მატება დიდების დარბაზში

AutoSharing Option
კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართა ჰოკეის ეროვნული ლიგის დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ცერემონია. ლიგის ლეგენდების გვერდით დადგნენ წარსულში ცნობილი მეკარე ედ ბელფური, მცველი მარკ ჰოუ და ფორვარდები - დუგ გილმორი და ჯო ნიუვენდაიკი.

ბელფურს ხუთ კლუბში - "ჩიკაგოში", "სან ხოსეში", "დალასში", "ტორონტოსა" და "ფლორიდაში" უთამაშია. მან ლიგაში 963 მატჩი ჩაატარა და მესამე ადგილზეა NHL-ში მოგებული მატჩების რაოდენობით - 484. 1999 წელს "დალასის" შემადგენლობაში ბელფურმა სტენლის თასი მოიგო.

ლეგენდარული გორდი ჰოუს ვაჟმა - მარკმა NHL-ში 16 სეზონი ჩაატარა "ჰარტფორდის", "ფილადელფიასა" და
"დეტროიტის" რიგებში. მის ანგარიშზე 929 მატჩში 197 შაიბა და 545 შედეგიანი პასი მოდის.

გილმორმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში შვიდი კლუბის - "სენტ ლუისის", "კალგარის", "ტორონტოს", "ნიუ ჯერსის", "ჩიკაგოს", "ბაფალოსა" და "მონრეალის" ღირსება დაიცვა. მისი მონაგარი 1474 მატჩს, 450 გოლსა და 964 შედეგიანი პასს უდრის. 1989 წელს გილმორმა "კალგარის" რიგებში სტენლის თასი მოიპოვა.

"დალასის" დღევანდელმა გენერალურმა მენეჯერმა ნიუვენდაიკმა "კალგარის", "დალასის", "ნიუ ჯერსის", "ტორონტოსა" და "ფლორიდას" რიგებში 1257 მატჩი ჩაატარა და 1126 ქულა (564+562) დააგროვა. 1989, 1999 და 2003 წელს მან სამ სხვადასხვა კლუბში მოიგო სტენლის თასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული