ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია

AutoSharing Option
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნაკრებისა თუ ამერიკული კლუბის პარალელურად, გერმანულ ბუნდესლიგაშიც წარმატებით გამოდის. აქ ის კსვ აალენ-05-ის ღირსებას იცავს, სადაც წლების განმავლობაში დიდი წარმატებით ჭიდაობდა ევროპის ჩემპიონი ემზარ ბედინეიშვილი, ვინც ახლაცაა მიწვეული იქ და თვის ბოლოს გაემგზავრება კიდეც.

ბუნდესლიგის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე დღის წინ გამართულ მორიგ ტურში აალენელებმა მშობლიურ არენაზე "მაინცი" მიიღეს, რომელშიც უკრაინის მოქალაქე დავით ბიჩინაშვილი ჭიდაობს და შარშან კლუბიც წარმატებით გამოდიოდა, წლეულს კი მაინცელებს მძიმე დროება უდგათ. მათ გასაჭირს ლოდი აალენელებმა
მიადეს - 18:9 მოუგეს, ამ გამარჯვებაში კი თავისი წვლილი ხინჩეგაშვილმაც შეიტანა.

მის წარმატებაში გასაკვირი არაფერია, პირიქით - ეს ჩვეული ამბავია და რომ წაეგო, ის გაგვაკვირვებდა, თუმცა ამჯერად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - ხინჩეგაშვილმა, რომელიც ისედაც ორ წონაში, 57-სა და 61-ში გამოდის, ახლა 66-ში იჭიდავა და დიდი ანგარიშით, 18:3 (ბუნდესლიგა სხვა წესებით ტარდება, აქ ბრძოლა დროის ამოწურვამდეა და ქულებით ვადამდე არ წყდება) დაამარცხა რუმინელი ევროპის მესამეპრიზიორი გეორგე ბუცური.

თუმცა ჩვენებურისთვის ამ წონაში გამოსვლა პირველი არაა - ადრეც უჭიდავია იქ და ყოველთვის წარმატებით. მაგალითად, "ნენდინგენთანაც" 66-ში იასპარეზა და მოლდოველ ანდრეი პერპელიტას 4:0 მოუგო. ბუნდესლიგაში ჩვენებური დაუმარცხებელია, მისი კლუბი კი გათამაშების ლიდერია.

ბუნდესლიგაში წარმატებით გამოდის ჩვენი მეორე ოლიმპიელიც, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე (66), ვინც "შიფერშტადტის" ღირსებას იცავს, როგორც ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველი. თუმცა ბოლქვაძეს შედარებით იშვიათად მოუწია ჭიდაობა.

აქვე ბუნდესლიგური წესების კიდევ ერთ თავისებურებას განვმარტავთ - შესარჩევში 66, 75 და 86 კილოგრამებში  "ბერძენ-რომაელები" და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ერთდროულად ჭიდაობენ, დანარჩენებში კი ენაცვლებიან ერთმანეთს. ანუ ერთ ტურში "ბერძენ-რომაელებს"  უწევთ ასპარეზობა, მეორეში - "თავისუფლებს". ბოლქვაძემ ბოლოს 5 ნოემბერს იჭიდავა სწორედ "აალენის" წინააღმდეგ და დენის მენეკსეს 8:0 მოუგო, თუმცა იმ შეხვედრაში სტუმრებს ხინჩეგაშვილი არ დაუყენებიათ.

ბუნდესლიგაში ბოლო ტური 17 დეკემბერს გაიმართება და "აალენი" "ადელჰაუზენს" ესტუმრება. სტუმრად იჭიდავებს "შიფერშტადტიც" - "ვაინგარტენთან".

როგორც გითხარით, "აალენი" გათამაშებას ლიდერობს, სხვა ჩვენებურთა ლიგები კი 8-გუნდიან ლიგაში აუტსაიდერები არიან - "მაინცი" მეშვიდეა, "შიფერშტადტი" - მერვე.

ბუნდესლიგის გარდა, ქართველები რეგიონულ ლიგებშიც გამოდიან და იქაც დიდი წარმატებით. მაგალითად, სამხრეთ ბუნდესლიგაში, სადაც 10 ნოემბერს "ქართული"კლუბები, "ეშბახი" და "ტრიბერგი" შეხვდნენ ერთმანეთს: პირველში ლაშა ტალახაძე (61) გამოდის, მეორეში - ზურაბ მაჭარაშვილი (57) და თეიმურაზ ბერაძე (86), თუმცა ის გერმანიის მოქალაქეა.

პირად შეხვედრაში სამივე ქართველმა იმარჯვა: მაჭარაშვილმა გერმანელ ნიკ შერერს 20:4 აჯობა, ტალახაძემ ვიქტორ ლიზენი 10:2 დაამარცხა, ბერაძემ კი 4:2 აჯობა იულიან სტაინბახს.

ამავე ლიგაში ფეხბურთიდან ქართველთა გუნდად ცნობილი "ფრაიბურგის" ღირსებას "ბერძენ-რომაელი" ამირან შავაძე (66) იცავს. ასევე 10 დეკემბერს გამართულ ბოლო ტურში მისმა გუნდმა სტუმრად 16:14 დაამარცხა "უნტერგრისბახი", ჩვენებურმა კი 17:4 მოუგო ვიტალი ლაზოვსკის. ხვალ, ბოლო ტურში ფრაიბურგელები "ეშბახს" მიიღებენ, "ტრიბერგი" კი "ანგერს" უმასპინძლებს.

ამ 10-გუნდა ლიგაში ჩვენებურთა კლუბებიდან ყველაზე უკეთ "ტრიბერგი" გამოდის, რომელიც მესამე ადგილზეა, მეოთხეა "ფრაიბურგი", ხოლო "ეშბახი" ბოლოსწინა საფეხურზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"2016 წლის მთავარი მოვლენა ქართულ სპორტშიო" და დიდმა უმრავლესობამ ესპანეთი-საქართველოს0:1 ამხანაგური მატჩი და ფაჩულიას ტრანსფერი ამჯობინა ხინჩეგაშვილის ოლიმპიურ ოქროს.... რას გაუგებ ამათ სპორტულ გემოვნებას)))
zaza
17:12 16-12-2016
0
ძალიან საინტერესო, დეტალური, ვრცელი და მაგარი სტატიაა, მაინტერესებს საიტი თუ იცით რო მივადევნოთ ტვალყური, ანუ გერმანული ვებგვერდი სადაც ეს ინფორმაციებ, ლაივები და ვიდეოები იქნება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული