დეტროიტული გარჩევები

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ბოლო კომპლექტი ცეკვებში გათამაშდა. ამ სახეობისთვის განკუთვნილი ოქროს მედალი დეტროიტის საკუთრება გახდა - როგორც ეს ბოლო წლებში ხშირად ხდებოდა.

ამერიკის ამ ქალაქში მუშაობენ ცნობილი მწვრთნელები - მარინა ზუევა და იგორ შპიბლანდი, რომლებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ თავიანთი შეგირდებისთვის ერთნაირ მომგებიან პროგრამებს ადგენენ და საშუალებას აძლევენ მათ უძლიერესი ყინულზე გამოავლინონ. ტრადიცია მოსკოვში გაგრძელდა.

მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობა ხელთ იგდეს კანადელმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ტესა ვირტუმ და სკოტ მოირმა. მათი თავისუფალი ცეკვაც (ლათინური მუსიკის ჰანგებზე) ბრწყინვალე იყო, მაგრამ საბოლოოდ
ოქროს მედალი მერილ დევისისა და ჩარლი უაიტის ამერიკულმა წყვილმა მოიპოვა.

მხოლოდ მსაჯებმა შეიძლება ახსნან, რატომ მიანიჭეს თანაბარ ბრძოლაში უპირატესობა ამერიკელებს. მაყურებელმა სხვაგვარად განსაჯა - ვირტუსა და მოირს პუბლიკა ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს, ჩემპიონებს კი ასეთი პატივი არ რგებიათ.

სამაგიეროდ, გასაგები იყო მსაჯების გადაწყვეტილება ბრინჯაოს მედლის მფლობელთა გამოვლენისას. ნორჩმა ამერიკელებმა - და-ძმა შიბუტანებმა "ტანგო" უშეცდომოდ შეასრულეს, ევროპის ჩემპიონები - ნატალი პეშალა და ფაბიან ბურზა "ჩაპლინიანას" ცეკვისას დაეცნენ. ამას ორი ქულის ჩამოკლება მოჰყვა, რამაც ამერიკელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა ამ დუელის ბედი, ფრანგები კი საერთოდ მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ.

საბოლოო შედეგები:
1. მერილ დევისი-ჩარლი უაიტი (აშშ) - 111,51
2. ტესა ვირტუ-სკოტ მოირი (კან) - 107,50
3. მაია შიბუტანი-ალექს შიბუტანი (აშშ) - 96,91
4. კეილინ უივერი-ენდრიუ პოჟე (კან) - 95,25
5. კატერინა ბობროვა-დმიტრი სოლოვიოვი (რუს) - 94,35
6. ნატალი პეშალა-ფაბიან ბურზა (საფ) - 92,57
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული