გასულ უქმეებზე კი მე-2 ეტაპს კანადურმა ონტარიომ უმასპინძლა. შეჯიბრებაში აქაც 10 მოციგურავე მონაწილეობდა, მათ შორის, ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, 22 წლის ელენე გედევანიშვილი (ქართველ მოციგურავეს ისევ კანადელი ბრაიან ორსერი ავარჯიშებს).
ასპარეზობის პირველ დღეს ელენემ შესანიშნავად შეასრულა მოკლე პროგრამა, მხოლოდ სამმაგი ლუტცისას დაუშვა მცირედი შეცდომა, მსაჯებისგან 60.80 ქულა დაიმსახურა და ერთპიროვნულად დაწინაურდა - მეორე ადგილზე მყოფ 16 წლის კანადელ ქეთლინ ოსმონდს 0.24 ქულით გაუსწრო. 58,56 ქულით მესამეზე
ქართველი სპორტსმენი სიხარულს ვერ ფარავდა.
"დღევანდელი შედეგით ერთგვარად შოკირებულიც ვარ, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ბევრს ვვარჯიშობ და ჩემი მომზადებაც გეგმის შესაბამისად მიდის", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
თავისუფალი პროგრამით გამოსვლისას გედევანიშვილმა ყველა მეტოქის შედეგი იცოდა, რადგან, როგორც ლიდერი, ბოლოს გამოვიდა ყინულზე.
სამწუხაროდ, ჩვენებურმა ჩვეული შემართებით ვერ შეასრულა ვარჯიში, რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 99,72 ქულას დასჯერდა, საბოლოოდ კი 160,42 ქულა მხოლოდ მე-5 ადგილისთვის ეყო.
176,45 ქულით პირველი ადგილი ქეთლინ ოსმონდმა დაიკავა. გამარჯვებულს 1,29 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა შარშანდელი მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი აკიკო სუძუკი (იაპონია). 168,04 ქულით მესამე ადგილი ახალგაზრდებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონ კანაკო მურაკამის (იაპონია) ერგო.
შემდეგ მოდიან: ელიზავეტა ტუკტამიშევა (რუსეთი, 168.00), ელენე გედევანიშვილი (160.52), კსენია მაკაროვა (რუსეთი, 154.11), გრაცია გოლდი (აშშ, 151.57), ამელი ლაკოსტა (კანადა, 151.44), კაროლინ ჟანი (აშშ, 149.87), პოლინა შალიაპინი (რუსეთი, 124.29).
მომდევნო სამი ეტაპი შანხაიში (ჩინეთი, 2-4 ნოემბერი), მოსკოვსა (რუსეთი, 9-11 ნოემბერი) და პარიზში (საფრანგეთი, 16-18 ნოემბერი) გაიმართება, მაგრამ ქართველი მოციგურავე იმ შეჯიბრებებში არ იასპარეზებს და გამოვა მხოლოდ დასკვნით ეტაპზე.
დებულებით, თითოეულ მოციგურავეს მისთვის სასურველ ორ ეტაპზე შეუძლია მონაწილეობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"