ფინეთი ყველაზე ძლიერია

AutoSharing Option
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ფინეთის ნაკრებმა დაიბრუნა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს იყო იუკა იალონენის გუნდის სრულიად დამსახურებული ტრიუმფი. ამ სპეციალისტის ხელში "სუომიმ" მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია. მართალია, ბოლო ორ ჩემპიონატზე ფინეთს პრობლემები ჰქონდა, სამაგიეროდ, ვანკუვერის ოლიმპიადაზე ბრინჯაო აიღო, ახლა კი პლანეტის საუკეთესო გუნდი გახდა.

ფინეთი ერთადერთხელ 1995 წელს იყო მსოფლიოს ჩემპიონი. კიდევ ექვსჯერ "სუომიმ" ფინალში ითამაშა, მაგრამ ორ-ორჯერ დამარცხდა კანადასთან, ჩეხეთთან და შვედეთთან. გარდა ამისა, ფინელებმა 2006 წლის ოლიმპიადის ფინალი წააგეს შვედეთთან.

1995 წელს მოგებულ ფინალში ფინეთმა შვედეთს მოუგო. სხვათა შორის, მაშინაც
მომავალმა ჩემპიონმა ნახევარფინალში 3:0 მოიგო, ოღონდ მაშინ მეტოქე არა რუსეთი, არამედ ჩეხეთი იყო.

საინტერესოა ერთი ფაქტი - იმ ერთადერთ მოგებულ ფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა ვილე პელტონენმა, რომელსაც სლოვაკეთში გამგზავრების ყველა შანსი ჰქონდა, მაგრამ ფინეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.

შვედეთი და ფინეთი არასოდეს თამაშობდნენ ერთმანეთში გახსნილ ჰოკეის. ასე მოხდა ამჯერადაც, ოღონდ ორმეოთხედნახევარი. "სუომი" ცდილობდა უკან მუდმივად სამი კაცი ჰყოლოდა, "ტრე კრუნური" კი ტრადიციულად შაიბაზე კონტროლის დაწესებას ლამობდა. შესაბამისად, პირველ პერიოდში სახიფათო მომენტი არ გვინახავს. საკითხი ასე იდგა - ვინ დაუშვებდა პირველ შეცდომას? პირველები ფინელები შეცდნენ - ჯერ პესონენმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა, საპასუხო შეტევაში კი მეორე ფინელი ტიმ ერიქსონი შეცდა - საკუთარ ზონაში ცუდი პასი შეასრულა და პააიარვის გაატანინა.

"სუომი" იმდენად გააწბილა ამ გოლმა, რომ მაშინვე ანგარიშის გათანაბრება სცადა და ამით კინაღამ საბოლოოდ დაიღუპა. მისი შეტევები ვიქტორ ფასტის კართან არაორგანიზებული იყო, შვედები კი ზედიზედ ქმნიდნენ საგოლე მომენტებს და მხოლოდ შემთხვევითობით ვერ მოახერხეს ანგარიშის გაზრდა - ბეკლუნდის დარტყმა ვეჰანენმა მოიგერია, ბერგლუნდმა ძელს გაარტყა, პერსონმა კი ცარიელ კარს ააცილა.

ფინეთს ამ სიტუაციაში რიცხობრივი უპირატესობა დაეხმარა. ეს გუნდი სლოვაკეთში ყველაზე კარგად იყენებდა ზედმეტ მოთამაშეს და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. მეორე პერიოდის ბოლოს პეტრაშეკის გაძევება ტურნირის საუკეთესო სნაიპერმა იარკო იმონენმა გამოიყენა.

ბუნებრივია, "გასახდელში გოლმა" შვედეთზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "ტრე კრუნური" ასე ჩააგდებდა მესამე პერიოდს.

ერთი წუთის განმავლობაში ფინელებმა მეტოქის დახმარებით სამი საგოლე მომენტი მიიღეს. მართალია, მიკო კოივუმ ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, ნოკელაინენმა და კაპანენმა არ დაინდეს მოწინააღმდეგე. პირველმა იმავე პეტრაშეკის შეცდომით გაიტანა, მეორემ კი ფერნჰოლმის საჩუქარი შეირგო.

შვედეთს ჰქონდა საკმარისი დრო სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ფინეთისთვის ბოლო პერიოდში ორი შაიბის გაქვითვა ძალიან რთული საქმეა. "ტრე კრუნურმა" თავისი შანსი მეორე 20-წუთეულში დაკარგა, როცა მოპოვებული უპირატესობა ვერ განავრცო. ბოლო წუთებზე ფინელებმა კიდევ სამჯერ გააწბილეს ფასტი და ფინალისთვის უცნაური ანგარიში დააფიქსირეს - 6:1.

* * *
ტურნირის ორგანიზატორებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ შვედეთის ნაკრების მეკარე ვიქტორ ფასტი დაასახელეს, ჟურნალისტებმა კი სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომლის შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: ვიქტორ ფასტი (შვედეთი);
მცველები: დავიდ პეტრაშეკი (შვედეთი), მარეკ ჟიდლიცკი (ჩეხეთი);
თავდამსხმელები: პატრიკ ბერგლუნდი (შვედეთი), იარკო იმონენი (ფინეთი), იარომირ იაგრი (ჩეხეთი).

ფინალი
შვედეთი-ფინეთი 1:6
0:0, 1:1, 0:5
გოლები: 1:0 პააიარვი-2, 1:1 იმონენი-9 (პესონენი-5, მ. კოივუ-5), 1:2 ნოკელაინენი-1 (პილსტრიომი-1), 1:3 ნ. კაპანენი-2 (აალტონენი-2, კომაროვი-2), 1:4 პესონენი-2 (გრანლუნდი-7), 1:5 პიუერიალია-1 (მ. კოივუ-6, სალმელა-2), 1:6 პილსტრიომი-2 (ლაიუნენი-1).

მე-3 ადგილისთვის
ჩეხეთი-რუსეთი 7:4
2:3, 3:1, 2:0
გოლები: 1:0 ჩერვენკა-2, 1:1 კოვალჩუკი-2 (რადულოვი-4, ტიუტინი-3), 1:2 კულიკოვი-2 (აფინოგენოვი-2, გოროვიკოვი-2), 2:2 პრუხა-2 (როლინეკი-2, მარეკი-2), 2:3 კოვალჩუკი-3 (რადულოვი-5, ზინოვიევი-2), 3:3 პრუხა-3, 4:3 ჩერვენკა-3 (პრუხა-2), 5:3 ჩერვენკა-4 (პლეკანეცი-4), 5:4 ტარასენკო-1 (ზინოვიევი-3, კორნეევი-3), 6:4 მარეკი-1, 7:4 პლეკანეცი-6 (იაგრი-4, ჩერვენკა-6).

გოლი+პასი
იმონენი (ფინეთი) 12 (9+3)
ბერგლუნდი (შვედეთი) 10 (8+2)
პლეკანეცი (ჩეხეთი) 10 (6+4)
ჩერვენკა (ჩეხეთი) 10 (4+6)

სნაიპერები
იმონენი (ფინეთი) 9
ბერგლუნდი (შვედეთი) 8
პლეკანეცი (ჩეხეთი) 6
რუუტუ (ფინეთი) 6
ჰოლტეტი (ნორვეგია) 6

ასისტენტები
ოლიმბი (ნორვეგია) 8
გრანლუნდი (ფინეთი) 7
კოივუ (ფინეთი) 6
რედლიჰსი (ლატვია) 6
ჩერვენკა (ჩეხეთი) 6
ნილსონი (შვედეთი) 6
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული