შეგახსენებთ, რომ აქ დიდი პოლიტიკური წიაღსვლების თუ დაფარული შიდა ინტრიგების შემდეგ მწვრთნელებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე წასასვლელად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვიქტორ ლებედევი დაასახელეს, მაგრამ მას ძველი ცოდვები მოეწია - ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის ვერდიქტით, რუსეთის ნაკრების ყველა ის სპორტსმენი, ვინც კი ადრე ყოფილა დოპინგის მიღებისთვის დასჯილი, თამაშებიდან მოიკვეთა.
ლებედევმა 2006 წელს ორწლიანი სასჯელი მოიხადა და ამ სიაშიც მოხვდა. რუსები იმედოვნებდნენ, რომ ლიცენზიას მაინც დაუტოვებდნენ და მის შემცვლელსაც დაუწყეს ძებნა, მაგრამ მსოფლიოს ფედერაციამ,
ახლა ბელორუსებს მიეცათ საფიქრალი, ვინ წაიყვანონ ოლიმპიადაზე - მსოფლიოს პრიზიორი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ლებედევის მსგავსად, ციმბირელი ვიქტორ ანდრეევი თუ დაღესტნელი ლეგიონერი ასადულა ლაჩინოვი.
უახლოეს დღეებში მათ შორის საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩატარდეს და მაშინ გავიგებთ, ვინ იქნება ამ წონაში ჩვენი ლიდერის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, წინა ოლიმპიადის ფინალისტ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის კიდევ ერთი მეტოქე.
ვფიქრობთ, ჩვენთვის ოდნავ მაინც აჯობებს, ლაჩინოვს თუ დააყენებენ. ხინჩეგაშვილი ანდრეევსაც უგებს, მაგრამ მოჩხუბარი და ავყია ციმბირელი სკანდალური ფალავანია. გავიხსენოთ მისი დემარში და გაწევ-გამოწევები თბილისში, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გიორგი ედიშერაშვილთან, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შარშან ბაქოში, ევროპულ თამაშებზე გაუკეთა ხინჩეგაშვილს, როცა ხელჩართული, სასტიკი ჩხუბი გაუმართა, თუმცა გვარიანადაც მოხვდა.
მას კი მოხვდა, მაგრამ მაშინ ორივე მოხსნეს შეჯიბრებიდან, რითაც, ვფიქრობ, უფრო ჩვენ და ხინჩეგაშვილმა ვიზარალეთ.
სავარაუდოდ, ანდრეევი მედალს მაინც მოიპოვებდა, ოღონდ მისი მაქსიმუმი ბრინჯაო იქნებოდა; აი, ლადომ კი ჩემპიონობის ბრწყინვალე შანსი დაკარგა. არადა, მოგვიანებით - სამიოდ თვეში ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ბრწყინვალე სეზონი ექნებოდა.
ერთი სიტყვით, ძირითადად, ამ მიზეზის გამო აჯობებს, მოჩხუბარი ანდრეევი საერთოდ თუ ვერ მოხვდება ოლიმპიადაზე. თან ლაჩინოვი არც ისე ძლიერი გვგონია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"