საჭიროა მეშვიდე მატჩი

AutoSharing Option
"ტამპა ბეიმ" არ მისცა "ბოსტონს" აღმოსავლეთის ფინალის ნაადრევად დასრულების საშუალება და ახლა ამ დაპირისპირების ბედს მეშვიდე მატჩი გაარკვევს. "ლაითნინგმა" მიმდინარე პლეი ოფში უკვე მერამდენედ გამოაჩინა ხასიათის სიმტკიცე - პირველ ყოვლისა, სწორედ ამ თვისების წყალობით მიაღწია გუნდმა ამ დონემდე და ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პირველი პერიოდი ტედი პურსელის სწრაფი გოლით დაიწყო, რომელიც ვენსან ლეკავლიეს მიერ მოგებულ ჩაგდებას მოჰყვა. თუმცა "ტამპას" ასეთ დასაწყისს უკვე ყველა მიჩვეული იყო, მათ შორის "ბოსტონი".

"დათვებმა" საკმაოდ სწრაფად უპასუხეს - მილან ლუჩიჩმა მცველის მეურვეობის მიუხედავად ზუსტად დაარტყა.
დუეინ როლოსონმა, რომელიც ისევ დაბრუნდა "ტამპას" კარში, რეაგირება დააგვიანა.

მასპინძლებმა პირველ პერიოდში საყაიმო ანგარიშიც ვერ შეინარჩუნეს - მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, ჰეთ-თრიკის ავტორმა დავიდ კრეისიმ შესანიშნავი პასი მიიღო დანიელ პეისგან და შორეულ ცხრიანში გაუტანა როლოსონს. საერთო ჯამში, პირველ 20-წუთეულში უპირატესობა "ბოსტონს" ჰქონდა.

მაგრამ შემდეგ "ბოსტონს" ცუდი სამსახური გაუწიეს გაძევებებმა. ზედიზედ სამი შაიბა გაიტანა "ტამპა ბეიმ" რიცხობრივი უპირატესობის დროს. მას შემდეგ, რაც ვენსან ლეკავალიემ ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, მარტინ სენტ ლუისმა კარის ახლოს უნარიანი ბრძოლის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.

სენტ ლუისს მხარი აუბა ტედი პურსელმა, რომელმაც სტივ დაუნის ბრწყინვალე პასი გამოიყენა და დუბლი შეასრულა. ჩრდილში არ დარჩენილა მასპინძლების კიდევ ერთი ლიდერი სტივენ სტემკოსი. "ტამპას" წარმატებაში დიდი წვლილი მანაც შეიტანა. შარშანდელი სეზონის საუკეთესო სნაიპერმა ისეთი ძალით დაარტყა, რომ თვით ტიმ ტომასიც კი არ განძრეულა 4:2.

ერთხელ რიცხობრივი უპირატესობა "ბოსტონმაც" გამოიყენა - კრეისიმ კარგად დაუხვედრა ყვანჯი ნათან ჰორტონის პასს. სხვათა შორის, კრეისი და სენტ ლუისი 10-10 გოლის სათავეში ჩაუდგნენ პლეი ოფში სნაიპერთა დავას.
კრეისის გოლიდან ძალიან ცოტა დრო იყო გასული, როცა სენტ ლუისმა დაუნისთან ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა და ორშაიბიანი უპირატესობა აღადგინა. თუმცა "ბოსტონმა"არ მისცა მატჩის მშვიდად დასრულების საშუალება მეტოქეს. კრეისის დარტყმა რთული არ ყოფილა, მაგრამ როლოსონმა შაიბა დაკარგა და ის კარში შეცურდა.

მაგრამ დარჩენილ შვიდ წუთში "ტამპამ" გაუძლო "დათვების" შტურმს. მაყურებელმა ცხრა გოლი იხილა, რითაც კმაყოფილი იყო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ მასპინძლებმა ერთით მეტი შაიბა გაიტანეს და სერია მეშვიდე მატჩამდე მიიყვანეს. გადამწყვეტი დუელი ბოსტონში გაიმართება.

აღმოსავლეთი
ტამპა ბეი-ბოსტონი 5:4
1:2, 2:0, 2:2
გოლები: 1:0 პურსელი-5 (ლეკავალიე-12), 1:1 ლუჩიჩი-3 (ჰორტონი-8, ბოიჩუკი-3), 1:2 კრეისი-8 (პეი-2), 2:2 სენტ ლუისი-9 (ლეკავალიე-13, სტემკოსი-6), 3:2 პურსელი-6 (დაუნი-11, ბ. კლარკი-2), 4:2 სტემკოსი-6 (ბრიუერი-6, სენტ ლუისი-10), 4:3 კრეისი-9 (ჰორტონი-9, ტ. კაბერლე-7), 5:3 სენტ ლუისი-10 (დაუნი-12, სტემკოსი-7), 5:4 კრეისი-10 (ლუჩიჩი-6, ტ. კაბერლე-8).
სერია: 3-3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული