მესამე ტრაგედია ლიგაში

AutoSharing Option
კანადელი ჰოკეისტი უეიდ ბილაკი, რომელიც ჰოკეის ეროვნულ ლიგაში "კოლორადოს", "კალგარის", "ტორონტოს", "ფლორიდასა" და "ნეშვილის" ღირსებას იცავდა, 31 აგვისტოს ტორონტოში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს. ბილაკი, რომელმაც 2011 წლის მარტში დაასრულა კარიერა, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა სიკვდილის მიზეზი. 30 აგვისტოს ბილაკი ყოფილმა ჰოკეისტმა ტროი კალერმა ნახა. მისი თქმით, უეიდი ბარში მეგობრებთან ერთად იყო და იქიდან გამოსულს სიმთვრალე არ ეტყობოდა.
ბილაკმა NHL-ში 549 მატჩი ჩაატარა, 33 ქულა და 1263 საჯარიმო წუთი დააგროვა. ვებგვერდ hockeyfights.com-ის ინფორმაციით, ჰოკეისტმა კარიერაში 136-ჯერ იჩხუბა ყინულზე.
2011-12 წლების სეზონში ბილაკს "ნეშვილის" მატჩებზე ტელერეპორტიორად უნდა ემუშავა.

ბილაკი NHL-ის მესამე მოთამაშეა, ვინც ბოლო თვეებში გარდაიცვალა. აგვისტოში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს "ვინიპეგის" 27 წლის ჰოკეისტი რიკ რიპიენი. მაისში გარდაიცვალა "ნიუ იორკ რეინჯერსის" ყოფილი მოთამაშე დერეკ ბუგარდი, რომელიც 28 წლის იყო.

* * *
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ "ბოსტონის" ერთ-ერთი ლიდერი მარკ სავარი მალე დაასრულებს კარიერას. "ბრუინზის" გენერალური მენეჯერის პიტერ ჩიარელის თქმით, ჯერ ლაპარაკია მომავალი სეზონის გამოტოვებაზე, რაც შეეხება დიდი სპორტიდან წასვლას, ეს საკითხი მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა გენერალური მენეჯერი ამ შემთხვევაშიც ნეგატიურად არის განწყობილი.

"ბოსტონის" ფორვარდმა ბოლო წელიწადნახევარში ორჯერ მიიღო ტვინის შერყევა, რამაც სავალალო შედეგამდე მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ 34 წლის სავარს "დათვებთან" ექვსწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა, რომლის მიხედვითაც მისი ყოველწლიური ხელფასი 4 მილიონი დოლარი იყო.

NHL-ში ფორვარდმა 832 მატჩი ჩაატარა და 728 ქულა (215+513) დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული