შვედეთი ნიჭიერების ქვეყანაა

AutoSharing Option
NBA-ის დრაფტის შემდეგ ნიჭიერი მოთამაშეების "ბაზრობა" NHL-შიც გაიმართა. მისი მასპინძელი მინესოტა იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დრაფტის საუკეთესო მოთამაშე პირველი ნომერი გახდა. რაიან ნაჯენტ-ჰოპკინსი "ედმონტონ ოილერზმა" აიყვანა. ყველანაირი პროგნოზით ეს ფორვარდი ახალგაზრდა კანადური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს. "ედმონტონში" ბევრი ნიჭიერი ჰოკეისტია - ჯორდან ებერლე, ტეილორ ჰოლი, მაგნუს პააიარვი-სვენსონი... ახლა მათ ნაჯენტ-ჰოპკინსიც დაემატა. "ოილერზი" განწირულია რამდენიმე წლის შემდეგ ლიგაში ლიდერობისთვის.

მეორე ნომრის არჩევის უფლება ჰქონდა "კოლორადოს" და აქაც მოულოდნელობა არ მომხდარა - "ზვავებმა" არჩევანი შვედ გაბრიელ ლანდესკოგზე შეაჩერეს. "კოლორადოში" მიდის
NHL-სთვის ყველაზე მომზადებული მოთამაშე, რომელიც ხუთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, "ეველანშის" კაპიტანი გახდება.

მესამე ნომრად "ფლორიდა" ირჩევდა. "პანტერებს" "ედმონტონმა" და "კოლორადომ" ჯონათან ჰუბერდო დაუტოვეს. ნათან ჰორტონის "ბოსტონში" გაშვების შემდეგ "ფლორიდაში" ცენტრფორვარდების დეფიციტია და ჰუბერდო სწორი არჩევანი იყო. მას უკვე ადარებენ პატრის ბერჟერონსა და ვენსან ლეკავალიეს და გუნდის ლიდერის როლს უწინასწარმეტყველებენ. თუმცა ჰუბერდოს წელს, შესაძლოა, არ მოუწიოს NHL-ში თამაში, რადგან ჯერ ფიზიკურად სუსტია.

მეოთხე ლოგიკური გადაწყვეტილება "ნიუ ჯერსის" ეკუთვნის - მცველი ადამ ლარსონი, რომელიც დარჩენილ მოთამაშეებს შორის საუკეთესო გახლდათ.

რიგში მეხუთე იყო "აილენდერსი", რომელსაც წესით დაცვის გაძლიერებაზე უნდა ეზრუნა და შეეძლო დაგ ჰემილტონი აეყვანა, მაგრამ არჩევანი რაიან სტროუმზე შეაჩერა. ეს ნიჭიერი ცენტრფორვარდი კარგ წყვილს შექმნის ჯონ ტავარესთან. თუმცა დაცვის პრობლემა რჩება და ნიუიორკული კლუბისთვის ჯერ ადრეა პლეი ოფზე ფიქრი.

პირველი სიუპრიზი "ოტავამ" შემოგვთავაზა. მოლოდინისამებრ "სენატორებმა" ცენტრფორვარდი აირჩმეს, მაგრამ შონ კოტურიეზე მაღლა მიკა ზიბანეჯადი დააყენეს, რითაც გააფართოვეს საკუთარი შვედური კოლონია.

შემდეგი არჩევანი აქვს "ვინიპეგს" (მისმა ხელმძღვანელობამ დრაფტის დაწყებამდე გამოაცხადა, რომ კლუბს ძველი სახელწოდება - "ჯეტსი" დაუბრუნეს). ვინ გახდება ახალი გუნდის ისტორიაში პირველი ახალბედა? იმ მომენტისთვის საუკეთესოები იყვნენ კოტურიე და მცველები - ჰემილტონი და რაიან მერფი. "ვინიპეგმა" უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - მარკ შაიფლი აირჩია, რომელიც ჯერ მზად არ არის NHL-სთვის. ისე კი გასულ სეზონში "ბერი კოლტსის" პლეიმეიკერმა 66 მატჩში 75 ქულა (22+35) დააგროვა.

"ფილადელფიას" ჯერი დადგა, რომელმაც დრაფტის ამ არჩევანისთვის თავისი ლიდერი ჯეფ კარტერი შეიწირა. "მფრინავებმა" დრაფტის ყოფილი ფავორიტი კოტურიე მერვე ნომრად აირჩიეს.
მეცხრე ნომრად ირჩევდა სტენლის თასის მფლობელი "ბოსტონი". აქ სიუპრიზი არ ყოფილა - "დათვებმა" დრაფტის ერთ-ერთ საუკეთესო მცველზე დაგ ჰემილტონზე შეაჩერეს არჩევანი, რომელსაც ყველა თვისება აქვს გახდეს ლიგის ელიტური მცველი.

დრაფტის ათეულში მეოთხე შვედი მოხვდა - ეს ქვეყანა ევროპელებს შორის აშკარად დომინირებს ბოლო წლებში. მასპინძელმა "მინესოტამ" მცველ იონას ბროდინს მიანიჭა უპირატესობა.

დრაფტის ტოპ-ათეული:
1. ედმონტონი - რაიან ნაჯენტ-ჰოპკინსი (ფორ)
2. კოლორადო - გაბრიელ ლანდესკოგი (ფორ)
3. ფლორიდა - ჯონათან ჰიუბერდო (ფორ)
4. ნიუ ჯერსი - ადამ ლარსონი (მცვ)
5. აილენდერსი - რაიან სტროუმი (ფორ)
6. ოტავა - მიკა ზიბანეჯადი (ფორ)
7. ვინიპეგი - მარკ შაიფლი (ფორ)
8. ფილადელფია - შონ კოტურიე (ფორ)
9. ბოსტონი - დაგ ჰემილტონი (მცვ)
10. მინესოტა - იონას ბროდინი (მცვ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული