არადა, ამ გუნდმა სეზონი თავისი ლიდერის სიდნი კროსბის გარეშე დაიწყო, გარდა ამისა, ბოლო ორი შეხვედრაა "პინგვინებს" ვერ ეხმარება მეორე წამყვანი ფორვარდი ევგენი მალკინი.
"პიტსბურგისთვის" ეს იყო პირველი საშინაო შეხვედრაა ახალ სეზონში და მასპინძლებმა ის აღმავლობით ჩაატარეს. "პინგვინზი" მუდმივად წინ იყო და ეჭვი არავის შეპარვია მის გამარჯვებაში. ანგარიში მე-15 წუთზე პასკალ დუპუიმ გახსნა, მეორე პერიოდის
40 წამში ფლორიდელებმა გაქვითეს ერთი შაიბა - თავი გამოიჩინა მარსელ გოკმა, თუმცა სამ წუთში "პიტსბურგმა" აღადგინა ორშაიბიანი უპირატესობა - რიჩარდ პარკმა გამოიყენა კრეიგ ადამისის პასი და მესამე პერიოდის წინ ანგარიში 3:1 გახდა.
მესამე პერიოდში გუნდებმა თითო შაიბა გაცვალეს. მე-4 წუთზე "ფლორიდამ" დაიტოვა მატჩის გადარჩენის შანსი, როცა ტომაშ ფლიშმანმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც მასპინძელთა გუნდმა თქვა. კერძოდ, კრის კუნიცისა და ჯორდან სტაალის კომბინაციის შემდეგ ჯეიმს ნილმა გაიტანა და "პიტსბურგმა" მორიგი შეხვედრა 4:2 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ სტარტზე ოთხიდან სამი მოგება ბოლო 17 წლის განმავლობაში "პიტსბურგისთვის" სეზონის საუკეთესო დასაწყისია.
* * *
ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორი მატჩი წააგო "მინესოტამ", რომელიც სტუმრად თამაშობდა "ოტავას" წინააღმდეგ. კანადელი "სენატორები" ამ მატჩს ორიდან ორი წაგებით შეხვდნენ და ამჯერადაც ახლოს იყვნენ დამარცხებასთან. "მინესოტამ" კარგად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ 2:0-ს იგებდა.
ანგარიში მეცხრე წუთზე კაილ ბროძიაკმა გახსნა, პერიოდის მიწურულს კი "სან ხოსედან" შეძენილმა დევინ სეტოგუჩიმ ორშაიბიანი უპირატესობა მოუტანა "ველურებს".
მეორე პერიოდში მხოლოდ ერთი შაიბა გავიდა - კრის ნილისა და პიტერ რეგინის აქტიურობის შემდეგ "ოტავას" მატჩის გადარჩენის შანსი ნიკ ფოლინომ დაუტოვა. მაგრამ დაიწყო მესამე პერიოდი და "მინესოტა" ისევ ორი შაიბით დაწინაურდა - მეორე წუთზე სტუმრების მხრიდან ნიკ ჯონსონმა გამოიჩინა თავი და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა თავის გუნდს - 3:1.
თუმცა "მინესოტამ" ვერ გაძლო. ამ გუნდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ორწუთიანი მონაკვეთი, როცა კრის ნილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი "ოტავამ" პირველად ამ მატჩში რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება შეძლო. ეს გააკეთა კოლინ გრინინგმა. ამ გოლში მონაწილეობა მიიღო შვედმა ერიკ კარლსონმა, რომელიც ხუთი შედეგიანი პასით სეზონის ლიდერი გახლავთ.
დარჩენილ დროში და ოვერტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და დაინიშნა ბულიტების სერია, რომელიც "ოტავამ" ბრწყინვალედ ჩაატარა - "სენატორების" სამმა ჰოკეისტმა - მიხალეკმა, სპეცამ და ალფრედსონმა გაიტანეს პენალტები, რასაც "მინესოტამ" მხოლოდ კულენის გოლით უპასუხა და "ოტავამ" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.
პიტსბურგი-ფლორიდა 4:2
1:0, 2:1, 1:1
გოლები: 1:0 დუპუი-1 (ვიტალე-1, ლეტანგი-5), 2:0 მ. კუკი-3 (ვიტალე-2, დუპუი-3), 2:1 გოკი-1 (სკილი-1, ვივერი-1), 3:1 პარკი-1 (ადამსი-1), 3:2 ფლიშმანი-1 (ვეისი-1, ვერსტიგი-2), 4:2 ჯ. ნილი-2 (ჯ. სტაალი-3, კუნიტცი-1).
ოტავა-მინესოტა 4:3 (ბ)
0:2, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 ბროძიაკი-1 (სტოუნერი-1), 0:2 სეტოგუჩი-2 (მ. კოივუ-2, ჰიტლი-2), 1:2 ფოლინო-1 (რეგინი-1, კ. ნილი-1), 1:3 ნ. ჯონსონი-1, 2:3 კ. ნილი-1 (რეგინი-2, კ. ფილიპსი-2), 3:3 გრინინგი-2 (მ. მიხალეკი-2, ე. კარლსონი-5).
ბულიტები გაიტანეს: მ. მიხალეკი (ოტავა), კულენი (მინესოტა), სპეცა (ოტავა), ალფრედსონი (ოტავა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"