ჰოკეი. NHL. ფინალი: პიტსბურგი და კროსბი - ზედიზედ მეორედ

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე სეზონში ჰოკეის ეროვნული ლიგის საუკეთესო გუნდი გახდა "პიტსბურგ პინგვინზი". სტენლის თასის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში, "პინგვინებმა" სტუმრად 2:0 მოუგეს "ნეშვილს" და გაიმარჯვეს გადამწყვეტ სერიაში - 4:2.

სტუმრებმა "ნეშვილის" წინააღმდეგობა ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გატეხეს, როცა პატრიკ ჰორნკვისტმა გახსნა ანგარიში (შვედმა უარყოფითი კუთხიდან გაიტანა, როცა ზურგში მოარტყა შაიბა მეკარეს), ბოლო წამებზე კი, როცა "ნეშვილი" ექვსი ჰოკეისტით უტევდა მეტოქეს, კარლ ჰაგელინმა ცარიელ კარში გაიტანა და წერტილი დაუსვა შეხვედრას, ფინალურ სერიასა და მთლიანად სეზონს. "პიტსბურგი" არსებობის ისტორიაში მეხუთედ გახდა სტენლის
თასის მფლობელი.

მატჩისა და სერიის ერთ-ერთი მთავარი გმირი აღმოჩნდა "პინგვინზის" მეკარე მეტ მიურეი, რომელმაც 27 დარტყმა მოიგერია და ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა "შათაუტი". განსაკუთრებით კარგი იყო მიურეი მეორე პერიოდში, როცა მასთან ერთი ერთზე გასულ კოლტონ სისონსს აჯობა, ხოლო შეხვედრის კულმინაცია იყო ეპიზოდი მესამე პერიოდში - "ნეშვილს" 32 წამის განმავლობაში ორით მეტი მოთამაშე ჰყავდა მოედანზე, მაგრამ მიურეისთვის გოლის გატანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

"პიტსბურგი" პირველი გუნდია 1997 და 1998 წლების "დეტროიტის" შემდეგ, რომელმაც მიჯრით შეძლო სტენლის თასის აღება. ასევე ზედიზედ მეორედ, პლეი ოფის MVP-ის პრიზი "პიტსბურგის" კაპიტანმა სიდნი კროსბიმ მოიპოვა. ის მხოლოდ მეორე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც სტენლის თასის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ზედიზედ მეორედ აიღო. უფრო ადრე ეს შეძლეს - "პიტსბურგის" ლეგენდამ მარიო ლემიემ (1991 და 1992) და "ფილადელფიას" მეკარემ ბერნი პარენტმა (1974 და 1975).

კროსბი მეორე იყო პლეი ოფის ბომბარდირთა დავაში - ჩამორჩა მხოლოდ თანაგუნდელ ევგენი მალკინს, რომელმაც სტენლის თასის გათამაშება 28 ქულით (10+18) დაასრულა.

ნეშვილი-პიტსბურგი 0:2
0:0, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 ჰორნკვისტი-5 (შულცი-9, კუნიტცი-9), 0:2 ჰაგელინი-2 (დუმოლენი-5).
სერია: 2-4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული