდს. ამიტომ ვერ მოხვდა იქ ჩვენი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა ნაკრები და დავრჩით მხოლოდ "თავისუფალთა" იმედად.
ჩვენი ნაკრები იქ უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდა და იმ ფონზე, როცა რუსები და აზერბაიჯანელები გადახალისებული გუნდებით ასპარეზობდნენ, ორგანიზატორები მთავარ ფავორიტად გვასახელებდნენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთის ნაკრებმა სარკეში ჩაგვახედა და პრინციპული შეხვედრა 6:2 მოგვიგო.
ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენ
არადა, რუსეთი მეორე-მესამე შემადგენლობით გამოდიოდა - იმათმა თავკაცმა მაგომედ ჰუსეინოვმა თავდაპირველად არც ერთ პირველ ნომერს არ უხმო გუნდში, მხოლოდ ბოლო დღეს მიიწვია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, "რუსულ ტანკად" წოდებული დაღესტნელი აბდულრაშიდ სადულაევი, თუმცა ისიც 97-ში დააყენა და არა მისთვის მშობლიურ 86-ში. სადულაევი მართლაც ისეთი "ტანკია", გინდ მძიმეში დააყენე, მოგება მაინც გარანტირებულია.
წილისყრამ ჩვენებს ძნელი ჯგუფი არგუნა - მასპინძელი რუსეთი და თურქეთი... ბუნებრივია, შერჩევის ასეთი მკაცრი კრიტერიუმით ტურნირში სუსტი გუნდი ვერ იქნებოდა, თუმცა მეტ-ნაკლებობა მაინც არსებობს და აქ ყველა შეხვედრა საომარი იყო, მეორე ჯგუფში კი ბელორუსი და განსაკუთრებით, პოლონეთი ბევრად "იოლი ლუკმა" ჩანდნენ.
ჩვენებმა ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში თურქეთს 5:3 მოუგეს, მესამე ადგილისთვის პაექრობაში კი ბელორუსს 6:2 აჯობეს.
თურქებთან შეხვედრა მარცხით დავიწყეთ - ბექა ბუჯიაშვილი (57) ევროპისა და მსოფლიოსმედალოსან სეზარ აკგულთან 3:10 დამარცხდა. ახალგაზრდა ბუჯიაშვილმა ვერ შეძლო ამ წონის ლიდერის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსან ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ღირსეულად შეცვლა და ამ ტურნირზე სამივე პაექრობა უარყოფითი ბალანსით დავიწყეთ - ბუჯიაშვილმა სამივე პაექრობა დათმო.
თავად ხინჩეგაშვილი მეტ-ნაკლებად დამაიმედებლად გამოვიდა - ორჯერ გავიდა ლეიბზე და თითო მოგება-წაგებით დაასრულა გამოსვლა. სამწუხაროდ, წააგო ყველაზე პრინციპული პაექრობა - რუსეთთან. თუმცა ჩვენებური "თავის" წონაში - 57-ში არ ჭიდაობს, რადგან ზედმეტი წონის პრობლემა აწუხებს, ოლიმპიადამდე 61-ში იასპარეზებს (თუმცა ეს წონა არაა თამაშების პროგრამაში).
მოსკოვში ხინჩეგაშვილს თურქებმა მუნირ რეცეპ აკტასი დაუყენეს, ვინც ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია გორელ ფალავანს - ჩვენებურმა 5:1 მოიგო.
იმარჯვა ზურაბ იაკობაშვილმაც (65) - სერვეტ ქოსქუნს დამაჯერებლად, 11:2 მოუგო და საერთო ანგარიშში 2:1 დაგვაწინაურა.
ამის შემდეგ ისევ თურქების ჯერი დადგა - დავით ტლაშაძემ (70) თავისი პაექრობა ფრედ, 4:4 კი დაასრულა მუსტაფა კაიასთან, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მოგება მეტოქეს დარჩა, ევროპული თამაშების მესამეპრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი (74) კი სონერ დემირტაშთან 0:7 დამარცხდა. საერთო ანგარიშიც 3:2 გახდა თურქების სასარგებლოდ, მაგრამ ეს მათი ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა - ჩვენებმა დარჩენილი სამივე ორთაბრძოლა მოიგეს.
ევროპული თამაშებისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორმა სანდრო ამინაშვილმა (86) აჰმეტ ბილიჩს 3:1 მოუგო, ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ელიზბარ ოდიკაძემ (97) იბრაჰიმ ბოლუკბასს 5:0 მოუგო, გიორგი საკანდელიძემ კი მძიმე წონაში მთელ ტურნირზე თავის ჩინებულ გამოსვლას საძირკველი აქ ჩაუყარა ემრე იუნუს დედესთან წმინდა მოგებით - 10:0.
რუსებთან შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა ორი ცვლილება შეიტანა. აქედან ერთი გასაგებია - წაგებულ ყველაშვილს იაკობ მაქარაშვილი ამჯობინა, თუმცა მოგებული იაკობაშვილიც შეცვალა და მის ნაცვლად ევროპის პრიზიორი კონსტანტინე ხაბალაშვილი დააყენა. არადა, უფრო გამართლებული სწორედ ეს ცვლილება გამოდგა იღბლიანი - მაქარაშვილი მართალია, მინიმალურად, მაგრამ მაინც 8:9 დამარცხდა იაკუპ შიხჯამალოვთან, ხაბალაშვილმა კი ასევე მინიმალური სხვაობით, ძალიან დაძაბულ პაექრობაში დაჯაბნა მურად ნუხკადიევი - 11:10.
ჩვენებურმა პირველი პერიოდი ჩინებულად ჩაატარა და 6:0-ით გავიდა შესვენებაზე, თუმცა იქიდან უფრო მობილიზებული დაღესტნელი დაბრუნდა და შეხვედრის მიწურულს უკვე 10:9-ს იგებდა. საბედნიეროდ, ხაბალაშვილმა ბოლომდე იომა, მარცხს არ შეურიგდა და სასტვენამდე 10-ოდე წამით ადრე ორქულიანი გდება მიითვალა.
ბუჯიაშვილი ისმაილ მუსუკაევთან დამარცხდა - 7:15, თუმცა ამაზე უფრო მოულოდნელი ხინჩეგაშვილის წმინდა მარცხი იყო ახმედ ჩაკაევთან - 0:11.
ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო მეორე პაექრობაც უიმედოდ დავთმეთ - ოდიკაძემაც 0:11 წააგო სადულაევთან, მანამდე კი ტლაშაძემ რასულ ჯუკაევთან 3:5 დათმო, ამინაშვილი კი 0:5 დამარცხდა ახმედ მაგომედოვთან. ბოლო შეხვედრაში გული ცოტათი საკანდელიძემ მოგვიფონა, როცა ალან ხუგაევს 3:2 სძლია, თუმცა ამით საერთო ჩამორჩენას არაფერი ეშველა, მხოლოდ 2:6-მდე შემცირდა.
ბელორუსთან შეხვედრა მინდორაშვილმა სამი ცვლილებით დაიწყო - ხინჩეგაშვილის ნაცვლად ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე დააყენა, ოდიკაძეს ახალგაზრდა ომარ გუსოშვილი ამჯობინა, ხოლო ყველაშვილი ისევ დააბრუნა შემადგენლობაში.
მინდორაშვილს ყველა ცვლილებამ გაუმართლა - ლომთაძემ ანდრე კომარი 8:0 დაჯაბნა, გუსოშვილმა ომარგაჯი მაგომედოვს 6:0 მოუგო, ყველაშვილმა კი რასულ ტიხაევს 11:0 აჯობა. ბუჯიაშვილი ამჯერად დიმჩიკ რიმჩინოვთან დამარცხდა - მეტოქემ ბეჭებზე დადო, სამაგიეროდ, ჩვენებმა ლომთაძის შემდეგ მომდევნო სამი პაექრობა წმინდად მოიგეს: ყველაშვილზე უკვე გითხარით და იაკობაშვილმა ვიქტორ სერადას 12:0 მოუგო, ტლაშაძემ კი ანდრეი კარპაჩს - 10:0.
ამინაშვილი ისევ დამარცხდა - ამჯერად ალექსანდრ გუშტინთან, ბოლო პაექრობაში კი საკანდელიძემ ვადიმ შვედოვი 3:0 დაამარცხა. უნდა ითქვას, რომ პირველი შემადგენლობით არც ბელორუსები გამოდიოდნენ.
ჩვენი ნაკრების სტატისტიკაზე წერილის დასაწყისში მეტ-ნაკლებად გითხარით, ამჯერად კი ორ წონაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - 65-ში, რომელიც ოლიმპიური კატეგორიისაა, მაგრამ ჯერ ლიცენზია არ გვაქვს, ჩვენებმა სამივე შეხვედრა მოიგეს - ყვარლელმა იაკობაშვილმა ორჯერ იმარჯვა (თურქეთთან და ბელორუსთან), გორელმა ხაბალაშვილმა კი რუსეთთან პრინციპული შეხვედრა მოიგო. წლეულს ამ წონაში ჩვენგან მთავარ ტურნირებზე 19 წლის ავთანდილ კენჭაძე ჭიდაობდა, მაგრამ ის ჯერ მზად არაა უფროსებთან საპაექროდ. აი, ახალგაზრდებს რაც შეეხება, იქ წლეულსვე ევროპის მესამეპრიზიორი გახდა და მსოფლიოზეც ბრინჯაოსთვის იჭიდავა. სავარაუდოდ, წლეულს სალიცენზიო ტურნირებში ამ დუეტსაც ვიხილავთ.
მოსკოვური ტურნირი 70 კილოგრამშიც ცუდად ჩავატარეთ, თუმცა ეს წონა არაა ოლიმპიადის პროგრამაში.
მოლოდინისამებრ, "ერთა თასის" გამარჯვებული თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანი 5:3 დაამარცხა. რუსებმა მოიგეს ტურნირი ბერძნულ-რომაულშიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"