"მონრეალმა" ნავსი გატეხა

AutoSharing Option
გუშინ, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში სამი მატჩი გაიმართა, სამივე კანადის ტერიტორიაზე. "მონრეალ კანადიენსმა", როგორც იქნა, შეწყვიტა წაგებათა სერია, რომელიც ექვს მატჩს უდრიდა. კანადურმა კლუბმა ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი სტარტი აიღო - რვა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა.

"მონრეალმა" ნავსი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გატეხა - "ფილადელფია" ამ შეხვედრას რვიდან ხუთი მოგებით შეხვდა. ანგარიშიც სწორედ სტუმრებმა გახსნეს - ჩეხმა ვეტერანმა იარომირ იაგრმა ბოლო ორ მატჩში მესამე გოლი გაიტანა და "ფილადელფია" დააწინაურა.
ამის შემდეგ გოლებს მხოლოდ მონრეალელები იტანდნენ. გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი
ახალგაზრდა მაქს პასიორეტიმ შეიტანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. გარდა ამისა, "ფილადელფიას" განადგურებაში მონაწილეობა მიიღეს კამალერიმ, კოსტიცინმა და უებერმა. ორ-ორი საგოლე პასი ჩაიწერეს აქტივში ჯოშ ჯორჯესმა და დავიდ დეშარნემ.

"კოლორადო ეველანში" ალბერის პროვინციას ეწვია და თანადივიზიონელ მტერს "კალგარი ფლეიმზს" დაუპირისპირდა. შარშან, კანადური კლუბი ექვსჯერ შეხვდა "კოლორადოს" და ხუთჯერ მოუგო, თანაც ერთ-ერთი "ეველანშის" ისტორიაში შევიდა, როგორც ანტირეკორდი, რადგან "ზვავებმა" რვაშაიბიანი სხვაობით წაგება მოახერხეს - 1:9. ასე რომ, სტუმრები ორმაგი მოტივაციით გადიოდნენ ყინულზე.

მოტივაცია "კალგარისაც" ჰქონდა, რომელმაც "მონრეალის" მსგავსად ჩააგდო სეზონის დასაწყისი და ახალი ლიდერების დაწევას ცდილობს.

მასპინძლები არ დააფრთხო პირველმა გაშვებულმა გოლმა და რენე ბურკის დუბლისა და ახალბედა რომან ჰორაკის წარმატებული თამაშის წყალობით შეწყვიტეს "კოლორადოს" სტუმრად ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.

ერთადერთი კანადური კლუბი, რომელმაც იმ საღამოს ვერ მოიგო, სტენლის თასის შარშანდელი ფინალისტი "ვანკუვერ კენაქსი" იყო. მან შინ 0:3 წააგო "სენტ ლუისთან", რომლისთვისაც ეს იყო ზედიზედ მესამე გამარჯვება. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ალექსანდრ სტინმა, რომელმაც დუბლი ჩაიწერა აქტივში. ორი საგოლე პასი მოდის კევინ შატენკირიკის ანგარიშზე.

არ დავივიწყოთ მეკარეების თამაში: იაროსლავ ჰალაკის შემცვლელმა ბრაიან ელიოტმა 32 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მეათე "შათაუტი" შეასრულა. სხვათა შორის ეს ელიოტის მეოთხე მოგებაა სეზონში. ცუდად არც რობერტო ლუონგოს დუბლიორს კორი შნაიდერს უთამაშია - მან 28 დარტყმა მოიგერია, მაგრამ თავისი გუნდი მაინც ვერ გადაარჩინა.

მონრეალი-ფილადელფია 5:1
1:1, 2:0, 2:0
გოლები: 0:1 იაგრი-3 (მ. კარლი-4, ჰარტნელი-4), 1:1 ი.უებერი-2 (დეშარნე-3), 2:1 ა. კოსტიცინი-3 (შპაჩეკი-1, პასიორეტი-5), 3:1 პასიორეტი-3 (ჯორჯესი-4, სუბანი-3), 4:1 პასიორეტი-4 (პლეკანეცი-4, ჯორჯესი-5), 5:1 კამალერი-3 (დეშარნე-4, ე. კოული-2).

კალგარი-კოლორადო 4:2
1:1, 2:0, 1:1
გოლები: 0:1 ქუინსი-2 (პ. შჩასტნი-5, ე. ჯონსონი-6), 1:1 ჰორაკი-1 (ტანგეი-7, იგინლა-2), 2:1 სტემპნიაკი-1 (ჰორაკი-2, ჰაგმანი-3), 3:1 რ. ბურკი-4 (ბაბჩუკი-2, ბოუმისტერი-2), 3:2 რაიან უილსონი-1 (ლანდესკოგი-2, ვინიკი-2), 4:2 რ. ბურკი-5 (ო. იოკინენი-5, მოსი-2).

ვანკუვერი-სენტ ლუისი 0:3
0:0, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 სტინი-4 (შატენკირკი-3, არნოტი-5), 0:2 სტინი-5 (დ'აგოსტინი-2, ბეკსი-2), 0:3 ბერგლუნდი-3 (შატენკირკი-4, ოში-4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული