იაგრი შინ დაბრუნდა

AutoSharing Option
პრაქტიკულად გადაწყვეტილია ლეგენდარული ჩეხი ფორვარდის იარომირ იაგრის "პიტსბურგში" გადასვლა. თავდამსხმელი 10-წლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება კლუბში, სადაც 11 ბრწყინვალე სეზონი გაატარა.

მომავალ სეზონში იაგრი 1.4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. კონტრაქტი ერთწლიანია. ოფიციალურად გარიგების შესახებ დღეს გამოცხადდება, როცა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თავისუფალი აგენტების ბაზარი გაიხსნება.

ეს ინფორმაცია ამერიკულ პრესაში გუშინ გავრცელდა. ჰოკეისტის აგენტისგან პეტრ სვობოდასგან ცნობილი გახდა, რომ 39 წლის იაგრი ამერიკაში გაემგზავრა, რათა პირადად მოაწეროს ხელი კონტრაქტს.

"ის "პიტსბურგის" სიმბოლო იყო. და დიდი იმედი გვაქვს, რომ თამაშს ჩვენს ქალაქში დაასრულებს", - ამბობს
"პინგვინზის" გენერალური მენეჯერი რეი შერო.

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში იაგრმა 1273 მატჩი ჩაატარა და 1599 ქულა დააგროვა (მეცხრე შედეგი ლიგის ისტორიაში). ჩეხის ანგარიშზე 646 შაიბა მოდის. თუ ის მომავალ რეგულარულში 47 შედეგიანი გადაცემის შესრულებას შეძლებს (საუკეთესო წლებში ეს მაჩვენებელი 87 გადაცემამდე ადიოდა), ის "ათასიანთა" არაოფიციალურ კლუბში გაწევრიანდება.

სტენლის თასის გათამაშებაში იაგრი ასევე ქულაზე მეტს აგროვებდა საშუალოდ მატჩში. 169 შეხვედრაში მისი მონაგარი 77 შაიბაა. "პიტსბურგთან" ერთად ის NHL-ში თავის პირველ ორ სეზონში (1991, 1992) ორჯერ გახდა სტენლის თასის მფლობელი - მაშინ იუნიორი ჩეხი ლეგენდარული მარიო ლემიეს მხარდამხარ თამაშობდა. "პინგვინზში" გატარებული 11 სეზონის შემდეგ იაგრი თავიდან "ვაშინგტონში" გადავიდა, შემდეგ "ნიუ იორკ რეინჯერსში", თუმცა იქ განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევია.

ამის შემდეგ იაგრმა სამი სეზონი ითამაშა რუსეთის "ავანგარდში". ამავე გუნდში ირიცხებოდა ის 2004-05 წლების სეზონში, როცა NHL-ში ლოკაუტის გამო ჩემპიონატი გაუქმდა. "ავანგარდში" მან ჯამში 224 მატჩი ჩაატარა და 217 ქულა (93+124) დააგროვა. წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ ომსკურმა კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა იარომირს, მაგრამ მან ამერიკაში გამგზავრება არჩია.

არანაკლებ ბრწყინვალე კარიერა აქვს იაგრს ჩეხეთის ნაკრებში, რომლის რიგებში დებიუტი მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე ჰქონდა. 1998 წელს ის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 2005 და 2010 წლებში - მსოფლიოს ჩემპიონი. წელს კი პლანეტის პირველობაზე ხუთი შაიბა გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფორვარდად დაასახელეს.

დავამატებთ იმას, რომ იაგრზე პრეტენზიას "დეტროიტ რედ უინგზიც" აცხადებდა. იყო ერთი ეგზოტიკური ვარიანტიც: მშობლიური ქალაქის კლუბ "კლადნოში" დაბრუნება. ამ გუნდის პრეზიდენტი იარომირის მამა გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული