ვანკუვერის პირველი ნაბიჯი

AutoSharing Option
"ვანკუვერმა" გამარჯვებით დაიწყო "ბოსტონთან" ფინალური სერია. პირველი მატჩის ბედი ერთადერთმა შაიბამ გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე გაიტანეს.

ბოლოს NHL-ს ფინალურ სერიაში ასეთი ანგარიში 1984 წელს დაფიქსირდა, როცა "ედმონტონის" მეკარე გრანტ ფიურმა სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი "აილენდერსი" შეაჩერა. მაშინ თითო მატჩში 7-8 შაიბის გატანა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამიტომაც ჩანდა უცნაურად მაშინდელი შეხვედრის შედეგი, თუმცა დღესაც მსგავსი საფეხბურთო ანგარიში არც ისე ხშირად გვხვდება. გუშინდელმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ღირსეული მეკარეები წარსდგნენ.

59 წუთისა და 42 წამის განმავლობაში "ბოსტონის"
კარის დარაჯი ტიმ ტომასი ბრწყინვალე თამაშით მიდიოდა ზედიზედ მეორე "შათაუთისკენ. მესამე პერიოდის ბოლო 10 წუთი მოედანზე ცალკარა თამაში მიდიოდა - ტომასის კარის მიმართულებით და ამერიკელი გოლკიპერი, რაც სურდა იმას აკეთებდა თავის სამფლობელოში. ერთ-ერთ ეპიზოდში იანიკ ჰანსენი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ტომასისთვის ფეხებსშუა შაიბის გატარება მოინდომა, მაგრამ "დათვების" ლიდერი მუხლებზე დაეშვა, კარისკენ ინერციით გასრიალდა და შაიბიანად კარში რომ არ შევარდნილიყო, ხელის არაბუნებრივი მოძრაობით დააფიქსირა შაიბა. ზუსტად ერთ წუთში მაქსიმ ლაპიერმა ახლო მანძილიდან შეუცვალა შაიბას მიმართულება, მაგრამ ტომასმა ამ შემთხვევაშიც მოასწრო რეაგირება. ხანდახან კი ტიმს უმართლებდა, მაგალითად, მესამე პერიოდის შუაში, როცა ალექსანდრ ედლერის უძლიერესი დარტყმა ძელმა მოიგერია.

ამასობაში, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს მოედნის დამცავ ბარიერთან ალექსანდრ ბაროუზმა პატრის ბერჟერონს თითზე უკბინა (!). მეორე ეპიზოდში დენ ჰამჰუისმა იდეალური ძალისმიერი ილეთი გაუკეთა მილან ლუჩიჩს, რომელმაც ჰაერში სალტო გააკეთა და ყინულზე დაენარცხა. ამასობაში ლუჩიჩის თანაგუნდელები საკუთარი ბოთლებიდან რწყავდნენ "ვანკუვერის" მოთამაშეებს. მსაჯები გაძევებების დაფიქსირებას ვერ აუდიოდნენ, მაგრამ ვერც "ბოსტონმა" და ვერც "ვანკუვერმა" რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს.

საერთოდ, "ბოსტონის" მხრიდან ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშება ცალკე სალაპარაკო თემაა. მაგალითად, ორმეტრიანი გიგანტი მცველი ზდენო ხარა რიცხობრივი უპირატესობისას შეტევაში თამაშობდა: შაიბის ჩაგდებისას იბრძოდა, მეკარის მოედანზე გოლკიპერს დარტყმის მომენტს უფარავდა. საერთო ჯამში სლოვაკმა მოედანზე 28 წუთი დაჰყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. "ბრუინზისთვის" ზედმეტი მოთამაშის გამოყენება დიდი პრობლემაა. პირველ პერიოდში სტუმრებს ორი კაცით მეტი ჰყავდათ მოედანზე, მაგრამ ლუონგო შემთხვევით არ არის წარდგენილი სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზზე (რომელსაც მაინც ტომასი მოიგებს) - მან ეს საფრთხეც მოიგერია.

ოვერტაიმის ხილვის საშუალება მოგვისპო ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა რაიან კესლერმა. მან ბოლო წუთზე საშუალო ზონაში შაიბა აართვა ზაქ ბოიჩუკს, რამდენიმე სანტიმეტრით აიცილა თავიდან ოფსაიდი, შემდეგ შესანიშნავი პასი მისცა მეტოქის ზონაში შეჭრილ ჰანსენს, მან კი შორეულ კუთხესთან დადარაჯებული რაფი ტორესი მონახა - 1:0. ტომასის გმირობა წყალში ჩაიყარა, "ვანკუვერი" კი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სტენლის თასს, რომელიც კანადურ კლუბს 18 წელია არ მოუგია.

ვანკუვერი-ბოსტონი 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლი: 1:0 ტორესი-3 (ჰანსენი-5, კესლერი-12).
სერია: 1-0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული