ბოსტონური კოშმარი გაგრძელდა

AutoSharing Option
"ბოსტონ ბრუინზის" ჰოკეისტებმა გაათანაბრეს ფინალურ სერიაში ანგარიში. მეოთხე მატჩი "დათვებმა" "მშრალი" ანგარიშით მოიგეს, შეხვედრის ბოლოს კი გუნდებმა ისევ ვერ აიცილეს თავიდან ჩხუბი. მატჩის გმირები გახდნენ "ბოსტონის" მეკარე ტიმ ტომასი, რომელმაც 38 დარტყმა მოიგერია და დუბლის ავტორი ფორვარდი რიჩ პევერლი.

ბოსტონში მგზავრობა "ვანკუვერისთვის" ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ორივე შეხვედრა წააგო, თანაც შაიბების კატასტროფული შეფარდებით - 1:12. ბოლოს ფინალური სერიის მესამე და მეოთხე მატჩები 10-შაიბიანი (ან მეტი) უპირატესობით 1984 წელს "ედმონტონმა" მოიგო და სტენლის თასის მფლობელი გახდა.

მესამე მატჩში 1:8
წაგების შემდეგ "ვანკუვერის" ჰოკეისტები შეეცადნენ დაევიწყებინათ ის უიღბლო მატჩი და თავიდან თითქოს მოახერხეს ეს. სტუმრები უფრო მეტს ურტყამდნენ, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. სეზონის მსვლელობიდან "ატლანტადან" აყვანილმა პევერლიმ სასტარტო პერიოდის შუაში აჯობა რობერტო ლუონგოს.
მეორე პერიოდშიც თითქმის თანაბარი თამაში მიდიოდა. მაგრამ თუ "ბოსტონის" მეკარე ტიმ ტომასი ყველა დარტყმას იგერიებდა, რობერტო ლუონგოს კვლავ შეექმნა პრობლემები. მაიკლ რაიდერმა და ბრედ მარშანმა მასპინძლების უპირატესობა სოლიდური გახადეს - 3:0.

მესამე 20-წუთეულის სტარტზე პევერლიმ დუბლი გაიფორმა და ცხადი გახდა, რომ "ვანკუვერი" თამაშის გადარჩენას ვეღარ შეძლებდა. მეოთხე გოლის შემდეგ "ვანკუვერის" კარში ლუონგო სათადარიგო კორი შნაიდერმა შეცვალა. სხვათა შორის, უმსხვილესი კანადური გამოცემის - The Globe and Mail-ის რესპოდენტების 59 პროცენტს მიაჩნია, რომ მეხუთე შეხვედრაში "ვანკუვერის" ძირითადი მეკარე სწორედ შნაიდერი უნდა იყოს.

სტუმრები ბოლომდე ეცადნენ ერთი საპასუხო შაიბის გატანას, მაგრამ მხოლოდ ორ გრანდიოზულ ჩხუბს გამოკრეს ხელი. თავდაპირველად მარშანმა და კიტ ბალარდმა იჩხუბეს, მატჩის ბოლოსკენ კი სტუმრების ფორვარდი ალექს ბაროუზი და მეკარე ტომასი შეებნენ ერთმანეთს. "დათვების" მეკარეს დენის საიდენბერგი და ზდენო ხარა გამოექომაგნენ, "ვანკუვერის" მხრიდან კი ბრძოლაში რაიან კესლერი ჩაება.

პირველი, ვინც ბოსტონელებს წარმატება მიულოცა, მათი ტრავმირებული პარტნიორი ნათან ჰორტონი იყო, რომლისთვისაც ეს სერია წინა მატჩში მცველ აარონ რომთან შეჯახების შემდეგ დასრულდა.

"ჩვენ ჯერაც გვაქვს საკუთარი მოედნის უპირატესობა, - განაცხადა მატჩის შემდეგ რობერტო ლუონგომ. - ამის გამო მთელი სეზონის განმავლობაში ვიბრძოდით. შინ ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს პირველ ორ შეხვედრაში გავაკეთეთ".

ინტერესს იწვევს ორი სტატისტიკური მონაცემი. მესამე მატჩის დროს ზეიმი მოუწყვეს "ბოსტონის" პრეზიდენტ კემ ნილს, რომლის რვანომრიანი მაისურა ხმარებიდან ამოიღეს - იმ მატჩში "ბრუინზმა" რვა გოლი გაიტანა. გუშინ ლეგენდარული მცველის ბობი ორის 4-ნომრიანი მაისურა დაკიდეს ადგილობრივი არენის თაღზე... და "ბოსტონმა" 4 გოლი გაიტანა. მეექვსე მატჩში უნდა დაუძახონ რეი ბურკს (ნომერი 77) ან თუნდაც ფილ ესპოზიტოს (ნომერი 7).

და კიდევ, ტიმ ტომასმა მიმდინარე პლეი ოფში 701 დარტყმა მოიგერია, რაც მეორე შედეგია ისტორიაში. პირველ ადგილზეა "ვანკუვერის" გოლკიპერი კირკ მაკლინი, რომელიც 1994 წლის გათამაშებაში 761 დარტყმას გადაეღობა. კიდევ ორი მატჩი და ტიმი, შესაძლოა, ახალი რეკორდსმენი გახდეს.

ფინალი. IV მატჩი
ბოსტონი-ვანკუვერი 4:0
1:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 პევერლი-3 (კრეისი-10, ხარა-7), 2:0 რაიდერი-7 (სეგუინი-4, კელი-8), 3:0 მარშანი-8 (პ. ბერჟერონი-14), 4:0 პევერლი-4 (ლუჩიჩი-7, კრეისი-11).
სერია: 2-2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული